კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან

AutoSharing Option
სარაგბო სეზონი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლეულს ერთა თასი ისევ მოიგო, ივნისის ტესტებზე შესანიშნავად იასპარეზა, ნოემბრის ტესტებზე - საშუალოდ.

წარმატებულად ჩაითვალა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისში გაიმართა. ახლა, მომავალ წელს იგივე ტურნირი საქართველოში ჩატარდება და ჩვენი ბიჭების გამოსვლას იმედის თვალით შევყურებთ.

პრობლემები, ცხადია, ყველა მიმართულებითაა, მათ შორის საშინაო ჩემპიონატშიც. თუმცა, მოდით, უმჯობესია, ყოველივე ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ თქვას.

- მოდით, განვლილი წლის შეჯამება ბოლოდან დავიწყოთ. როგორ შეაფასებთ საქართველოს ნაკრების გამოსვლას ახლახან დასრულებულ
ნოემბრის ტესტებზე?

- სამწუხაროდ, ნოემბრის ტესტებით ქართველი ქომაგი ბოლომდე ვერ გავახარეთ. თბილისში ორივე თამაში უნდა მოგვეგო, ამის პოტენციალი ნამდვილად გაგვაჩნდა. ამას სასაყვედუროდ არ ვამბობ. უბრალოდ, ჩვენი გუნდი ამ დონეზე ჯერ კიდევ ახალბედაა.

ფიჯისგან, ტონგასგან, სამოასგან და იაპონიასგან განსხვავებით, აღარაფერს ვამბობ შოტლანდიაზე, ასეთი დონის მატჩების მწირი გამოცდილება გვაქვს. სავარაუდოდ, ასეთი ჩავარდნები მომავალშიც გვექნება. იქამდე, სანამ არ შევიძენთ სათანადო გამოცდილებას და არ გავაძლიერებთ სათამაშო დისციპლინას. ამას დრო სჭირდება.

თუმცა, ეს არ არის ტრაგედია. ჩვენი რაგბი სწორად ვითარდება, სწორ გაზაზე ვდგავართ. თითოეული მოგებული თუ წაგებული მატჩი ჩვენი მორაგბეებისთვის არის გაკვეთილი. ასეთი მცირე წარუმატებლობა, როგორიც იყო იაპონიასთან მატჩი და შოტლანდიასთან პირველი ტაიმი, არა თუ ვერ შეგვაჩერებს, პირიქით, მეტი შემართებით ვიბრძოლებთ საიმისოდ, რათა ელიტაში შევიდეთ.

- ზემოთ თქვით, ასეთი ჩავარდნები მომავალშიც გვექნებაო. რას გულისხმობთ?
- თამაშის მიმდინარეობისას გუნდის მიერ 10-15 წუთის ჩაგდებას, რასაც მოგებული თამაშის წაგება შეიძლება მოჰყვეს. ასე მოხდა კიდეც იაპონიასთან მატჩში.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რაგბის კავშირს წინადადებით მიმართა კელტთა ლიგის ორგანიზატორებმა ქართული გუნდის ამ ტურნირში ჩართვის შესახებ...
- ეს ჯერ მხოლოდ იდეაა. კონკრეტული, საგნობრივი საუბარი ამ თემაზე დაწყებული არ არის. თუმცა, ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ქართველმა მორაგბეებმა, ნაკრების კანდიდატებმა რაც შეიძლება მეტი მაღალი დონის მატჩებში ითამაშონ.

სხვა თემაა, რამდენად შევწვდებით ამ იდეის განხორციელებას ფინანსურად. სამწუხაროდ, ბიუჯეტის გაზრდაზე ლაპარაკი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ინფლაციის გათვალისწინებით, ერთ ადგილზე კი არა ვდგავართ, არამედ უკან მივდივართ. შესაბამისად, კელტთა ლიგაში ჩვენი თამაშის საკითხიც განუსაზღვრელი დროით გადაიდება.

ეს არ ნიშნავს, რომ მთლად უიმედოდ ვართ. ჩვენ გვყავს შესანიშნავი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილი, საქვემოქმედო ფონდი "ქართუ", რომლის დახმარებითაც აქამდე მოვედით. მან თავის დროზე სწორად გააკეთა გათვლა, ქართული ხასიათის გათვალისწინებით, სად შეიძლებოდა წარმატების მიღწევა საერთაშორისო არენაზე და რაგბიში ფული სწორედ მაშინ ჩადო, როცა არაფერი გაგვაჩნდა და სრულიად გაპარტახებული ვიყავით.

საკმაოდ სერიოზული პარტნიორია სახელმწიფოც და ვიცი, რომ არ მიგვატოვებენ. იმედია, დაფინანსებაც გვექნება, მომდევნო წლის განმავლობაში წამოგვეწევა და ჩვენი ზრდა არ შეჩერდება.

- არჩევნების დროს, რომელიც წლის დასაწყისში გაიმართა, თქვენი პროგრამით გარკვეული დაპირებები იყო გაცემული...
- მომავალი წლის იანვარში საანგარიშო ყრილობა იქნება, სადაც ერთი წლის განმავლობაში გაკეთებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს გავაკეთებ. ჩვენ განვითარების იმ ეტაპზე ვართ, როცა სპორტული მიღწევები წინ უსწრებს საორგანიზაციოს. ახლა, სწორედ იმ სტადიაზე ვართ, როცა ორგანიზაციული დონე უნდა ავამაღლოთ. 2017 წლიდან რაგბის კავშირი კორექტირებული სტრუქტურით და ახალ ოფისში იმუშავებს.

- თქვენს ანგარიშში, რას ექნება უპირატესი მნიშვნელობა?
- ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ყოველთვის იყო და ახლაც არის ბავშვთა რაგბი. სწორედ ახალი უნარებით გაზრდილმა ახალმა თაობამ უნდა გაგვიყვანოს იმ სიმაღლეებზე, რაც დაგეგმილი გვაქვს.

ჩვენი ნაკრების შერკინება საკმარისად ძლიერია საიმისოდ, რათა უფრო მაღალ დონეზე, ღირსეულად თამაშობდეს. სამწუხაროდ, შერკინეაბასა და უკანა ხაზს შორის არ არის ბალანსი. ეს არ არის ჩვენი უკანახაზელების ფიზიკური კონდიციებისა თუ მონდომების ბრალი. მიზეზი უნდა ვეძებოთ აღზრდის სისტემაში. ეს სამუშაო ჩემამდე იყო დაწყებული, ახლა, უბრალოდ, ტემპი უნდა დაჩქარდეს.

იაპონიის ერთ-ერთ პრეფექტურასთან უკვე მოვილაპარაკეთ. ჩვენი მოზარდები ჩავლენ იქ, ისინიც ჩამოვლენ ჩვენთან სათამაშოდ. იაპონელები ჩვენგან განსხვავებულ, სისწრაფეზე ორიენტირებულ რაგბის თამაშობენ და ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგ გამოცდილებას შესძენს ჩვენს მომავალ თაობას.

კარგი ურთიერთობა გვაქვს სამხრეთ აფრიკის სარაგბო კოლეჯებთან. თუ მოხერხდება მიზნობრივად თანხის გამოყოფა, ან სპონსორის მოძიება, შესაძლებელი იქნება სამხრეთ აფრიკის სხვადასხვა კლუბებში გავუშვათ ახალგაზრდა მოთამაშეები სამი თვის სათამაშოდ. ეს მათ მეტად წაადგებათ, ვიდრე უბრალოდ ვარჯიში.

ერთი სიტყვით, გეგმები და იდეები ბევრია და ვეცდებით მათ განხორციელებას.

- საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ეროვნული გუნდის თამაშამდე სამი დღით ადრე ედინბურგში შოტლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებს მოუგო...
- ახალგაზრდული ნაკრების ამ თამაშმა ნათლად აჩვენა ის ტენდენცია, რისკენაც მივისწრაფით. ეს გუნდი მთლიანად ქართული პროექტია, ანუ მწვრთნელები მხოლოდ ქართველები არიან და ეს ამართლებს. ეს ტურნე სრულიად შემთხვევით გავჩარხეთ, რამაც, მართალია ფინანსურად უკან დაგვწია, თუმცა ამის გამო არც მომავალში დავიხევთ უკან. მომავალი წლის მარტში ამ გუნდისთვის კიდევ რამდენიმე მატჩის ორგანიზებას ვგეგმავთ.

შოტლანდიელებს პირველ ტაიმში ისეთი დაცვა ვეთამაშეთ არაფრის შანსი არ ქონდათ. ჩვენი გუნდის ფონზე უსუსურად გამოიყურებოდნენ. მეორე ტაიმში საეჭვო გაგდების შემდეგ ჩვენი გუნდი ცოტა აირია. მასპინძლებს დიდი სარაგბო ტრადიციები აქვთ და ასეთ შანსს ხელიდან არ უშვებენ. ამიტომ, ჩვენი გამარჯვება საეჭვო გახდა, თუმცა ბიჭებმა შეძლეს თამაშის შემობრუნება.

ერთ დეტალს მინდა გავუსვა ხაზი. შოტლანდიელებმა თავის გუნდს 19-წლამდელები დაარქვეს და მოითხოვეს შერკინებაში მიწოლა არ ყოფილიყო. ჩვენი გუნდიც, რეალურად, 19-წლამდელები არიან, 20-წლამდელები იმიტომ დავარქვით, რომ სწორედ ამ გუნდმა უნდა ითამაშოს გაისად მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ასე რომ, "სკოტების" ეშმაკობა შეცდომაში ნურავის შეიყვანს. ჩვენმა გუნდმა თანატოლები დაამარცხა, სწორედ ისინი, ვინც მომავალ წელს საქართველოში ჩამოვლენ საასპარეზოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

- მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში მომავალი წლის მაისში გაიმართება. ამ დროისთვის სავარჯიში, მარტივი ტიპის მოედნები უნდა აშენდეს. რა მდგომარეობაა ამჟამად ამ მიმართულებით?
- მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვას საფრთხე არ ემუქრება. მოედნების მშენებლობა ჩვენს კომპეტენციაში არ არის. ჩვენ განვსაზღვრეთ ლოკაცია, სადაც უნდა აშენდეს მოედნები. მათი მოწყობა ოდნავ გვიანდება, მაგრამ იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებისთვის მოესწრება.

- საქართველოს ჩემპიონატში მეორე წრე დაიწყო...
- ყველაზე მძიმე ფინანსური დარტყმა სწორედ საქართველოს ჩემპიონატს შეეხება. გაუგაბარია ის პოლიტიკა, რომელიც ახლა ტარდება. მაშინ, როცა არსებობს ბიუჯეტიდან დაფინანსებული კლუბები, რატომ არ შეიძლება იმ დანაკარგის შევსება, რასაც ინფლაცია იწვევს.

უკვე მერამდენე წელიწადია ჩელენჯ კაპზე ჩვენს ადგილს სხვას ვუთმობთ. ამჯერად, მონაწილეობაზე თახმობა გვაქვს მიცემული და ვუთხარით, რომ ჩვენს ორივე ადგილს ამ ტურნირზე გამოვიყენებთ. ანუ ორი გუნდი უნდა გავიყვანოთ. მაგრამ რა ფინანსებით?

ყოველივე ამაში დახმარება გვჭირდება. ჩვენ არ გვინდა ჭარბი ფული. ჩვენ ვართ გამტარი და რაგბის კავშირის ანგარიშზე ეს თანხები არ ილექება. ოთხი წელიწადი გავიდა. რაგბის განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა დამტკიცებული არ არის. კლუბები კი ბანკიდან კრედიტებს იღებენ. მომავალი წლის გაზაფხულზე ისინი საპრიზო ფონდის გარეშე რჩებიან.

გვესმის და ვეთანხმებით, რომ ინფრასტრუქტურული პროეტქები ქვეყნისთვის უმნიშველოვანესია, ეს სწორი პოლიტიკაა, მაგრამ ჩვენ უსაშველოს არაფერს ვითხოვთ, გვინდა დამატებით სულ მცირე 5-6 მილიონი ლარი, რაც ქვეყნის ბიუჯეტს დიდ ტვირთად არ დააწვება. სამაგიეროდ, ქვეყანა მიიღებს სოციალურ წარმატებას, გავახარებთ ხალხს, შეიქმნება ახალი სარაგბო კერები, დასაქმდებიან ადამიანები, ახალგაზრდობა. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი თანხაა და, ვფიქრობთ, მისი გამოყოფა არ უნდა იყოს დიდი პრობლემა.

საერთოდ ასეა, ან წინ მიდიხარ ან უკან, ერთ ადგილზე ვერაფრით იდგები. არავის ვევაჭრებით. თუ განვითარება გვინდა, ის მინამალური, რაც საჭიროა, უნდა გამოიყოს. დანარჩენს მივხედავთ, გავიჭირვებთ. ეს ვითარება ჩვენთვის პირველი არ არის. დღეს ქართული რაგბი ქმნის არა მხოლოდ რაგბის, არამედ ქართული სპორტის აწმყოს და უზრუნველყოფს მომავალს. ამიტომაც, წაშველება გვჭირდება.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამის თაობაზე "ქართუსთან" არ გვისაუბრია, რომელიც ჩვენი უერთგულესი პარტნიორია. ამას შეგნებულად ვაკეთებთ, რადგან ამ პრობლემის მოგვარება უწინარესად სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომელიც ასევეა ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი. იმედია, ეს დროებითი პრობლემები მალე უკან დაიწევს და ყველა ერთად წინ წავალთ.

რეალურად რომ ვთქვათ, დღევანდელი ქართული რაგბი არის "ქართუს", საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიოს რაგბის ერთობლივი პროდუქტი. ეს ერთობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

რაგბი მთელ საქართველოს გვაერთიანებს. ამიტომ, ნებისმიერ ვითარებაში, ჩვენი მორაგბეები და გულშემატკივრები ვიდექით და ვიდგებით მომავალშიც ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. ეს ყველაფერი, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს სჭირდება. ეს არის ჩვენი გზა, რაგბი ჩვენი თამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მიევით ბიზნეს საგადასახადო შეღავათები, რომ ჩადონ ფული რაგბში.
qartveli
21:05 12-12-2016
0
ფეხბურთის გუნდებიც სულს ღაფავენ,ის რაც სახელმწიფო გუნდს ადძლევს კაპიკებია,,უკეთესია ბიზნეს მისცეს მიეცეს შეღავათი და მოვიდნენ,ესენი კიდევ ინფრასტრუკტურას და ასეთს ბიზნესმენს არ აძლევენ და მარტო გუნდში ვის უნდა უძიროს ფულის ყრა?
simartle
21:40 12-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული