ღონისძიების წამყვანმა თემურ ჯაფარიძემ დასაწყისში სცენაზე საქართველოს ნაკრების მოძღვარს, მამა ილიას უხმო, რომელმაც ჩვენი გუნდი და მთლიანად სარაგბო თემი, საქართველო დალოცა. მერე სიტყვა რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს გადაეცა.
"მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც განვლილ სეზონში მუხლჩაუხრელად იშრომა. ნელ-ნელა წინ მივიწევთ, ვვითარდებით. მომავალი 2015 წელიწადი გარდამტეხი იქნება ჩვენი რაგბის ისტორიაში. ინგლისში გასამართავი მსოფლიოს თასის გათამაშებაში ბევრი რამ გვექნება
ჩვენი, ქართული რაგბის თემის მთავარი იარაღი ერთად ყოფნაა. ეს ის ძირითადი თვისებაა, რაც სხვა თემებიდან გამოგვარჩევს. რაც უნდა ვიკამათოთ, ვიდავოთ, კრიტიკულ მომენტში ერთად ვდგებით და ერთმანეთი გაგვაქვს. სამშობლოს სიყვარული და თავდადება ჩვენი უმთავრესი თვისებაა. ეს უნდა შევინარჩუნოთ". - თქვა მან.
ნომინაციებში გამარჯვებულების დასახელებამდე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "არმაზის" მწვრთნელის, დავით ვართანიანის ხსოვნას.
ამის შემდეგ შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ სათადარიგო გუნდების გათამაშებაში გამარჯვებულ თბილისის "ლელოს", პირველი ლიგის საუკეთესო თბილისის "თიბიესს", შვიდკაცა რაგბის ჩემპიონს - რუსთავის "ხარებს". საქართველოს ჩემპიონატში კი საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: 1. თბილისის "ლელო", 2. "არმია", 3. თბილისის "ლოკომოტივი".
სპეციალური პრიზით დააჯილდოეს პირველი ქართველი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ნოდარ კაჭარავა, რომელსაც ახლახან 80 წელიწადი შეუსრულდა.
ამას საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების დასახელება მოჰყვა.
სიმბოლური ნაკრები
15. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), 14. ირაკლი გეგენავა (ყოჩები), 13. გიორგი ფრუიძე (აია), 12. გიგა გაგოშვილი (არმია), 11. ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები). 1. გიორგი სანიკიძე (ლელო), 2. დავით ხიდეშელი (ყოჩები), 3. დავით გურგენიძე (არმია), 4. მიხეილ არჩუაშვილი (არმია), 5. სანდრო ქოიავა (ლელო), 6. გიორგი თხილაიშვილი (არმია), 7. ელგუჯა სურგულაძე (ლელო), 8. ბექა ბიწაძე (არმია).
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მექულე "ლელოს" ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი გახდა, რომელმაც 223 ქულა მიითვალა.
საუკეთესო მელელოვე კი "არმიას" გარემარბი ალექსანდრე ტუჩაშვილია. მან ცხრა ლელო გაიტანა.
საუკეთესო მსაჯად ნიკოლოზ ამაშუკელი დაასახელეს. სეზონის საუკეთესო მწვრთნელი კი ჩემპიონის, თბილისის "ლელოს" თავკაცი ლევან მაისაშვილი გახდა.
ქალთა შორის ყველას ანა პოღოსიანმა აჯობა.
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ "ლელოსა" და "ბორჯღალოსნების" მგეზავი ლაშა ხმალაძე დაასახელეს.
დაჯილდოების ცერემონიალის კულმინაციად საქართველოს საუკეთესო მორაგბის დასახელება იქცა.
ეს პრიზი საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "ორიაკის" შუამარბ მერაბ შარიქაძეს ხვდა წილად.
"მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი დაფასებისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში" - თქვა მან.
ცერემონიალის დასასრულ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ ერთი სევდიანი ამბავი გააცხადა: საქართველოს ნაკრებში კარიერა დაასრულა გუნდის კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა, რომელსაც გაცილებას მომავალი წლის ერთა თასზე მოუწყობენ. მან ეროვნულ გუნდში 73 კეპი მოიხვეჭა და 24 ლელო გაიტანა. არის სამი მსოფლიოს თასის (2003, 2007, 2011 წლები) მონაწილე.
გიორგი ნიჟარაძემ მას გადასცა წმინდა გიორგის მედალიონი, რომელზეც ირაკლი მაჩხანელის სახელი და გვარი, ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობაა ამოტვიფრული. ანალოგიური მედალიონი აქამდე მხოლოდ ირაკლი აბუსერიძეს ჰქონდა.
"მივიღე გადაწყვეტილება, სანაკრებო კარიერა დავასრულო. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ეროვნულ ნაკრებში ამდენი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი. 2015 წლის მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნებს" წარმატებას ვუსურვებ" - თქვა ირაკლი მაჩხანელმა.
საუკეთესო მექულე: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) - 223 ქულა.
საუკეთესო მელელოვე: ალექსანდრე ტუჩაშვილი (არმია) - 9 ლელო
საუკეთესო მსაჯი: ნიკოლოზ ამაშუკელი
საუკეთესო მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი (ლელო)
საუკეთესო ქალი მორაგბე: ანა პოღოსიანი
ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე: ლაშა ხმალაძე (ლელო)
საქართველოს საუკეთესო მორაგბე: მერაბ შარიქაძე (ორიაკი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"