ახალი ვარსკვლავი: ბენ სმითი

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშების პირველი ტური უჩვეულოდ უხვლელოიანი გამოდგა.

ორ თამაშში ჯამში 17 ლელო გავიდა, რაც ამ ტურნირისთვის რეკორდულია. ამასთან ერთად, უკვე გამოჩნდა, რომ პირველობისთვის ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები იბრძოლებენ.

წლევანდელი გათამაშება სიდნეიში გაიხსნა, სადაც ავსტრალიის ნაკრებმა მეზობელ ახალ ზელანდიას უმასპინძლა და 29:47 წააგო.

"ვოლაბების" ახალმა მწვრთნელმა ევან მაკკენზიმ ზედ ტურნირის დაწყების წინ გადაწყვიტა რეფორმების გატარება და გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გადაახალისა.

ყველაზე მეტად, ვინც მას არ გაუმართლა, ფულბეკი ჯესი მოგია, რომელიც ძალზედ სუსტად გამოიყურებოდა. კლუბში, შესაძლოა, ის ეფექტურიცაა, მაგრამ
"ოლ ბლექსთან" მატჩში გამოჩნდა, რომ ავსტრალიის ნაკრების კალიბრის მოთამაშე ნამდვილად არ არის.

ალბათ, სწორედ ამის გამოა მაკკენზიმ მატჩის შემდეგ რომ თქვა, მომდევნო შეხვედრაში ფულბეკად იზრაელ ფოლაუს გამოვცდიო. რატომ წვალობს "ვოლაბების" ახალი თავკაცი, გაუგებარია, როცა გუნდში ისეთი უნივერსალი ჰყავს, ჯეიმზ ოკონორი რომ არის.

ერთი სიტყვით, სიდნეიში გამართული ეს შეხვედრა მასპინძლებს აქტივში ნამდვილად ვერ ჩაეწერებათ, რასაც ვერაფრით ვიტყვით ახალზელანდიელებზე. მათ ჩვეულ სტილში, ხელდახელ ბურთაობითა და კონტრშეტევებით მეტოქის ურთულეს მდგომარეობაში ჩაგდებით, ექვსი ლელო გაიტანეს და დამაჯერებლად მოიგეს.

"ოლ ბლექსს" ვარსკვლავები არასდროს აკლდა. ახლაც მათ რიგებში კიდევ ერთი, სრულიად არაორდინარული მორაგბე გამოჩნდა. გარემარბი ბენ სმითი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ჩრდილში დგას და მხოლოდ მაშინ ვხედავთ, მეტოქის ლელოსკენ უსწრაფესად რომ მიჰქრის.

"ვოლაბებს" ერთ მატჩში სამი ლელო გაუტანო, ეს დიდოსტატური შედეგია.

მეორე შეხვედრა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, ყველასთვის მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. მას შემდეგ, რაც შარშანდელ გათამაშებაში "პუმებმა" "ბოკესთან" მატჩში ფრეს მიაღწიეს, მათი გამანადგურებელი ანგარიშით მარცხს ძნელად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებდა.

მასპინძლებმა არგენტინის ნაკრებს ცხრა ლელო გაუტანეს და 73:13 მოუგეს.

"პუმების" მიერ დაგროვებული ცამეტივე ქულა გუნდის ვეტერანის, ფელიპე კონტეპომის ანგარიშზეა. მან ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმო მიითვალა.

კონტეპომი ოთხი ერის ამ გათამაშების დასრულების შემდეგ რაგბიდან წასვლას აპირებს და, საინტერესოა, რა ეშველება არგენტინის ნაკრებს?

ძნელი წარმოსადგენია, მეორე ტურის მატჩში, რომელშიც უკვე მასპინძლები "პუმები" იქნებიან, მათ "ბოკეს" რამე დააკლონ. მით უფრო, რომ არგენტინელებს ტრავმების გამო ორი წამყვანი მორაგბე - პატრისიო ალბასეტე და ხუან მარტინ ერნანდესი არ ეყოლებათ.

ავსტრალია-ახალი ზელანდია 29:47
ავსტრალია (15-9) მოგი (კურიდრანი 52), ფოლაუ, ეშლი-კუპერი, ლეალიიფანო, ოკონორი, ტოომუა (კუპერი 61), გენია (ვაითი 77). (1-8) სლიპერი (სიო 70), მური (ს. ფაინგაა), ალექსანდერი (კეპუ 57), საიმონსი, ჰორვილი, მაკმენიმანი (გილი 52), ჰუპერი (ფერდი 61), მოვენი.
2ლ: გენია, ოკონორი. 2გ,5ს: ლალიიფანო.

ახალი ზელანდია (15-9) დაგი, ბ. სმითი, კ. სმითი, ნონუ, სავეა, კრადენი (ბარეტი 70), ა. სმითი (კერლ ბარლოუ 68). (1-8) ვუდკოქი (ფაუმუნია 61), ჰორი (მეალამუ 42), ო. ფრენქსი (ბ. ფრენქსი 61), რომანო (რეტალეკი 17), ვაითლოქი, მესამი, მაქოა (კენი 72), რიდი.
6ლ: ბ. სმითი (3), კ. სმითი, კრადენი, მაქოა. 4გ: კრადენი (3), ბარეტი. 3გ: კრადენი.
სინბინი: ვაითლოქი.
მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)

სამხრეთ აფრიკა-არგენტინა 73:13
სამხრეთი აფრიკა (15-9) ლე რუ, ბესონი, ენგელბერხტი, დე ფილიერსი, ჰაბანა, სტეინი, პინარი. (1-8) მთავარირა, სტრაუსი, დუ პლესი, ესტებესი, კრუხერი, ლოუ, ალბერტსი, ვერმულენი.
9ლ: საჯარიმო, ენგელბერხტი, სტრაუსი, ალბერტსი, დე ფილიერსი, დუ პრი, ჰაბანა, ვერმულენი, დუ პლესი.
არგენტინა: (15-9) ერნანდესი, კამაჩო, ბოსხი, კონტეპომი, იმჰოფი, სანჩესი, ლანდახო. (1-8) ფიგალო, გინასუ, დიასი, კარისა. ალბასეტე, მატერა, ლეგუსამონი, სენატორე.
ლ,გ,2ს: კონტეპომი.
სინბინი: გინასუ.
მსაჯი: კრის პოლოკი (ახალი ზელანდია)

სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთი აფრიკა - 5 ქულა, 2. ახალი ზელანდია - 5, 3. ავსტრალია - 0, 4. არგენტინა - 0.

II ტური
ახალი ზელანდია-ავსტრალია, არგენტინა-სამხრეთი აფრიკა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილია ბლიად, ბენ სმიტი როგორ არის ახალი ვარსკვლავი 27 წლის კაცია და ნაკრებში ლამისაა 20-ჯერ აქვს უკვე ნათამაშები.
ესეთი არაკომპეტენტური სტატიები როდემდე უნდა იწერებოდეს რაგბზე.
jamel
14:27 19-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული