ჯეკ ვაითს ბოკეში დაბრუნება სურს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაც პიტერ დე ფილიერსს დიდი ხანია, წყალი შეუდგა. მისი ხელმძღვანელობით "ბოკემ" სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში კატასტროფული შედეგი აჩვენა - ექვსი მატჩიდან ხუთი წააგო. თუმცა სამხრეთ აფრიკის ნაკრების პირველ ფერადკანიან მთავარ მწვრთნელს პრობლემები გაცილებით ადრე, წლევანდელი ივნისის ტესტებამდე დაეწყო.

დე ფილიერსს კონფლიქტი ჰქონდა ნაკრების მწვრთნელთა შტაბში ყველაზე გავლენიან ფიგურასთან, შერკინების მწვრთნელ გარი გოლდთან და რამდენიმე წამყვან მოთამაშესთან, მათ შორის გუნდის კაპიტან ჯონ სმიტთან, რომელიც "ბოკეში" უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. მაშინ სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ეს ამბავი შეძლებისდაგვარად ჩაფარცხა. მოდავენი
თითქოს შერიგდნენ, კონფლიქტი ამოიწურა, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია გამოდგა. პრობლემამ, რომელიც დღემდე არსებობს, თავი არ დამალა, შედეგად კი მსოფლიოს ჩემპიონი და სამი ერის შარშანდელი გამარჯვებული წლევანდელ გათამეშებაში ბოლო ადგილზე გავიდა.

ახლახან სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯეკ ვაითი, რომელმაც "ბოკე" 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახადა, დე ფილიერსის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით გამოვიდა. ის მზადაა, ნაკრები ჩაიბაროს და 2011 წლის მსოფლიო თასზე ტიტულის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს, თუმცა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ორეგონ ჰოსკინსი დე ფილიერსს კბილებით იცავს.

"სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენ ორეგონ ჰოსკინსს უკვე ვუთხარი ჩემი განზრახვის შესახებ. თუმცა მისგან რაიმე გარკვეული პასუხი ვერ მივიღე. არადა, "ბოკეს"თამაშის შემხედვარეს გული მიკვდება. ასეთი ნაკრები მე არ დამიტოვებია.
2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩემ ნაცვლად ნაკრებში "ვესტერნ პროვანსის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს ალისტერ კუციას უნდა ემუშავა. ის ძალიან კარგი სპეციალისტია და ნაკრების თავკაცის პოსტზე ღირსეული კანდიდატურაა. მაგრამ საქმე ისაა, რომ მას ეროვნულ ნაკრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მსოფლიო თასამდე ძალიან ცოტა დრო დარჩება სამუშაოდ.

მე კი "ბოკეში" დიდი ხანია, ვმუშაობდი, ამჟამინდელი გუნდის მორაგბეთა ორ მესამედს ვწვრთნიდი, ძალიან კარგად ვიცი მათი შესაძლებლობები. თუ ნაკრებში დამაბრუნებენ, კუციას თანაშემწედ დავნიშნავ.
ამასთან, უკვე მოველაპარაკე ავსტრალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ედნი ჯოუნზს, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში მუშაობაზე დამთანხმდა.

ვერ წარმომიდგენია, ვის სჯერა იმის, რომ პიტერ დე ფილიერსი მსოფლიო თასამდე ვითარებას გამოასწორებს. დროა, ის თანამდებობიდან გადადგეს. ამ შემთხვევაში "ბოკეს" უმაღლესი რანგის სპეციალისტები ჩაიბარებენ. ჩვენს მორაგბეებს ნამდვილად აქვთ საიმისო პოტენციალი, რომ მომავალ წელს ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასი შეინარჩუნონ" - თქვა ჯეკ ვაითმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული