"არმიას" დუბლი პირველივე ცდაზე

AutoSharing Option
არმია-ყოჩები 26:16
არმია: (15-9) კობახიძე, ტუჩაშვილი, გაბროშვილი (გაგოშვილი 64), მჭედლიძე, შკინინი, ელიზბარაშვილი, სამხარაძე. (1-8) ქორიძე (კაკოვინი 58), მეკოკიშვილი, დონაძე (ნავროზაშვილი 64), ბიწაძე, ბუჯიაშვილი (ცხადაძე 75), თხილაიშვილი, კალმახელიძე, თავართქილაძე.
2ლ: ელიზბარაშვილი, თხილაიშვილი. 4ს,2გ: კობახიძე
ყოჩები: (15-9) მახარაშვილი, ხარშილაძე (ხელაძე 70), მაისურაძე (გარუჩავა 69), ინაშვილი, გეგენავა, გაბუნია, ბეგაძე. (1-8) ესაკია (გოგიშვილი 46), მამუკაშვილი, ხოსიტაშვილი (ბეჟიაშვილი 62), ბელაშვილი (წიკლაური 68), არჩუაშვილი, ცხვედიანი, მალაღურაძე, ნიკოლეიშვილი.
ლ: მალაღურაძე. 3ს,გ: მახარაშვილი
მსაჯი: გ. ამირხანაშვილი

ყველაზე ახალგაზრდა ქართულმა კლუბმა პირველივე ცდაზე დუბლი დაიმსახურა. "არმიამ", რომელიც წლეულს შეიქმნა,
საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, თასიც მიუმატა - "ავჭალის" სარაგბო სტადიონზე თასის ფინალში თბილისის "ყოჩები" დაამარცხა - 26:16.

"ჩვენ ვცდილობთ სწრაფად, ხელხადელ ბურთაობით ვითამაშოთ. საქართველოში ასე ბევრი ვერ თამაშობს. ეს ძალიან რთულია და მთელი მატჩის განმავლობაში ასე ასპარეზობას ვერ ვახერხებთ. თავიდან გვიჭირს, თუმცა მერე გუნდი კონცენტრაციის მობილიზებას ახერხებს და ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ამასთან ერთად, ვმუშაობთ, რომ ეს ხარვეზიც გამოვასწოროთ" - თქვა მატჩის შემდგომ "არმიას" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ ჭავჭავაძემ.

არმიელებს თითქოს თამაშის მანერად ექცათ ის, რომ მატჩის საწყის წუთებს თითქმის ყველა მეტოქესთან თმობს. ასე იყო ამჟამადაც.

"ყოჩები" პირველი ოცი წუთის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ. მწყობრად, საკმაოდ სახიფათოდ უტევდენენ. ეტყობოდა, რომ ფინალისთვის მწვრთნელებმა საფუძვლიანად იმუშავეს, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ სამი ქულის აღება მოახერხეს.

ანგარიშის გახსნა "ყოჩებს" მე-8 წუთზე შეეძლოთ, თუმცა ფულბეკმა შავლეგ მახარაშვილმა საჯარიმო 48 მეტრიდან ვერ გაიტანა. ექვს წუთში კი მანვე ექვსი მეტრით უფრო ახლო მანძილიდან ბურთი კარის ძელებს შორის ზუსტად გაატარა - 3:0.

"ყოჩებმა" პირველ ნახევარში მონაგარს ვეღარაფერი შესძინეს. სამაგიეროდ მე-20 წუთიდან მოყოლებული მთელი სიმძლავრით ამოქმედდა "არმია". როგოც ყოველთვის, ამჯერადაც მეტოქეს ყველაზე მეტ პრობლემებს გარემარბები გიორგი შკინინი და ალექსანდრე ტუჩაშვილი უქმნიდნენ.

ანგარიში 21-ე წუთზე საჯარიმოთი "არმიას" ფულბეკმა ბახვა კობახიძემ გაათანაბრა - 3:3. ორ წუთში არმიელებმა მოედნის ცენტრში შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს. ცხრა ნომერმა ბიძინა სამხარაძემ გარღვევაზე მგეზავი გიორგი ელიზბარაშვილი გაიყვანა, რომელმაც 55 მეტრი ირბინა, ზედ ლელოს მისადგომებთან მას მახარაშვილი წამოეწია და უკნიდან ნახტომში ხელით მოცელა. ელიზბარაშვილმა წამოდგომა და ჩათვლის მოედანში შეღწევა მოახერხა. კობახიძემ გარდასახა - 10:3.

კობახიძეს კიდევ ორჯერ მიეცა შანსი ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაეზარდა. თუმცა ეს მხოლოდ ტაიმის მიწურულს ისევ საჯარიმოთი შეძლო - 13:3. ასე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

შესვენების შემდეგ, "ყოჩებმა" ისევ აქტიურად შეუტია. მახარაშვილმა 49-ე წუთზე ხელსაყრელი პოზიციიდან საჯარიმო ვერ გაიტანა, თუმცა შეცდომა ერთ წუთში გამოასწორა და ანგარიშში სხვაობა შვიდ ქულამდე შეამცირა - 6:13. მეტოქესთან ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად ერთი გარადასახული ლელო კმაროდა. "ყოჩები" ბევრს ეცადა მაგრამ...

55-ე წუთზე "არმიას" მორიგი მასირებული შეტევა კარის ძელებს შორის ლელოთი მესამეხაზელმა გიორგი თხილაიშვილმა დაასრულა. კობახიძემ გარდასახა - 20:6.

"ყოჩებმა", რომელიც ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი გუნდი იყო, ფარ-ხმალი არც ამჯერად დაჰყარა და მატჩის გადარჩენისთვის ყველაფერი იღონა. 69-ე წუთზე "არმიამ" შეცდომა დაუშვა. არმიელებმა დერეფანი საკუთარი ლელოდან შვიდ მეტრში მოიგეს. ბურთი ხაზზე გაიტანეს და 22-მეტრიანი ზონიდან ხელდახელ შეტევა სცადეს.

"ყოჩებმა" მეტოქის განზრახვა იქვე აღკვეთა, რაკში ბურთი წაართვა და მარჯვენა მოკლე ფრთაზე შეუტია. ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ შეტევაში გარემარბი ირაკლი გეგენავა ჩართო, ამან უფრო მარჯვნივ შეცვლაზე შესულ დავით ცხვედიანს გადააწოდა, რომელმაც კიდესთან მესამხაზელი ჯაბა მალაღურაძე მოძებნა, რომელსაც ლელოს გატანა აღარ გასჭირვებია. მახარაშვილმა გარადასახა - 20:13.

მატჩის დასრულებამდე დარჩენილ ათ წუთში "არმიას" დამრტყმელმა კობახიძემ ორი საჯარიმო გაიტანა, რაზეც "ყოჩების" ფულბეკმა მახარაშვილმა მხოლოდ ერთით უპასუხა - 26:16.

მატჩის შემდეგ:
ლევან მგელაძე, "ყოჩების" მწვრთნელი:
"ვულოცავ "არმიას" გამარჯვებას. შესანიშნავი გუნდია და დამსხურებულად გაიმარჯვეს. ამ მატჩისთვის მოსამზადებლად დრო ცოტა გვქონდა, პირობებიც არ იყო დამაკმაყოფილებელი. თუმცა მატჩის დასაწყისში რაც ჩაფიქრებული გვქონდა ვაკეთებდით, უპირატესობასაც ვფლობდით, მაგრამ ლელოს მიღების შემდეგ აირია გუნდი. "ყოჩებს" ბრძოლისუნარიანობა არასდროს აკლდა, თუმცა ტექნიკური წუნი გვქონდა ხშირი, რამაც, ცხადია, თამაშის მსვლელობაზეც იქონია გავლენა და შედეგზეც."

შალვა მამუკაშვილი, "ყოჩების" კაპიტანი:
"არმია" ძალიან სწრაფ, კარგ რაგბის თამაშობს. ამას ისიც მოჰყვა, რომ ბევრი შეცდომები დავუშვით დერეფანსა და შერკინებაში. მეტოქე ფიზიკურადაც ღონიერია და ჩვენი თამაში თავს ვერ მოვახვიეთ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ჩემთვის, ბევი ჩემი თანაგუნდელისთვის ეს პირველი ფინალი იყო კარიერაში. გამოცდილება გვაკლდა, თუმცა კარგი გაკვეთილი მივიღეთ."

ნიკოლოზ ჭავჭავაძე, "არმიას" მწვრთნელი:
"ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ რთული იყო თასის გათამაშებაზე ყურადღების კონცენტრირება. თუმცა ერთმანეთის გვერდში დგომით, ურთიერთდახმარებით და იმ ერთიანობით რაც ჩვენს გუნდშია, ეს მაინც შევძელით. საწყისი 20 წუთი გაგვიჭირდა, თუმცა საკუთარი თამაშის პოვნა მაინც შევძელით რაც შედეგზეც აისახა.

გიორგი ელიზბარაშვილი, "არმიას" კაპიტანი:
"აქამდე სულ ფულბეკად ვთამაშობდი, მგეზავის პოზიციაზე თამაშის გამოცდილებაც მქონდა, მაგრამ არმიაში მუდმივად ათი ნომერი ვარ, თუმცა ამ მატჩში გამარჯვებას იმიტომ მივაღწიეთ, რომ ყველამ ვიცოდით ჩვენი საქმე, რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ერთიანობამ მოგვიტანა წარმატება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული