ყრილობაზე, რომელშიც მონაწილეობას რაგბის კავშირის 37 ნამდვილი წევრი იღებდა (ხმების საერთო რაოდენობით 68), ხმების უმრავლესობით, 35 ხმა 32-ის წინააღმდეგ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს.
ყრილობაზე, რეგლამენტის თანახმად, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, გაწეული მუშაობის ანგარიში ჯერ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააკეთა. ამას პრეზიდენტობის კანდიდატების, ილია ზედგინიძისა და გოჩა სვანიძის პროგრამების წარდგენა მოჰყვა.
მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა არჩევნები, რომელშიც, როგორც უკვე ვთქვით, მცირე უპირატესობით
ილია ზედგინიძე:
"გოჩა სვანიძეს წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან რთული 4 წელიწადი გველის. ამაზე რაგბის სამყარო ერთხმად თანხმდება. ახალ პრეზიდენტს ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება. მე და ჩემი გუნდი კი ქართული რაგბისთვის განვაგრძობთ მუშაობას.
შეგვეძლო თუ არა არჩევნებში უკეთესი შედეგის ჩვენება, ამას ანალიზის შემდეგ გავიგებთ.
არაერთხელ მსმენია, რომ ჩემი, როგორც მმართველის, არ სჯეროდათ და მარცხის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც, ალბათ, სწორედ ეს იყო. თუმცა, ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. 2011 წლის მერე პროფესიონალი სპორტსმენი აღარ ვარ. საფრანგეთში მაქვს ბიზნესი და ამ კუთხით მართვის საკმაოდ წარმატებული გამოცდილება გამაჩნია".
გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"დამარცხებული ამ არჩევნებში არავინაა, რადგან მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ვფიქრობ, რომ რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია.
ილიას თანამშრომლობა არჩევნებამდეც შევთავაზე და მომავალშიც მექნება ამის სურვილი. ჩვენთან თანამშრომლობა ყველას შეუძლია, ილიას კი განსაკუთრებით, რადგან ის ღირსეული ადამიანია" .
ყრილობამ დაამტკიცა გამგეობის ახალი შემადგენლობა. ესენი არიან: ლევან ვასაძე, გიორგი გორგასლიძე, ზურაბ ზოიძე, გოჩა სვანიძე, ვასილ კევლიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ალექსანდრე ხვედელიძე, სერგო რამიშვილი, დავით კილასონია, გიორგი გეგენავა, გიორგი ღლონტი, გოჩა მაჭავარიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე გრიგალავა.
გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ დიმიტრი კალანდაძე აირჩიეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"