დღეს, 2 აპრილს, დაგეგმილი საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა რიგგარეშე საერთო კრება, რომელზეც სრკ-ის 2016 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცებულიყო, ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო - კრებას გამგეობის 37 წევრიდან მხოლოდ 15 დაესწრო.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ყრილობაზე 22 წევრის გამოუცადებლობის მიზეზი სხვადასხვაა. გამგეობის ზოგიერთი წევრი ბიუჯეტის განხილვას დროის უქუნლობის გამო ვერ დაესწრო. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ბიუჯეტს არ ეთანხმებიან - მაგალითად, ქვიშის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი
კახა მხეიძე აცხადებს, რომ დაჩქარებული წესით 1 დღეში 19 მილიონის დამტკიცება არ შეიძლება.
ამ პოზიციას არ იზიარებს
რაგბის კავშირის პრეზიდენტი
გოჩა სვანიძე, მისი თქმით, ბიუჯეტზე საუბარი არ ყოფილა, რადგანაც ის მხარეები, რომლებიც დღევანდელ შეკრებაზე არ გამოცხადდნენ, ფინანსური დოკუმენტის დეტალებით არ დაინტერესებულან. სვანიძის თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს ბიუჯეტი და რაგბის განვითარებისთვის რის გაკეთებას აპირებენ.
რაგბის კავშირის შემდეგი ყრილობა 22 აპრილს გაიმართება. მანამდე კი კავშირის ხელმძღვანელობა მზად არის, ყველას აზრი მოისმინოს.