ილია ზედგინიძე: შემიძლია ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთო

AutoSharing Option
24 იანვარს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს რაგბის კავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა ჩატარდება.

აქამდე პრეზიდენტობის კანდიდატი ერთი იყო - რაგბის კავშირის გამგეობის მოქმედი თავმჯდომარე გოჩა სვანიძე. გუშინ საქართველოს ჩემპიონატის რეგიონლიგის გუნდმა, ქედას "ფირალებმა", რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილი წევრია, პრეზიდენტობის კანდიდატად "ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტანი და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ილია ზედგინიძე წარადგინა.

ილია ზედგინიძემ სარაგბო კარიერა თბილისის "რაშებში" დაიწყო. იქამდე კი წყალბურთით იყო გატაცებული. მალე სხვა ქართველ "ბორჯღალოსნებთან" ერთად ისიც საფრანგეთში გადაბარგდა, სადაც რამდენიმე კლუბი გამოიცვალა. ამათგან გამორჩეული "ბეზიე", "ტულონი" და
"ოში" იყო. ერთი სეზონი ილიამ იტალიურ "როვიგოში" გაატარა.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოს ნაკრების კაპიტანი 2002 წელს გახდა და "ბორჯღალოსნებს" წინ 2003 და 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში წარუძღვა. მან 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზეც იასპარეზა მეორეხაზელის პოზიციაზე. იქამდე მისი სათამაშო ამპლუა მესამე ხაზი (N8) იყო.

2012 წლიდან, რაც მორაგბის კარიერა დაასრულა, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა და 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში "ბორჯღალოსნების" წარმატებაში შეიტანა თავისი წვლილი.

"რაგბის კავშირის პრეზიდენტობა იმიტომ მინდა, რომ შემიძლია ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთო. შესაცვლელი და განსავითარებელი ბევრია.

ჩემი მიზანია, რომ ორივე გუნდი შეიკრას და ყველამ ერთად იმუშაოს რაგბის განვითარებისთვის. ჩემი მოტივაცია ისაა, რომ ყველამ შეძლოს თავისი პოტენციალის გამოყენება, რათა ქართული რაგბი წინ წავიდეს", - თქვა ილია ზედგინიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად გოჩა სვანიძე 30 დეკემბერს 16-მა კლუბმა წარადგინა. ესენია: თბილისის "ლელო", ქუთაისის "აია", "არმია", თბილისის "აკადემია", ბოლნისის "ყოჩები", თბილისის "ლოკომოტივი", გორის "ჯიქი", სენაკის "ჯიხა", ქუთაისის სარაგბო სკოლა, ჭიათურის "იმერეთი", საჩხერის "ჯრუჭი", თბილისის "დინამო", ფოთის "რაინდები", კიკეთის "იუნკრები", ქუთაისის "უნივერსიტეტი" და თბილისის "დევები".

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენის ვადა 18 იანვარს, 13 საათზე იწურება.

დოსიე
ილია ზედგინიძე
დაიბადა: 20.11.1977
სარაგბო კარიერა: თბილისის "რაშები", "ბეზიე", "ტულონი", "ექსი", "ოში", ორლეანი", "სენ რაფაელი" და "როვიგო" (იტალია).
მსოფლიოს თასზე - 2003, 2007, 2011 წლები
საქართველოს ნაკრების კაპიტანი - 2003 და 2007 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებაში.
სულ კაპიტანი იყო ნაკრების 37 მატჩში
მოიხვეჭა 66 კეპი, მიითვალა 65 ქულა (13 ლელო).
განათლება: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო სამართალი
ნიცას უნივერსიტეტი - ბოზნესის მასტერის ხარისხი.
საქმიანობა: 2012 წლიდან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
კერძო სამშენებლო კომპანია საფრანგეთში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაწერეთ ისიც რომ ფლობს 6 უცხო ენას
გიო123
09:17 16-01-2016
0
ის დიდი პატივისცემა რომელიც მქონდა ამ ხალხის (კანდიდატები) მიქრება, გამარჯვების შემთხვევაში მუდმივად მექნება ეჭვი იმის რომ პირადი სიმპატიის მიხედვით ნაკრებში კანდიდატის მოხვედრაზე
0

სიახლეები პოპულარული