არმია; (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი (გაგოშვილი 57), მჭედლიძე, შკინინი, ელიზბარაშვილი, სამხარაძე. (1-8) ქორიძე (კაკოვინი 59), მეკოკიშვილი, დონაძე (ნავროზაშვილი 54), ბიწაძე, ბუჯიაშვილი (ჟღენტი 47), თხილაიშვილი, კალმახელიძე, თავართქილაძე.
ლ,4ს: კობახიძე
სინბინი: თხილაიშვილი
აია: (15-9) ხამაშურიძე, გოგლიჩიძე (ბარაბაძე 53), ძნელაძე, ზვიადაძე, გოშაძე (ჩხიკვაძე 27), სინაურიძე, შარვაშიძე. (1-8) ჟვანია, მატკავა, ლომიძე (გურეშიძე 30), შალამბერიძე, ძაგნიძე (ჩიტეიშვილი 56), რევიშვილი, დგებუაძე (ცირეკიძე 60), თხელიძე.
ლ: შალამბერიძე. ს,გ: სინაურიძე
სინბინი: ხამაშურიძე
მსაჯი: ნ. რობიტაშვილი
საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტების დაპირისპირება თასის გათამაშების ნახევარფინალშიც გაგრძელდა და ამჯერადაც ორი
განმეორებით მატჩი "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე ქუთათურთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-5 წუთზე სტუმრებმა ლელო გაიტანეს.
შერკინებიდან, რომელიც "არმიას" ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში დაინიშნა ბურთი "აიას" რვა ნომერმა ლევან თხელიძემ გამოიტანა, ის იქვე შებოჭეს. ქუთაისელთა მორკინალებმა რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს და მეტოქის ლელოს მიუახლოვდნენ, თუმცა მასპინძლებმა რაკშის თამაშისას წესი დაარღვიეს.
"აიამ" საჯარიმო სწრაფად შეასრულა და ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ჩაათამაშა. იქ კარის პირდაპირ ორ მეტრში წარმოქმნილი რაკიდან ბურთი მეორეხაზელმა გელა შალამბერიძემ აიტაცა და ლელო ზედ კარის ძელთან გაიტანა, გაგა სინაურიძემ გარდასახა - 7:0.
ამან არმიელები საგრძნობლად გამოაცოცხლა და მათი საპასუხო იერიში შედეგიანი გამოდგა. მე-7 წუთზე "არმიამ" საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა და ფულბეკმა ბახვა კობახიძემ თავის გუნდს სამი ქულა შესძინა - 3:7.
ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება კობახიძემ ორ წუთში ისევ საჯარიმოდან სცადა, თუმცა ძალზედ შორიდან, 58 მეტრიდან დარტყმული მიზანს ასცდა. "არმია" ზეწოლას განაგრძობდა. განსაკუთრებით მეორეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი, მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი და გარემარბები, ალექსანდრე ტუჩაშვილი და გიორგი შკინი აქტიურობდნენ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ არმიელები მეტოქეს, გუნდური, უფრო მეტად დალაგებული თამაშით ჯობნიდნენ.
კობახიძემ მე-15 წუთზე მაინც შეძლო კიდევ ერთი საჯარიმოს გატანა და ჩამორჩენის მინიმუმამადე შემცირება - 6:7. ოთხ წუთში კი ბურთი ძელს გაარტყა. "აიამ" ამის შემდეგ თამაშის გათანაბრება შეძლო. რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტია, მაგრამ შეტევისას ან ჯარიმდებოდა, ან კიდევ ბურთს კარგავდა.
მომდევნო 15 წუთში გუნდებმა თითო-თითო საჯარიმო გაცვალეს 10:9, ასე იგებდა "აია" და თითქოს ტაიმიც ასევე უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ასე არ ფიქრობდა "არმიას" გარემარბი გიორგი შკინინი.
ქუთაისელები მარცხენა ფრთაზე თავისი 22-მეტრიანი ზონის ხაზთან ახლოს დაჯარიმდნენ. შკინინმა საჯარიმი სწრაფად გაათამაშა და თვითონვე შეუტია. არმიელთა გარემარბმა თხუთმეტი მეტრი ირბინა და მერე ბურთი იქვე მიმყოლ ბახვა კობახიძეს გაატანა, რომელიც, მართალია, შეაჩერეს, მაგრამ წაქცეულმა ბურთის ლელოში გადადება მაინც მოახერხა. გარდასახვა ბახვამ თვითონვე დაარტყა, მაგრამ ვერ გაიტანა - 14:10, ასე დასრულდა პირველი ნახევარი.
შესვენების შემდეგ, "აიამ" მონაგარს ვეღარაფერი შესძინა. 52-ე წუთზე სინაურიძემ გაუშვა ხელიდან საჯარიმო დარტყმით ანგარიშის შემცირების შანსი. მერე "აიამ" დერეფნიდან აგორებული მოლით და მორკინალების მძლავრი დარტყმებით სცადეს მოწინააღმდეგის ლელოში შეღწევა. "არმია" თავს მედგრად იცავდა და 62-ე წუთზე კობახიძემ კიდევ ერთხელ დალაშქრა საჯარიმოდან მეტოქის კარი - 17:10.
"აია" ბევრს ეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ვერას გახდა.
"არმია", რომელიც ქვეყნის ჩემპიონია, ფინალში ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასულ "ყოჩებს" დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"