შავ ზღვაზე დასავლეთევროპელებიც გამოჩნდებიან

AutoSharing Option


"შავი ზღვის თასის" გათამაშება ახლახან თბილისში პირველად გაიმართა. ტურნირი, რომელშიც საქართველოს, რუმინეთისა და უკრაინის გუნდები ასპარეზობდნენ მაღალ დონეზე ჩატარდა და მიღებულია გადაწყვეტილება ის ტრადიციული გახდეს. "შავი ზღვის თასის" გათამაშების შედეგების შესაჯამებლად და მომავლის გეგმებზე სასაუბროდ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა ჟურნალისტებს ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონის პრესცენტრში გვიხხმეს:

გიორგი ჭუმბურიძე, საქართველოს რაგბის კავშირის ტექნიკური დირექტორი:

"საქართველოს რაგბის კავშირი დიდი ხანია, ცდილობდა რეგიონული ტურნირის ორგანიზებას, რომელიც სისტემატური გახდებოდა. IRB-ს და თბილისის მერიის დახმარებით "შავი ზღვის თასის" გათამაშება თბილისში პირველად ჩატარდა. საერთო აზრით, ტურნირი კარგად

იყო ორგანიზებული და ის IRB -ს ეგიდით თუ არა, პატრონაჟით (მსაჯები, კომისარი, სხვადსხვა რანგის სპეციალისტები) მომავალშიც გაიმართება.

ეს შესანიშნავი საშუალებაა, რათა ჩვენმა კლუბებმა მეზობელი ქვეყნების გუნდებთან მოსინჯონ ძალები. გავარკვიოთ, რა დონეზე ვართ, აქედან გამომდინარე, დავსახოთ განვითარების გზები. ყოველივე ამის მიზანი ის არის, რომ გვინდა, ქართულმა საკლუბო რაგბიმ ეროვნულ ნაკრებს აუბას მხარი.

ტურნირმა დაადასტურა, რომ ჩვენი კლუბები რუმინულებს არაფრით ჩამოუვარდებიან. ცოდვა გამხელილი ჯობია და, უნდა ვაღიაროთ, რომ თავიდან ერთგვარი შიშიც გვქონდა, დონეებს შორის დიდი სხვაობა არ ყოფილიყო. საბედნიეროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა. 

სპორტულ პაექრობასთან ერთად, რუმინელებთან, სამწუხაროდ, არასპორტული შეჯიბრიც გვიწევს. რატომღაც ითვლება, რომ რუმინული რაგბი, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშს თამაშზე უგებს და დადებით ბალანსი გვაქვს, მაინც უფრო მაღალი რანგისაა. აქედან გამომდინარე IRB-დან მეტ დახმარებას იღებენ. არგუმენტი კი ის ჰქონდათ, რომ მათი შინაური რაგბი უფრო მაღალ დონეზეა და სარაგბო მეურნეობა უკეთ არის ორგანიზებული. "შავი ზღვის თასის გათამაშების" შედეგებმა რუმინელებს ეს არგუმენტი ხელიდან გამოაცალა.

თავად განსაჯეთ: როცა თბილისში ჩამოვიდნენ, დარწმუნებულნი იყვენენ, რომ ფინალი რუმინული იქნებოდა. ქართული კლუბების დაჯაბვნას ვინ ჩივის, საკმაოდ სიმპათიურ უკრაინულ გუნდს, ოდესის "კრედოსაც" ვერაფერი მოუხერხეს. ცხადია, ყოველივე ამას რუმინეთში მწვავე რეაქცია მოჰყვა. ეს დაინახა IRB-მაც.

როგორც უკვე ვთქვი, ტურნირს მომავალშიც გავმართავთ და მას უფრო წარმომადგენლობითს გავხდით. კონკრეტული გუნდების დასახელება ჯერ , ცხადია, შეუძლებელია, მაგრამ უკვე დაიწყო  მუშაობა ორი მიმართულებით. ერთი-დიდი ბრიტანეთი, მეორე- საფრანგეთი და იტალია. თუ ამ ქვეყნების გუნდების დაყაბულება შევძელით, ვფიქრობთ, ტურნირი კიდევ უფრო საინტერესო და პრესტიჟული იქნება."

ლაშა ხურციძე, "შავი ზღვის თასის" გათამაშების დირექტორი:
"სამწუხაროა, რომ წლეულს რუსული კლუბები არ ჩამოვიდნენ. ამ ქვეყნის რაგბის კავშირს და გუნდებს დიდი სურვილი ჰქონდათ, "შავი ზღვის თასზე" ეთამაშათ, მაგრამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამოუშვა.
მომავალ წელს გვინდა, რუმინულ და უკრაინულ გუნდებთან ერთად რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის გუნდებიც გვეწვიონ. გამორიცხული არ არის, ერთი პორტუგალიური გუნდიც ჩამოვიდეს. ამ ტურნირთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები გვაქვს და მომავალში ის შეიძლება ერთ-ერთი ევროპული საკლუბო თასის, "ჩელენჯ კაპის" შესარჩევი ტურნირი გახდეს.
გაისად ჩვენი ინფრასტრუქტურა უკეთესი იქნება. მალე მწყობრში ჩადგება სანაკრებო ბაზა და ავჭალის სარაგბო სტადიონი, რაც ბევრ საორგანიზაციო პრობლემას მოგვიხსნის.

იმის გათვალისწინებით, რომ 2011 წელს ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასის გათამაშებაა, ტურნირის ვადები შეიცვლება. ვვარაუდობთ, რომ შეჯიბრებას 1 აგვისტოს დავიწყებთ და ორ კვირაში დავასრულებთ. "
ლევან მგელაძე, "ბათუმი XV"-ს მწვრთნელი:

"რაც დამოუკიდებლები ვართ, საერთაშორისო საკლუბო ტურნირში აქამდე მხოლოდ ორ ქართულ გუნდს ჰოქნდა უთამაშია: ბათუმის "დათვებს" და თბილისის "ლოკომოტივს". ამ ტურნირს რეგიონთა თასი ერქვა და ბათუმურმა გუნდმა სამჯერ ნახევარფინალში გააღწია.
მას შემდეგ შვიდი წელი გავიდა. როგორც მწვრთნელი, ამ ტურნირით კმაყოფილი ვარ. შეჯიბრებაში 75-მა ქართველმა მორაგბემ იასპარეზა. მათ თავის წარმოჩენის კარგი შესაძლებლობა მიეცათ. ვფიქრობ, კმაყოფილი უნდა დარჩენილიყო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც, რომელმაც თავად ნახა ის კონტინგენტი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში თამაშზე აქვს პრეტენზია.
ტურნირმა გვიჩვენა, რომ ყველაზე კარგად დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი იყო. ბათუმელ მორაგბეებთან ერთად ქუთაისელი და თბილისელი მორაგბეებიც დავიმატეთ. რუმინელებთან მატჩში ლამაზი რაგბის თამაში გადავწყვიტეთ. გამოგვივიდა კიდეც. გუნდი რვა-ათ ფაზიან შეტევას ახერხებდა, რაც დიდი ხანია, ჩვენს სინამდვილეში იშვიათობაა.

"ლოკომოტივთან", რომლის თამაშის ყაიდასაც კარგად ვიცნობდით, სულ სხვა ტაქტიკა ავირჩიეთ - თამაში კონტრშეტევაზე ავაგეთ. ასე რომ, ტაქტიკური მრავალფეროვნებითაც გამორჩეულები ვიყავით.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რუმინელთა გუნდების მწვრთნელებმა რამდენიმე ქართველ მორაგბეს დაადგეს თვალი. რუმინეთში ვიქტორ კოლელიშვილს, ირაკლი ჩხიკვაძეს და რამდენიმე ბათუმელ მორაგბეს ეპატიჟებიან. ისიც კი თქვეს, ორჯერ მეტს გადავუხდით, ვიდრე საფრანგეთში გადაუხდიანო. თუმცა, სპორტული თვალსაზრისით უმჯობესია, მაინც საფრანგეთში წავიდნენ.
როდესაც ლაპარაკობენ, რომ რუმინეთის შინაური ჩემპიონატის დონე ჩვენსას სჯობიაო, ამას თავისი ობიექტური მიზეზი აქვს. ჩვენს კლუბებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ უცხოელი მორაგბეები მოიწვიონ. რუმინეთში, რუსეთსა და უკრაინაში კი ეს შეუძლიათ, შესაბამისად, ჩემპიონატიც საინტერესო და უფრო მაღალი დონის აქვთ.

იმედი მაქვს, "შავი ზღვის თასის" გათამაშება, უცხოურ კლუბებთან პაექრობა, ამ ხარვეზს  ნაწილობრივ მანიც შეავსებს. მორაგბეები გამოცდილებას შეიძენენ, გაიზრდებიან და, თუ ფინანსებიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მაღალი დონის სარაგბო ქვეყნიდან მოთამაშებიც მოვიწვიოთ, ჩვენი საკლუბო რაგბის დონე სწრაფად გაიზრდება"

ლელო 


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული