სახელოვანი ახლზელანდიელი თბილისში ვიზიტისას საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს შეხვდა. მანამდე კი ჟურნალისტებთან "თბილისი მერიოტში" პრესკონფერენცია გამართა.
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"ჩვენთვის დიდი პატივია შონ ფიცპატრიკის სტუმრობა. ის მსოფლიოს რაგბიში დარჩა, როგორც ახალი ზელანდიის ნაკრების
საქარველოს რაგბის კავშირი შონ ფიცპატრიკს ლევან ვასაძის დახმარებით დაუკავშირდა, რომელთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვს, რისთვისაც მას მადლობა გვინდა გადავუხადოთ.
ჩვენ შევთავაზეთ შონს "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს" შექმნაში დახმარება გაეწია. გვინდა შევკრიბოთ იმ ადამიანთა ჯგუფი, ვინც ქართული რაგბის განვითარებაში წვლილს შეიტანს. ეს ადამიანები იქნებიან ჩვენი ელჩები საერთაშორისო არენაზე და თავის ცოდნა-გამოცდიელბას გაგვიზიარებენ.
დღესდღეობით "საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში" ორი ადამიანია, შონ ფიცპატრიკი და რიჩი დიქსონი."
შონ ფიცპატრიკი:
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ქართული რაგბის თემის სტუმარი. საქართველო ძალიან ჰგავს ახალ ზელანდიას, უბრალოდ, ჩვენ ცოტა უფრო ბევრი ცხვარი გვყავს.
როდესაც შეთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია. რაგბის მხარდაჭერისთვის საქართველოზე უკეთესი ქვეყნის არჩევა, ვფიქრობ, შეუძლებელია. ყველაფერს ვიღონებ, რომ ქართული რაგბის შესახებ ხმა მთელ მსოფლიოს მივაწვდინო.
ჩემთვის იოლი იქნებოდა ახალ ზელანდიაში ან ინგლისში დარჩენა, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში რაგბის განვითარება და მასში გარკვეული წვლილის შეტანა.
ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ნაკრებმა მესამედ მოიპოვა მსოფლიოს თასის საგზური და სექტემბერში ახალ ზელანდიაში გვეწვევა. ქართულ რაგბისთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი მოგონება, 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების ის მატჩია, რომელშიც ირლანდიის ნაკრებს თითქმის მოუგო.
რიჩი დიქსონთან ერთად ჩემი მიზანია, რომ საქართველოსნაირმა ქვეყნებმა რაგბი უფრო უკეთ ითამაშონ, განვითარდნენ. ქართულ რაგბისთან ჩემი სახელის დაკავშირებით, ვფიქრობ, მისადმი ინტერესი გაიზრდება. მე თქვენთან ვიქნები მანამ, სანამ საქართველოს ნაკრები "ოლ ბლექსს" საფრთხეს არ შეუქმნის.
საამისოდ კი ძალიან ბევრი და სწორი მიმართულებით შრომაა საჭირო. ახალგაზრდა მორაგბეებზე ზრუნვით და ჩვეული ჟინით თამაშით, მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა მალე გახდება შესაძლებელი."
რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
"აღფრთოვანებული ვართ, რომ შონ ფიცპატრიკი გვეწვია. ასეთი დონის პიროვნების დაინტერესება იმის ნიშანია, რომ ქართული რაგბი ყოველმხრივ ვითარდება, ავტორიტეტს იხვეჭს. ის ყველაზე გამორჩეული "ოლ ბლექსი" იყო და, ვფიქრობ, მისი გამოცდილება ჩვენთვის ფასდაუდებელი იქნება."
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ახალზელანდიელ სტუმარს საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართი უსახსოვრა. სასტუმრო "თბილისი მერიოტიდან" სტუმარი "შევარდენის სანაკრებო ბაზის" დასათვალიერებლად წაიყვანეს. იქ იმ დროს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 18-წლამდელთა გუნდთან სპარინგ მატჩს მართავდა. შონ ფიცპატრიკმა ორივე გუნდთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღი და სიტყვით მიმართა.
"ახალი ზელანდიის ნაკრებში 12 წელიწადი ვითამაშე. მანამდე, ისევე როგორც თქვენ, 18-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებების წევრი ვიყავი. მაშინ ნათლად მქონდა გაცნობიერებული, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევით შანსი მომცეს. ყველაფერი ვიღონე და ეს შანსი გამოვიყენე. თქვენ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრები ხართ. ეს თქვენი შანსია, გამოიყენეთ ის. შესაძლოა, ამან თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.