ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, საბერძნეთის, ისრაელის და მალტის ქალთა ნაკრებები, ასევე, შვედური კლუბი Mama's Girls-ი.
პირველი სატურნირო დღე ჩვენი გამარჯვებით დაიწყო და ორი თამაში დიდი სხვაობით მოვუგეთ ჯერ მალტას - 34:0, შემდეგ კი მასპინძელ საბერძნეთს - 36:0. თუმცა ამ შემართების შენარჩუნება დიდხანს ვერ შევძელით, რადგანაც ისრაელთან მატჩში 5:12 დავმარცხდით, ხოლო შვედურ კლუბთან ფრეს დავჯერდით - 5:5.
ფინალი ბევრად უფრო დაძაბული გამოდგა, თუმცა ისრაელის გუნდს 7:5 მოვუგეთ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ანა პოღოსიანი დაასახელეს.
"გოგონების გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა და სიხარული მოგვიტანა. გამოვცადეთ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებიც სამომავლოდ დიდი წარმატების მოტანას შეძლებენ. პირველ დღეს სუსტად თამაშის მერე გოგონებმა შეძლეს და რადიკალურად განსხვავებული, დახვეწილი რაგბი აჩვენეს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი მოსამზადებელი ტურნირი იყო, გუნდის თამაშს დადებითად ვაფასებ" - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე ჩვენი ნაკრები კიდევ სამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ესენია: გენტის საერთაშორისო ტურნირი (3-6 აპრილი), ნანსის საერთაშორისო ტურნირი (16-17 მაისი) და ამსტერდამ სევენსი (23-24 მაისი).
საქართველოს ნაკრები
ანა პოღოსიანი, ნინო ელოშვილი, ქრისტინე გვაზავა, სალომე საღარაძე, სალომე მაკასარაშვილი, თამარ ბეიტრიშვილი, ნინო ტაბატაძე, ანა კვაჭაძე, ანა ანდღულაძე, ბელა გოგსაძე, ნათია ცინცქილაძე.
რაგბის კავშირის პრესსამსახური
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"