გრემ ჰენრი "პუმების" სამსახურში

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშების მეორე ტურის გმირი, არგენტინის ნაკრები შაბათს ველინგტონში ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"პუმებს" ტრავმების მოშუშების შემდეგ ორი წამყვანი მორაგბე, მგეზავი ხუან მარტინ ერნანდესი და მესამეხაზელი ხუან მანუელ ლეგუსამონი დაემატნენ.

ერნანდესმა მეორე ტურის მატჩი გამოტოვა მენდოსაში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან, ლეგუსამონს კი ოთხი ერის გათამაშებაში ჯერ არ უასპარეზია და რაც უნდა საკვირველი იყოს, ამ ყველაზე გამოცდილ მორაგბეს ახლა დებიუტი აქვს. ორივე "პუმებისთვის" ძალიან სერიოზულ ძალას წარმოადგენს, რაც გვაფიქრებინებს, რომ არგენტინელთა გუნდის თამაშის ხარისხი ბევრად უკეთესი გახდება.

"შარშან გამართულ მსოფლიოს
თასის გათამაშებაში ბიჭებმა ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან შესანიშნავად ითამაშეს. ამჯერადაც ვეცდებით, რომ დაცვაში მაქსიმალურად აგრესიულად გავისარჯოთ, რათა მეტოქეს მრავალფაზიანი შეტევების ორგანიზების საშუალება არ მივცეთ. ჩვენ ოთხი ერის გათამაშებაში იმიტომ ვთამაშობთ, რომ განვვითარდეთ. ამიტომ ვეცდებით, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ" - თქვა არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ხუან მარტინ ფერნანდეს ლობემ.

"პუმები" უკვე ველინგტონში იმყოფებიან და მომავალი მატჩისთვის ემზადებიან. ადგილობრივების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა არგენტინის ნაკრების სავარჯიშო ფორმაში ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი გრემ ჰენრი დაინახეს.

ცნობილი ამბავია, რომ "ოლ ბლექსის" ლეგენდარული თავკაცი, რომელსაც თავისი წარმატებული მოღვაწეობის გამო სერის წოდება უბოძეს, არგენტინის ნაკრების მწვრთნელთა შტაბის კონსულტანტია. არსებობდა მოსაზრება, თითქოს ჰენრი ამ დაკისრებულ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად მიუდგა, თუმცა "პუმების" ვარჯიშზე მისმა გამოჩენამ ჭორების გავრცელებას ყველანაირი საფუძველი მოუსპო.

"არგენტინის ნაკრებში განსაზღვრული როლი მაქვს. გუნდთან ერთად ვიქნები ამ კვირაშიც, მომავალ კვირაშიც და ბოლო ორი მატჩისთვის მზადებისასაც. გამორიცხული არ არის, რომ მომავალ უქმეებზე ახალი ზელანდიის წინააღმდეგ მატჩისას ადგილი არგენტინის ნაკრების მწვრთნელების გვერდით დავიკავო და მათ რჩევებით დავეხმარო. იმედი მაქვს, რომ ამის გამო ახალზელანდიელი ქომაგები არ გამიბრაზდებიან.

პირიქით, ვფიქრობ, რომ ახალი ზელანდიის რაგბის სამყარო მიესალმება კიდეც ასეთ მოვლენებს, როცა ჩვენი სპეციალისტები რაგბის განვითარებაში სხვა ქვეყნებს ეხმარებიან. არგენტინა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ წარმატებული სარაგბო ქვეყანაა, ჯერ კიდევ არ არის ჩვენი ტრადიციული მეტოქე, ისეთივე, როგორიც ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა ან ინგლისი არიან". - თქვა სერ გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდიის ნაკრების ვეტერანი ცხრა ნომერი პირი ვიპუ დარწმუნებულია, რომ ჰენრის არგენტინელებისთვის ბევრი სასარგებლო რჩევის მიცემა შეუძლია, თუმცა ეჭვიც არ ეპარება, რომ ეს "ოლ ბლექსს" პრობლემებს არ შეუქმნის:

"ვფიქრობ, მან არგენტინელებს უთხრა, რა ტაქტიკით ვაპირებთ თამაშს. ამის თაობაზე, მართალი გითხრათ, არ გვისაუბრია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, თუ რა შეუძლია შემოგვთავაზონ თავად არგენტინელებმა.

ისინი ბევრს შრომობენ, ისევე, როგორც ბოლო რამდენიმე წელიწადია და წინ მიიწევენ, პროგრესირებენ. მიმაჩნია, რომ ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობა მათი თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მსოფლიოს ელიტაში კიდევ ერთი ღირსეული წევრი დაგვემატება.

ჩვენ დეტალურად განვიხილეთ მათი ორი მატჩი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან და უკვე ვიცით, რას მოიმოქმედებენ დაცვისას და როგორ გაირჯებიან შეტევის ორგანიზებისას. შარშან, მსოფლიოს თასზე ასპარეზობისას, მათ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერი ძალის გუნდთან ტოლ-სწორად ბრძოლა შეუძლიათ.

ამიტომ "პუმებს" სერიოზულად ვუყურებთ და რაც არსენალში გაგვაჩნია, ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

წლეულს ხუთიდან ხუთივე თამაში მოვიგეთ. მომდევნო ორი მატჩი ჩვენთვის დიდი გამოცდა იქნება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორი გზით მივდივართ და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, ამ გზიდან აღარ უნდა გადავუხვიოთ". - თქვა პირი ვიპუმ.

არგენტინა
ორასიო აგულა, პატრისიო ალბასეტე, მარკოს აიერსა, მარსელო ბოსხი, მარტინ ბუსტოს მოიანო, მაქსიმილიანო ბუსტოსი, გონსალო კამაჩო, რაფაელ კარბალო, მანუელ გარსია, ავგუსტინ კრევი, ხულიო ფარიასი, სხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, სანტიაგო ფერნანდესი, ხუან ფიგალო, ლუკას გონსალეს ამოროსინო, ეუსებიო გიუნასუ, ხუან მარტინ ერნანდესი, ხუან იმოფი, მარტინ ლანდახო, ხუან მანუელ ლეგუსამონი, ტომას ლეონარდი, ხუან პაბლო ორლანდი, მარტინ როდრიგესი, როდრიგო რონსერო, ნიკოლას სანჩესი, ლეონარდო სენატორე, ტომას ვალეხოსი, ნიკოლას ვერგალო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული