"ბოკემ" რაზმი უკვე შეკრიბა

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მენდოსაში, არგენტინის ეროვნულ გუნდთან გადატანილი უმძიმესი მატჩის შემდეგ, ოთხი ერის გათამაშების მომდევნო ორ ტურში არანაკლებ რთული გასვლითი მატჩები ელის.

"ბოკე" 8 სექტემბერს პერთში ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ერთი კვირის თავზე კი დანიდინში, ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ოტაგო სთედიუმზე" "ოლ ბლექსს" ესტუმრება.

"ბოკეს" მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა ის 28 მორაგბე დაასახელა, რომლებიც აღნიშნულ ორმატჩიან ტურნეში გაემგზავრებიან. მეიერის რჩეულთა შორის სამი ახალი მორაგბეა. ესენია: იოჰან გუსენი, დუეინ ვერმულენი და ფრანსუა ლოუ. გუნდში ვერ მოხვდნენ კიგან დენიელი და ჯეი ჯეი ენგელბერხტი.

"მენდოსაში
გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ. რაც იქ მოხდა, გამართლება არ აქვს. ჩვენ სრულად გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა და სერიოზულად ვემზადებით მომავალი, ურთულესი მატჩისთვის ავსტრალიის ნაკრებთან.

ბისმარკ დუ პლესის, ჩილიბოი რელეპელეს, პიერ სპისისა, ბიორნ ბესონისა და ჯეი პი პიტერსენის ტრავმებმა ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა. ეს მოთამაშეები უდიდესი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის. თუმცა ამით გზა ეხსნებათ ახალგაზრდა მორაგბეებს, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი პოტენციალი სრულად გამოავლინონ.

თუმცა დანაკლისი მარტო ამით არ შემოიფარგლება. საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეები გვაკლია შერკინებაშიც. ესენია: ხუთრო სტენკამპი, ჰაინრიხ ბროსუ, სხალკ ბურხერი, ხუან სმიტი და რაიან კანკოვსკი.

ამიტომ იძულებული გავხდით, ისევ გამოცდილი დუეინ ვერმულენი და ფრანსუა ლოუ მოგვეწვია.

ასევე, გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებმაც უკვე შესანიშნავად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.

მაგალითად, ებენ ესტებესი, მარსელ კუცია და იოჰან გუსენი" - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მეიერმა.

სამხრეთ აფრიკა
შერკინება: ვილემ ალბერტსი, ანდრიას ბეკერი, კრეიგ ბარდენი, პეტ კილიერსი, მარსელ კუცია, იანი დუ პლესი, ებენ ესტებესი, დინ გრეილინგი, იუანდერ კრიხერი, ტიაან ლიბენბერხი, ფრანსუა ლოუ, ტენდაი მთავარირა, ჟაკ პოთხიტერი, ადრიან სტრაუსი, ფლიპ ფან დერ მერვე, დუეინ ვერმულენი.
უკანა ხაზი: იან დე ფილიერსი, იოჰან გუსენი, ბრაიან ჰაბანა, ფრანსუა ჰუგარი, ზან კირხნერი, პატრიკ ლამბიე, ლვაზი მვოვო, რუან პინარი, ფრანსუა სტეინი, მორნი სტეინი, იანო ვერმაკი.

ჰანსენი-დინსი კარგი მწვრთნელია
ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსეი თანამემამულეს და კოლეგას, ავსტრალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს რობი დინსს გამოექომაგა.

გასულ უქმეებზე ოქლენდში, ავსტრალიის ეროვნულმა გუნდმა "ოლ ბლექსთან" მშრალი ანგარიშით, 0:22 წააგო.

"ვოლაბებმა" ბოლოს ასე უქულოთ ახალ ზელანდიასთან 50 წლის წინათ წააგეს. ჰანსენმა კოლეგა, რომელთანაც ერთად ჯერ კიდევ 2000 წელს ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზში" მუშაობდა, კრიტიკის ქარცეცხლისაგან დაიცვა.

ავსტრალიური მედია რობი დინსის თანამდებობიდან განთავისუფლების შესაძლებლობაზე ალაპარაკდა. მეტიც, გადაჭრით ამბობენ, რომ თუ "ვოლაბებმა" შინ სამხრეთ აფრიკას და სტუმრად არგენტინას ვერ მოუგეს, ახალი მთავარი მწვრთნელი უნდა ვეძებოთო.

"იმის გამო, რომ ავსტრალიამ ვერ მოგვიგო, რობი დინსი ცუდი მწვრთნელი სულაც არ არის. მას საკმაოდ კარგი კარიერა ჰქონდა "კრუსეიდერზში", სადაც შესანიშნავი გუნდი შექმნა და დიდ წარმატებებს მიაღწია. მასთან დიდხანს მომიწია მუშაობამ და ვიცი, რომ რობი ძალიან კარგი სპეციალისტია.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი გუნდი, სადაც დინსი იმუშავებს, ხეირს ნახავს." - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა სტივ ჰანსენმა.

ავსტრალიური მედიის ცნობით, თუ დინსი თანამდებობიდან გადააყენეს, მას სამსახურს სიდნეის "ვორათაზი" შესთავაზებს. ეს გუნდი მისმა თავკაცმა მაიკ ფოლიმ ზე რაგბის გათამაშებაში წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვა და ამჟამად ეს თანამდებობა ვაკანტურია.

ამასობაში თავად ახალი ზელანდიის ნაკრების ბანაკში კარგი ამბებია. გუნდს დაუბრუნდება შუამარბი კონრად სმიტი, რომელმაც თვალზე ოპერაციის გამო ზე რაგბის გათამაშების დასკვნითი ეტაპი და ოთხი ერის პირველი ორი ტური გამოტოვა. სმიტი იაპონიაში სათამაშოდ გადაბარგებულ სონი ბილ ვილიამსის ადგილს დაიკავებს.

სტივ ჰანსენს იმედი აქვს, რომ სმიტი გუნდში ინტეგრირებას უმალვე შეძლებს.

"აი, ასეთი დაძაბული გრაფიკი გვაქვს. კონრად სმიტი ეს-ესაა გამოჯანმრთელდა და უკვე ბრძოლაში უწევს ჩართვა. დარწმუნებული ვარ, ის სათანადო ფორმაში იქნება და გამოცდილების ხარჯზე შეძლებს, გუნდი კიდევ უფრო გააძლიეროს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული