თასი ისევ ლელოსია

AutoSharing Option

როგორც ყოველთვის, "ლელოს" და "ლოკომოტივის" დაპირისპირება ამჯერადაც საინტერესო, ურთულეს ბრძოლაში წარიმართა. საქართველოს ორმა საუკეთსო გუნდმა ვაკეში "ლოკომოტივის" სტადიონზე გამართულ საქართველოს თასის ფინალში შესანიშნავად ირაგბა. თასი კი, ზედიზედ მესამედ ,ისევ მის ამჟამინდელ მფლობელ "ლელოს" დარჩა. საქართველოს ჩემპიონებმა რკინიგზელთა გუნდი უშეღავათო ბრძოლაში 23:17 დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ წლეულს საქართველოს ახალი

თასი გათამაშდა, რომლის ესკიზის ავტორია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, მოქანდაკე კი ვეტერანი ქართველი მორაგბე გია ჯაფარიძე.

ფინალური მატჩი დრამატულად წარიმართა. დასაწყისში ლელოელებმა იაქტიურეს და ანგარიში ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა საჯარიმოთი გახსნა

- 3:0. წინდაწინ ვიტყვით, რომ "ლელო" გამარჯვებას სწორედ ირაკლის ფეხჩუბინობას უნდა უმადლოდეს. მან შვიდი საჯარიმოდან ექვსი გაიტა (18 ქულა). რასაც ვერაფრით ვიტყვით მის ვიზავიზე. "ლოკომოტივის" მგეზავმა ბობა კვინიხიძემ ექვსი საჯარიმო დარტყმიდან მხოლოდ ერთი გაიტანა.

ლელოელთა საჯარიმო "ლოკომოტივმა", ცხადია, უპასუხოდ არ დატოვა და სამ წუთში ულამაზესი, კარგად ორგანიზებული, მრავალფაზიანი  იერიში გარემარბმა შალვა შიოშვილმა ლელოთი დაასრულა. შეტევაში თითქმის მთელმა გუნდი მონაწილეობდა, ამიტომ ამ ეპიზოდში რომელიმეს გამოყოფა შეუძლებელია. კვინიხიძემ გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 7:3.

"ლელო", რომელსაც ტრავმების გამო ოთხი წამყვანი უკანახაზელი აკლდა, ძირითადად მორკინალთა მიძალებით ცდილობდა მეტოქის შევიწროებას. რაკსა და მოლში თამაშისას მათ ორჯერ აიძულეს რკინიგზელები წესი დაერღვიათ. ორივეჯერ ყიასაშვილმა ზუსტად დაარტყა, რაზეც კვინიხიძემ ოთხიდან მხოლოდ ერთი ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა - 10:9.

ტაიმის დამთავრებამდე ოთხი წუთით ადრე "ლოკომოტივმა", რომელიც უფრო ცოცხლად, ხალასად გამოიყურებოდა, კიდევ ერთი შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა. ლელოელთა ნახევარზე დანიშნული შერკინებიდან ბურთი მეორეხაზელმა ბაჩუკი გუჯარაიძემ აიტაცა. მეტოქის ხაზი გაჭრა და მარჯვენა ფრთაზე  ოცდაორმეტრიან ზონაში შეაღწია. იქ ბოჭვის არედან გამოტანილი ბურთი მარცხნივ, გრძელ ფრთაზე გამოუთამაშეს მესამეხაზელ ზვიად მაისურაძეს, რომელმაც რამდენიმე მეტრი გაიარა და ბურთი შიგნით ცხრა ნომერ ირაკლი ღვინჯილიას შემოუბრუნა. მას ლელომდე წინააღმდეგობა არ შეხვედრია. გარდასახვა ისევ კვინიხიძემ გაიტანა - 17:9. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ "ლელომ" ტაქტიკა შეცვალა. მორკინალებით მიძალებას თავი დაანება და უკანახაზელები აამოქმედა. შედეგად სათამაშო უპირატესობა მთლიანად ლელოელებმა იგდეს ხელთ იმდენად, რომ რკინეგზელებმა მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში მხოლოდ მატჩის მიწურულსღა შეაღწიეს. როცა ჩათვლის მოედნის მისადგომებთან შტურმი მოაწყევს, თუმცა სახეიროს ვერაფერს გახდნენ.
47-ე წუთზე ყიასაშვილმა ჯერ საჯარიმოთი შეამცირა ანგარიში ხუთ ქულამდე. მერე კი ექვს წუთში ჩემპიონებმა ხელდახელ შეუტიეს, იერიშის მიმართულება რამდენჯერმე შეცვალეს. ბოლოს კი მარცხენა კიდედან ბურთი მარჯვნივ, გრძელ ფრთაზე ბოლომდე ჩაათამაშეს. იქ შექმნილი რიცხობრივი უპირატესობა "ლელოს" გარემარბმა ლექსო გუგავამ კარგად გამოიყენა და მეტოქე დაალელოვა. ყიასაშვილმა კიდიდან ვერ გაიტანა - 17:17.

ერთი ხანობა რკინიგზელები მოედანზე ორი კაცით ნაკლები დარჩნენ. მატჩის არბიტრმა პირველხაზელი ლევან გენებაშვილი და ფულბეკი გურამ კავთიძე ხუთწუთიანი შუალედით გაასინბინა. ერთი სიტყვით, "ლოკომოტივმა" თამაში ვერაფრით დაალაგა. კვინხიძემ კიდევ ორი საჯარიმო ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ყიასაშვილმა დაარტყა ამდენჯერვე ზუსტად და "ლელოს" თასი შეუნარჩუნა - 23:17.

ლელო-ლოკომოტივი 23:17
ლელო (15-9)
ყიასაშვილი, ჯოგლიძე, ანდღულაძე (ცერცვაძე 74), მანჯავიძე, გუგავა, მჭედლიშვილი, კაჭარავა  (1-8) სანიკიძე, ჭყონია,  სუჯაშვილი, ხორბალაძე, აზალაძე, მძინარიშვილი (ი.მაისურაძე 41),  სარდანაშვილი (კვერნაძე 79), კოლელიშვილი (ჭყოიძე 77)
ლ: გუგავა. 6ს: ყიასაშვილი
ლოკომოტივი (15-9) კავთიძე (ხუციშვილი 70), შიოშვილი, ქავთარაძე, კობახიძე, ჟამუტაშვილი, კვინიხიძე, ღვინჯილია.  (1-8) პაპუნა ელოშვილი,  გენებაშვილი, ვეფხვაძე, ოზგებაშვილი (ჩიტიძე 68), გუჯარაიძე, ბერიშვილი, ზ.მაისურაძე, ნიშნიანიძე
2ლ: შიოშვილი, ღვინჯილია. 2გ,ს: კვინიხიძე
მსაჯი: გ.ამირხანაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული