"ბოკეს" კიდევ ერთი სირცხვილი

AutoSharing Option
ახ.ზელანდია-სამ.აფრიკა 40:7
ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, ჯეინი, სმიტი (ვილიამსი 49), ნონუ (სლედი 66), გილფორდი, კარტერი, ქოუანი (ვიპუ 53). (1-8) კროკეტი, ჰორი (ფლინი 71), ფრენკსი (აფოა 42), ვაითლოქი, ვილიამსი, კაიონო (მესამი 58), მაკქოუ, თომსონი.

6ლ: კროკეტი, გილფორდი (2), ჯეინი (2), სლედი. 2გ,2ს: კარტერი.

სამხრეთ აფრიკა (15-9) ლამბიე, ბესონი (ნდუნგანე 66), იაკობსი (ულიფიე 67), დე იონგი, მვოვო, სტეინი (მაკლოიდი 64), პინარი. (1-8) გრეილინგი, სმიტი, კრუხერი (რელეპელე 44), მოსტერტი (კანკოვსკი 71), ჰარგრეივზი, სტიგმანი (დეიზელი 54), დეისელი, როსუ.

ლ: სმიტი. გ: სტეინი
მსჯი: ალან
როლანი (ირლანდია)

როგორც მოსალოდნელი იყო, სამი ერის მეორე ტურის მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა შინ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დიდი ანგარიშით 40:7 მოუგო.

ამ შეხვედრას წინ საკამოდ უცნაური ამბები უძღოდა. ცხადია, გასაკვირი არ იქნება და ისედაც ყველა მიხვდება, რომ ეს უცნაურობა, ვისგან, თუ არა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელის პიტერ დე ფილიერსისგან მოდის. მან სამი ერის გათამაშების დაწყებამდე ოფიციალურად განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის 21 მორაგბეს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები აწუხებთ და დასვენება, იარების მოშუშება სჭირდებათო.

თუმცა ისინი რუსტენბურგის საწვრთნელ ბაზაზე შენიშნეს, სადაც ლამის საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი მოაწყვეს. ერთი სიტყვით, რა უნდა და რას გეგმავს დე ფილიერსი, არავინ უწყის. ძნელი სავარაუდოა, რომ ის ვინმეს, რამეს უმალავდეს, რადგან "ბოკეს" თამაშს, მისი ძირითადი კონკურენტები მსოფლიოს თასზე, ძალიან კარგად იცნობენ და პირიქით.

საქმეს კი, ისეთი პირი უჩანს, მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებს სრული ფიასკო ელის (ცხადია, თუ ასე განაგრძო) და იქნებ დე ფილიერსიც მოიშორონ თავიდან, რომელსაც აქაური რაგბისთვის კარგი არაფერი მოუტანია.

სამხრეთაფრიკელთაგან განსხვავებით მატჩს სრული საბრძოლო შემადგენლობითა და განწყობით შეხვდა ახალი ზელანდიის ნაკრები. "ოლ ბლექსის" მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ შემადგენლობაში, რომელმაც ერთი კვირის წინათ ფიჯის ნაკრებთან ტესტ მატჩში ითამაშა, ოთხი ცვლილება განახორციელა. ძირითადში ითამაშა მგეზავმა დენ კარტერმა, რომელმაც შეხვედრაში 10 ქულა მოაგროვა და ინგლისელი მგეზავის, ჯონი ვილკინსონის მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

"ოლ ბლექსმა" ანგარიში დასაწყისშივე, მე-3 წუთზე კარტერის საჯარიმოთი გახსნა - 3:0. მასპინძლების უპირატესობა იმდენად დიდი იყო, მეთოთხემტე წუთისთვის, უეით კროკეტისა და ზაკ გილფორდის თითო ლელოს წყალობით, უკვე 13 ქულით დაწინაურდნენ - 13:0.

სამხრეთაფრიკელებმა ანგარიშის შემცირება 29-ე წუთზე მოახერხეს. ლელო "ბოკეს" კაპიტანმა ჯონ სმიტმა მიითვალა, გარდასახვა მორნი სტეინმა დაარტყა - 7:13. ეს იყო ბოლო, რაც კი "ბოკემ" ხეირიანი მოიმოქმედა და თავისი მონაგარისთვის აღარაფერი დაუმატებია.

"ოლ ბელქსმა" კი პირიქით, თამაშს უმატა, სისწრაფესაც და ტაიმის დასრულებემდე ორი წუთით ადრე გარემარბმა ქორი ჯეინმა სტუმრებს მესამე ლელო გაუტანა, კარტერმა ეს ლელოც ვერ გარდასახა - 18:7, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

შესვენების შემდეგ მოედანზე არაფერი შეცვლილა. ახალი ზელანდიის ნაკრები ისევ სწრაფად და, როგორც სჩვევია, ლამაზად ირჯებოდა. ექვსი ლელოდან, რომლებიც მასპინძლებმა მეტოქეს გაუტანეს, ხუთი უკანახაზელების ანგარიშზეა.

მეორე ტაიმის დასაწყიშივე ქორი ჯეინმა კიდევ ერთი ლელოს გატანა შეძლო. რასაც ოდნავ მოგვიანებით, შეცვლაზე შესული კოლინ სლედის ლელო მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ სლედმა შუამარბი მაა ნონუ შეცვალა, ანუ გრემ ჰენრი იმდენად დარწმუნებული იყო თავისი გუნდის გამარჯვებაში, რომ თვით მსოფლიო თასის მფლობელთან ექსპერიმენტს მიმართა და ორი მგეზავით თამაში სცადა.

ამ ხერხმა გაამართლა, რადგან მეექვსე ლელო მატჩში ახალ ზელანდიას კიდევ ერთმა გარემარბმა ზაკ გილფორდმა მიითვალა. საბოლოოდ "ოლ ბლექსმა" "ბოკე" 40:7 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ პიტერ დე ფილიერსმა აღიარა, რომ წლეულს სამხრეთ აფრიკის ნაკრები სამი ერის გათამაშებას ვერ მოიგებს. საოცარია, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის ყველას დასცინის. სხვაგვარად მის მიერ გაკეთებული კომენტარების აღქმა უბრალოდ, შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებმა ამ გამარჯვებით "თავისუფლების თასის" შენარჩუნება შეძლო, რომელიც ამ გუნდებს შორის ურთიერთშეხვედრებისას თამაშდება.

აქვე იმაზეც უნდა ვთქვათ, რომ "ოლ ბლექსი" ქომაგების წინაშე კვართების განახლებული დიზაინით წარსდგა. მთლიანად შავ მაისურზე ერთი დეტალი შეიცვალა. ახალზელანდიელთა კვართის საყელო თეთრი გახდა. ამით "ოლ ბლექსის" ამჟამინდელმა თაობამ პატივი მიაგო 1987 წელს მსოფლიო თასის მომგებ ნაკრებს, რომლებიც ანალოგიური კვართებით ასპარეზობდნენ.

"უდიდესი პატივია ახალი ზელანდიის ნაკრების კვართის დიზაინის შექმნაში მონაწილეობის მიღება. თეთრი საყელო კვართებს ჩვენი თხოვნით დაამატეს. "ოლ ბლექსი" თაობებს სწორედ ასეთი ახსოვს. ამაყი ვარ, რომ წილად მხვდა, ამ კვართში გამოწყობილმა, ჩვენი ქვეყნის ღირსება დავიცვა" - თქვა "ოლ ბლექსის" კაპიტანმა რიჩი მაკქოუმ.

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. ავსტრალია - 0, 3. სამხრეთ აფრიკა - 0
6 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია
13 აგვისტო
სამ.აფრიკა-ავსტრალია
20 აგვისტო
სამ.აფრიკა-ახალი ზელანდია
27 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული