უორენ გეთლენდი ისევ ძველებს ენდობა

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ახალზელანდიელმა თავკაცმა, უორენ გეთლენდმა ექვსი ერის გათამაშებისთვის გუნდის გაფართოებული, 35-კაციანი სია გააცხადა.

"დრაკონების" შემადგენლობაში ისევ მოხვდა "კარდიფ ბლუზის" 29 წლის უკანახაზელი გევინ ჰენსონი. მართალია, მას ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ მისი უნივერსალიზმიდან გამომდინარე, იმდენად საჭირო მოთამაშეა, რომ გეთლენდი ნაკრებში ჰენსონის გამოძახების თაობაზე არც კი დაფიქრებულა.

ნაკრებს, ისევე როგორც მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიაში სემ ვერბარტონი უკაპიტნებს. შეგახსენებთ, რომ შარშან ექვსი ერის გათამაშებაში ამ ფუნქციას მეთიუ რისი ასრულებდა.

უორენ გეთლენდმა ნაკრებში ექვს ახალბედას უხმო. ყველაზე მოულდნელი ეროვნულ გუნდში
18 წლის გარი რობინსონის გამოძახება იყო. ექვსი ერის გათამაშებისთვის მოემზადებიან ესევე დებიუტანტები: ეშლი ბეკი, რის ვები, რორი ჯოუნზი, ლუ რიდი და ლიამ ვილიამსი.

"დრაკონების" შემადგენლობაში გამოძახებულია აგრეთვე ხუთი ლეგიონერი: ჯეიმზ ჰუკი (პერპინიანი), მაიკ ფილიპსი (ბაიონი), ლი ბირნი (კლერმონი), კრეიგ მიტჩელი (ექსეტერი), და ენდი პაუელი (სეილ შარქსი).

ტრავმის გამო "გეთლენდის რაზმში" ვერ მოხვდნენ ალუნ ვინ-ჯოუნზი, ლუკ ჩარტერისი, ჯოშ ტურუნბული, რონ მაკასკერი და ლოიდ ბერნსი.

უელსის ახალზელანდიელი მწვრთნელის რჩეულთა შორის არ არის 34 წლის ვეტერანი სტივენ ჯოუნზი, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში უელსისთვის სარეკორდო 104 კეპი მოუხვეჭია. სტივს არც ნოემბერში უთამაშია ავსტრალიის ნაკრებთან ტესტ მატჩში, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი სანაკრებო კარიერა დამთავრდა.

მწვრთნელის გადაწყვეტილებას არ დაელოდა და თავად განაცხადა სანაკრებო კარიერის დასრულების თაობაზე თანამადროვე რაგბის ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა, გარემარბმა შეინ ვილიამსმა. ვფიქრობთ, რომ მან გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღო. ვილიამსი ისევ შესანიშნავ ფორმაშია და საკუთარ რიგებში მის ყოფნას ნებიმიერი გუნდი ინატრებდა.

"ყველანაირად ვეცადე, გუნდში იმ მორაგბეთა უმრავლესობა გამომეძახა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში. თუმცა, ამასთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშის საქმეში ხილვაც გვსურს, მანამდე, სანამ ნაკრების რადიკალურად გადახალისებას დავიწყებთ. შესაძლოა ამის აუცილებლობა არც იყოს, ყველაფერს ექვსი ერის მომავალი გათამაშება გვიჩვენებს.

გუნდში რამდენიმე ძალზედ გამოცდილი მოთამაშე გვყავს, რომელთა გვერდით თამაშისას ახალგაზრდებს ბევრი სასარგებლოს ათვისება შეუძლიათ. თუმცა რამდენიმე მართლაც ძალიან საჭირო მოთამაშე ტრავმირებულია, მაგალითად, ალუნ-ვინ ჯოუნზი, ჯოშ ტურუნბული, რობ მაკკასკერი და ლუკ ჩარტერისი.

უელსური რაგბისთვის ამჟამად უმნიშვნელოვანესი დროა, ჩვენ მსოფლიოს თასზე დიდი პოტენციალი გამოვამჟღავნეთ და ვეცდებით ყველაფერი ვიღონოთ იმ პოზიციის შესანარჩუნებლად, რასაც ახალ ზელანდიაში მივაღწიეთ ." - თქვა უორენ გეთლენდმა.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები პირველ მატჩს ექვსი ერის გათამაშებაში სტუმრად გამართავს ირლანდიის ეროვნულ გუნდთან.

უელსის ნაკრები
შერკინება: კრეიგ მიტჩელი (ექსეტერი), ადამ ჯოუნზი, რაიან ბევინგტონი, პაულ ჯეიმზი, ჰიუ ბენეტი, იან ევანსი, რაიან ჟოუნზი, ჯასტინ ტიპურიჩი (ყველა-ოსფრიზი), გეტლინ ჯენკინსი, ბრედლი დევისი, სემ ვერბარტონი (სამივე-კარდიფი), რის ჰილი, როდი ჯოუნზი, მათიუ რისი, კენ ოუენსი, ლუ რიდი (ოთხივე-ჰლანეჰლი), დენ ლაიდიატი, ტობი ფალეტაუ (ორივე-ნიუპორტი), ენდი პოუელი (სეილ შარქსი).
უკანა ხაზი: მაიკ ფილიპსი (ბაიონი), ლოიდ ვილიამსი, ჯიმი რობერტსი, გევინ ჰენსონი, ლეიგ ჰალპფენი, ალექს ქათბერტი, ჰარი რობინსონი (ყველა-კარდიფი), რის ვები, ეშლი ბეკი (ორივე-ოსფრიზი), რის პრისტლენდი, ჯონათან დევისი, სკოტ ვილიამსი, ლიამ ვილიამსი (ოთხივე-ჰლანეჰლი), ლი ბირნი (კლერმონი), ჯეიმზ ჰუკი (პერპინიანი).

ექვსი ერი
5 თებერვალი
ირლანდია-უელსი
12 თებერვალი
უელსი-შოტლანდია
25 თებერვალი
ინგლისი-უელსი
10 მარტი
უელსი-იტალია
17 მარტი
უელსი-საფრანგეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული