მეოთხედფინალში, როგორც პირველ ტურში

AutoSharing Option
საქართველოში საშინაო სეზონი ერთი კვირის წინ "შევარდენის სანაკრებო" ბაზაზე გამართული შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპით გაიხსნა. დღეს კი საქართველოს თასის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება. ამ ტურნირში გადატვირთული სეზონის გამო წლეულს მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდები იასპარეზებენ.

საინტერესოა, რომ წილისყრამ გუნდები ისე დააწყვილა, როგორც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში, რომელიც ერთი კვირის თავზე, 9 აპრილს გაიმართება.

მეოთხედფინალში ყველაზე დიდ ინტერესს ქვეყნის ჩემპიონის "ლომკომოტივისა" და დებიუტანტის, ახლად შექმნილი "არმიას" დაპირისპირება იწვევს. რკინიგზელებს წლევანდელი სეზონის წინ მატება აქვთ. გუნდში უცხოეთიდან დაბრუნდა შუამარბი ლუკა ხაჩირაშვილი. თითქმის
სრულად შეინარჩუნეს შერკინება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მობილურია.

აქვე "ლოკომოტივმა" რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე შარშან პირველ ლიგაში მოასპარეზე "ივერიადან", გიორგი ვეფხვაძე, ნიკოლოზ კაზალიკაშვილი, ირაკლი სვანიძე და ხვიჩა ბუჯიაშვილი.
კვლავ მწყობრში არიან და წლეულსაც გუნდის წამყვანი მოთამაშეები იქნებიან, შერკინების კვაჭი დავით გასვიანი, მგეზავი ბობა კვინიხიძე და მესამეხაზელი ზვიად მაისურაძე, რომელიც ახლახან ინგლისში გამართულ ტურნეში, "მომავლის ბორჯღალოსანთა" შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ყველა დიდი ინტერესით ელოდება "არმიას" დებიუტს. გამომცდელი ამ ახლად შექმნილ გუნდს სერიოზული ჰყავს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სარმიელებმა ძალზედ ძლიერ შემადგენლობას მოუყარეს თავი.

მათ რიგებში წლეულს საქართველოს ნაკრების სამი მორაგბე ითამაშებს. ბიძინა სამხარაძე და ირაკლი ნატრიაშვილი საქართველოში რუმინეთის "ფარულიდან" დაბრუნდნენ, ჯაბა ბრეგვაძე კი "არმიაში" თბილისის "ყოჩებიდან" გადავიდა. ძალზედ მნიშვნელოვანი შენაძენია არმიელთათვის გიორგი ელიზბარაშვილი (აკადემია), მამუკა ნინიძე (ბათუმი XV), მამუკა ცხადაძე (ხარები) და გიორგი კალმახელიძე (ყოჩები).

"არმიას" მთავარი მწვრთნელად საქართველოს A ნაკრების თავკაცი ნიკოლოზ ჭავჭავაძე დაინიშნა, მისი თანაშემწეები იქნებიან ლევან (ლეონსიო) ცაბაძე, კახა კობახიძე და ბადრი ბოხუა. ამ უკანასკნელის გარდა ყველა მოთამაშე მწვრთნელები არიან. გუნდს კიდევ ერთი ვეტერანი ჰყავს, საქართველოს ნაკრების ყოფილი გარემარბი არჩილ ქავთარაშვილი.

არმიელთა რიგებში სხვა ბევრი საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეებიც არიან და, სავარაუდოდ, წლეულს ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან.

საქართველოს თასის ამჟამინდელი მფლობელი "ლელო" "არმაზს" ეთამაშება. ლელოელებმა სეზონის წინ სატრანსფერო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ აწარმოეს. გუნდს მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე დაემატა ჭაბუკთა A ლიგიდან. ტრავმები მოიშუშეს და "ლელოს" დაუბრუნდნენ გარემარბი სანდრო თოდუა და მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატებად მოიაზრებიან.

თუ შემადგენლობას თვალს გადავავლებთ, ყველაზე უარეს მდგომარეობაში "არმაზია". გუნდის ხელმძღვანელებმა მოახერხეს ძირითადი ბირთვის შენარჩუნება და რამდენიმე თავისივე აღზრდილი ახალი მოთამაშეც დაიმატეს. ერთი სიტყვით, "არმაზი" ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი გუნდი იყო და არც წლეულს დაუთმობს ვინმეს რამეს.

საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართება ვანში, სადაც ქუთაისის "აია" რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებს. ქუთათურებს ამბიცია არასდროს აკლდათ და წლეულსაც, მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. "აიას" ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი საფრანგეთიდან დაბრუნებული საქართველოს ნაკრების შუამარბი ირაკლი გიორგაძეა.

საკმაოდ სერიოზული მატება აქვს "ხარებსაც", რომელმაც შარშან, "აიასგან" განსხვავებით, საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარა და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი იყო. რუსთაველებს წლეულს საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრები მგზავი პალიკო ჯიმშელაძე და მეორეხაზელი კახაბერ უჩავა გააძლიერებენ.

თანაბარი ბრძოლაა მოსლაოდნელი "ყოჩებისა" და " აკადემიის" დაპირისპირებაში. "ყოჩებმა" წლეულს სამი წამყვანი მოთამაშე დაკარგეს. ბრეგვაძის და კალმახელიძის შესახებ უკვე ვთქვით. კიდევ ერთი წამყვანი მოთამაშე, მგეზავი თემურ სოხაძე პირველლიგელ "ბათუმი XV"- ში გადაბარგდა.

"აკადემიამ" კი მხოლოდ გიორგი ელიზბარაშვილი დაკარგა. გუნდის მთავარი პრობლემა, ბოლო დროს, მოკლე სათადარიგო სკამი იყო, რომელიც, წესით, წლეულს უნდა აღმოიფხვრას, რადგან აკადემიელთა განაცხადში ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა, რომლებიც ასაკობრივი ნაკრებების წევრები არიან.

მეოთხედფინალი
ყოჩები-აკადემია, ლოკომოტივი-არმია, აია-ხარები, ლელო-არმაზი.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული