განვლილი ეტაპის შეჯამებასთან ერთად, "ხარების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მგელაძემ ჟურნალისტებს და ერთგულ გულშემატკივარს რუსთავში სტუმრად მყოფი დაღესტნის "არწივების" ახალგაზრდული გუნდიც წარუდგინა.
ეს გუნდი საქართველოში საწვრთნელი შეკრების გასავლელად ჩამოვიდა და რუსთავში 5 დღეს დაჰყოფს. ამასთან ერთად, დაღესტნელი მორაგბეები 14 მარტს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩს დაესწრებიან და, როგორც აღნიშნეს, კარგ რაგბის უგულშემატკივრებენ.
"საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ. ახლა ბიჭები ჩამოვიყვანე იმის სანახავად, თუ რა არის
"დაღესტნის "არწივებთან" ორი წელიწადია ურთიერთობა გვაქვს. მათ გარდა, რუსთავში თურქებს და აზერბაიჯანელებსაც სურთ ჩამოსვლა. ჩვენ უნდა გავხდეთ ცენტრი კავკასიაში რაგბის განვითარების. გარდა ამისა, ჩვენთან მუდმივი კონტაქტი აქვთ პოლონურ გუნდებს.
რაც შეეხება პლეი ოფს, ორი თამაში დაგვრჩა და ამ მომენტისთვის ისეთი სიტუაციაა, რომ იქ მოხვედრა არ უნდა გაგვიჭირდეს. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი და მერე ღირსეული თამაში. დღეში ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ბიჭების საქმისადმი დამოკიდებულებას რომ ვხედავ, იმედიანად ვარ, თუმცა ხშირად ეს განწყობა თამაშებზე იკარგება.
მეტი შეგვიძლია. "ბათუმთან" და "არმაზთან" უნდა მოგვეგო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო 5-6 მოთამაშე რომ დაგვაკლდა, ეს აშკარად დაგვეტყო. ქუთაისთან ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ და იმედია, ეს მატჩი "ხარებისთვის" სასურველი შედეგით დასრულდება" - დასძინა რუსთაველთა თავკაცმა ლევან მგელაძემ.
"გვაქვს შესანიშნავი სარაგბო ბაზა და საშუალება იმისა, რომ სტუმრები მივიღოთ. კავკასიაში რაგბისადმი ინტერესი ახლა გაღვივდა, მეზობლებს აინტერესებთ ქართული რაგბის სტილი და ჩვენც მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ" - აღნიშნა რუსთავის "ხარების" დირექტორმა დავით კაკაბაძემ.
რუსთაველმა ჭაბუკმა მორაგბეებმა დაღესტნელ "არწივებთან" საწვრთნელი მატჩიც გამართეს.
ნათია ჯიოშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"