თითქმის წაგებული მაინც მოიგეს

AutoSharing Option
ყოჩები-ლელო 26:21
ყოჩები: (15-9) მახარაშვილი, გარუჩავა, პ. მაისურაძე, ინაშვილი, გეგენავა, გაბუნია (ხარშილაძე 60), ბეგაძე. (1-8) ესაკია, მამუკაშვილი, ხოსიტაშვილი (შენგელია 41), ბელაშვილი, არჩუაშვილი, გრძელიშვილი (ცხვედიანი 49), მალაღურაძე, ნიკოლაიშვილი.
3ლ: გეგენავა, ბეგაძე, ხარშილაძე. გ: გეგენავა. 3ს: გეგენავა (2), მახარაშვილი.
სინბინი: გაბუნია

ლელო: (15-9) ყიასაშვილი, კოპაძე, თოდუა, ხუციშვილი, გუგავა, ხმალაძე, კაჭარავა. (1-8) სანიკიძე, სუჯაშვილი, პატარაია, ჭეიშვილი, აზალაძე, ბ.კოლელიშვილი (ი.დაუშვილი 47), ქოიავა, ჯვარშეიშვილი.
3ლ: კოპაძე, თოდუა, ჯვარშეიშვილი. 3გ: ყიასაშვილი
სინბინი: კაჭარავა
მსაჯი: ნ.რობიტაშვილი

საქართველოს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი "ლელოსა" და "ყოჩებს" შორის, რომელიც
"ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდა, დაძაბული და დრამატიზმით აღსავსე გამოდგა. ძლიერი ქარი მორაგბეებს ხელს უშლიდა თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში, თუმცა ისინი მაინც ახერხებდნენ ტრიბუნაზე შეკრებილი მცირერიცხოვანი მაყურებლითვის კარგი სანხაობა შეეთავაზებინათ.

მატჩი, როგორც აღვნიშნეთ დრამატული გამოდგა. "ლელო" 50-ე წუთისთვის 13 ქულის სხვაობით, 21:8-ს იგებდა, მაგრამ "ყოჩებმა" მატჩის ბედის სათავისოდ შემობრუნება შეძლეს და მეტოქეს ხუთი ქულით აჯობეს - 26:21.

პირველ ტაიმში ქარი "ლელოს" სასარგებლოდ ჰქროდა, თუმცა ანგარიში პირველივე წუთზე "ყოჩებმა" გახსნეს. ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა ახლო მანძილიდანს საჯარიმო გაიტანა - 3:0. ეს ანგარიში 27-ე წუთამდე უცვლელი იყო. დაწინაურება ლელოელებმა სწორედ ამ დროს მაოხერხეს. მოედნის ცენტრში მგეზავი ლაშა ხმალაძის წამოწყებული შეტევა "ყოჩებმა" 22-მეტრიანი ზონის ხაზთან წესის დარღვევით შეაჩერა. ცხრა ნომერმა, გიორგი კაჭარავამ სწრაფად გაათამაშა და მარჯვენა ფრთაზე ბურთი შუამარბ ალექსანდრე თოდუას გაატანა, რომელმაც ლელომდე ოცი მეტრი შეუფერხებლად ირბინა. ფულბეკმა, ირაკლი ყიასაშვილმა გარდასახა - 7:3.

სამ წუთში "ყოჩებმა" შესანიშნავი კონტრიერიში განახორციელეს. "ლელოს" მოედნის ნახევარზე მახარაშვილმა იყოჩაღა, ის მეტოქის რამდენიმე მორაგბეს ხელიდან დაუსხლტა და მარცხენა, მოკლე ფრთაზე შეტევაში გარემარბი ირაკლი გეგენავა ჩართო. მისი გატანილი ლელო მახრაშვილმა ვერ გარდასახა - 8:7.

ტაიმის მიწურულს "ლელომ" კიდევ ერთი ლელოს გატანა შეძლო. "ყოჩების" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ლელოელებმა ორჯერ მოაწოდეს აუტი, ორივეჯერ მოლით სცადეს მიზნის მიღწევა. მეორე ცდა შედეგიანი გამოდგა. მოლს მოულოდნელად მესამეხაზელი დავით ჯვარშეიშვილი მოსწყდა და თავისიანები დააწინაურა, ყიასაშვილმა გარადასახა - 14:8. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ უპირატესობას მთლიანად "ყოჩები" ფლობდნენ. მახარაშვილმა სამი საჯარიმო ვერ გაიტანა, რაზეც 50-ე წუთზე ლელომ დასაჯა კიდეც. შესანიშნავად ისევ "ლელოს" მგეზავმა ლაშა ხმალაძემ ითამაშა, რომლის გარღვევა მარცხენა ფრთაზე ახალგაზრდა გარემარბმა დაჩი კოპაძემ ლელოთი დაასრულა. ყიასასვილმა ესეც გარდასახა - 21:8.

ამ დროიდან მოყოლებული "ლელომ" საკუთარ მონაგარს ვეღარაფერი შესძინა. "ყოჩებმა" კი 10 წუთში ლელოთი ანგარიშის შემცირება შეძლეს. მათი შეტევა მარჯვენა ფრთაზე განვითარდა, იქ ლელოელთა 22-მეტრიან ზონაში წარმოქმნილი რაკიდან ბურთი სწრაფად გამოიტანეს და მარცხნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშეს, სადაც "ყოჩები" რიცხობრივ უმრავლესობაში იყვნენ. ლელო შეცვლაზე შესულმა გარემარბმა გიორგი ხარშილაძემ მიითვალა, მახარაშვილმა ვერ გარდასახა - 13:21.

"ყოჩებმა" მორიგი ლელო 70-ე წუთზე გაიტანეს. "ლელომ" საკუთარ 22-მეტრიან ზონაში თავისი შერკინება წააგო, იქიდან გამოვარდნილი ბურთი ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ აიტაცა და მარჯვენა მოკლე ფრთაზე შეუტია. მოწინააღმდგემ მისი შეჩერება ვერაფრით შეძლო. გარდასახვა ამჯერად მახარაშვილის ნაცვლად გეგენავამ დაარტყა და გაიტანა - 20:21.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში გეგენავამ კიდევ ორჯერ გაატარა საჯარიმოდან ბურთი "ლელოს" კარის ძელებს შორის და განმეორებითი მატჩისთვის, რომელიც ერთი კვირის თავზე გაიმართება, ხუთქულიანი უპირატესობა დაიბევა - 26:21.
მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ქუთაისის "აიასა" და "არმიას" შორის დღეს ქუთაისში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული