სიმბოლურია, რომ სწორედ აქ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო. "პუმებმა" სამხრეთ აფრიკის მრისხანე ნაკრებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს და ფრეს გამოჰკრეს ხელი - 16:16.
აქამდე ასე იყო, არგენტინელები თავისი ქვეყნის სიყვარულში, გააზრებულ, მიზანმიმართულ ბრძოლაში სამაგალითონი იყვნენ. ასეა ახლაც - შეხედეთ, როგორ მღერიან ეროვნულ ჰიმნს და კიდევ ერთხელ თავად დარწმუნდებით ამაში.
არგენტინის ნაკრების ყველაზე ძლიერი მხარე დაცვაში თამაშია. ისინი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე იბრძვიან. ასე იყო მენდოსაშიც. მართალია,
ბევრმა შეიძლება ისიც გაიხსენოს, რომ იტალიის ნაკრებმა ექვსი ერის გათამაშების პირველივე სეზონში, პირველივე მატჩში შოტლანდიის ნაკრები დაამარცხა (მაშინ სკოტების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი იყო), მაგრამ მერე დიდხანს ჩაწვა ამ ტურნირის ფსკერზე. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ არგენტინასაც იგივე ხვედრი ელოდება ოთხი ერის გათამაშებაში. გამორიცხული არაფერია, თუმცა თვით ფაქტი ღირშესანიშნავია და, ვფიქრობთ, სადავო არაფერია.
არგენტინის ნაკრები მენდოსაში თამაშამდე ორი დღით ადრე ჩავიდა და აეროპორტში მას ხუთასამდე ქომაგი დახვდა. ამის გამო "პუმებმა" ავტობუსამდე ორმოცდაათი მეტრის გავლას ნახევარი საათი მოანდომეს. მატჩის დღეს კი ქალაქის ბარები და კაფეები შეხვედრის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე გადაჭედილი იყო. ყველა დიდი ამბის მოლოდინში გახლდათ.
სტადიონისკენ კი ქომაგები, ტრადიციისამებრ, ჯგუფებად, სიმღერითა და ხმამაღალი შეძახილებით მიემართებოდნენ. ერთი ეგ იყო, ლუდის ქილები ხელში არავის ეჭირა. ფეხბურთის აბეზარი გულშემატკივრების გამო აქ სტადიონებზე ლუდის შეტანა და დალევა აკრძალულია. ასე რომ, რაგბის ქომაგებს მოთმენა თამაშის დასრულებამდე მოუწიათ.
საოცარია, მაგრამ სტადიონზე ანშლაგი არ შედგა. ტრიბუნებზე დაახლოებით ხუთი ათასი ადგილი თავისუფალი იყო. თუმცა არგენტინელები გვპირდებიან, რომ ლა პლატაში ახალი ზელანდიის ნაკრებთან და მერე ავსტრალიასთანაც სტადიონები პირთამდე შეივსება.
თუმცა ყოველივე ეს არაფრით ადარდებდა იმ 37 ათას ქომაგს, რომელიც სტადიონიდან ამაყი, წელში გამართული ბრუნდებოდა ქალაქში.
"პუმების" საქომაგოდ ამ უზარმაზარი ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩავიდნენ მენდოსაში. მთავარი მათი რაოდენობა არ არის; მთავარი ისაა, რომ ისინი მარტონი არ არიან. მთელი რეგიონი მათ გულშემატკივრობს.
როცა "ოლ ბლექსი" და "ვოლაბები" არგენტინას ეწვევიან, ბრაზილია, ურუგვაი და ჩილე არგენტინას დაუდგება გვერდში. როცა საქმე რაგბის ეხება, "საზღვრები იხსნება" და მთელი სამხრეთ ამერიკა ერთი ხდება.
არგენტინაში რაგბი ვითარდება, პოპულარული ხდება. სწორედ ამიტომაა, რომ ბობოლების ჰეგემონია "პუმებმა" მეორე ტურშივე დაარღვიეს. როგორი საქმეა, ავსტრალიას 0 ქულა აქვს, არგენტინას 2.
"მას შემდეგ, რაც ოთხი ერის გათამაშებისთვის მზადება დავიწყეთ, მხოლოდ ერთი მიზანი დავისახეთ. ტურნირი რომ დასრულდება, უნდა შევძლოთ, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ" - თქვა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ხუან ფერნანდეს ლობემ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"