"ურჩხულების" საფუძვლიანი ამბიციები

AutoSharing Option
ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი უელსის ნაკრები, რომელიც მსოფლიოს რაგბის მარგალიტია, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე შესანიშნავად გაისარჯა და საბოლოოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

არადა, "ურჩხულებს" შეეძლოთ ფინალშიც ეთამაშათ. ისინი ექვსი ერის პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავენ ირლანდიის ნაკრებთან.
ყოველივე აქედან გამომდინარე, უელსელები ექვსი ერის წლევანდელ გათამაშებაში, ფავორიტებად ითვლებიან. თუმცა, შეძლებენ თუ არა ისინი ახალზელანდიელი მწვრთნელის უორენ გეთლენდის ხელმძღვანელობით მეორედ მოიგონ ეს შეჯიბრება, ამას დიდი კითხვის ნიშანი უზის.

შარშანდელ გათამაშებაში უელსის ნაკრებს მართალია, მცირე, მაგრამ მაინც ჰქონდა ექვსი ერის მოგების შანსი. კარდიფში ინგლისის
ნაკრებთან წაგების შემდეგ, "ურჩხულებმა" ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს, თუმცა ბოლო ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, ფრანგებს მეორე საფეხურიც დაუთმეს.

წლეულს უელსის ნაკრების შემადგენლობაში ისევ მოხვდა "კარდიფ ბლუზის" 29 წლის უკანახაზელი გევინ ჰენსონი. მართალია, მას ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, მაგრამ მისი უნივერსალიზმიდან გამომდინარე, იმდენად საჭირო მოთამაშეა, რომ გეთლენდი ნაკრებში ჰენსონის გამოძახების თაობაზე არც კი დაფიქრებულა.

ნაკრებს, ისევე როგორც მსოფლიოს თასზე ახალ ზელანდიაში სემ ვერბარტონი უკაპიტნებს. შეგახსენებთ, რომ შარშან ექვსი ერის გათამაშებაში ამ ფუნქციას მეთიუ რისი ასრულებდა. ვერბარტონმა, მართალია, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ნახევარფინალში ფრანგებთან მატჩში გუნდი დააღალატა, მაგრამ მისი რეპუტაცია მაინც შეუბღალავია. ეს მსოფლიოს დონის მესამეხაზელია და გუნდისთვის ერთ-ერთ მთავარი საკვანძო ფიგურაა.

უორენ გეთლენდმა ნაკრებში ექვს ახალბედას უხმო. ყველაზე მოულოდნელი ეროვნულ გუნდში 18 წლის გარი რობინსონის გამოძახება იყო.

ექვსი ერის გათამაშებისთვის მოემზადებიან ასევე დებიუტანტები: ეშლი ბეკი, რის ვები, რორი ჯოუნზი, ლუ რიდი და ლიამ ვილიამსი.

უელსლეთა რიგებში ითამაშებს აგრეთვე ხუთი ლეგიონერი: ჯეიმზ ჰუკი (პერპინიანი), მაიკ ფილიპსი (ბაიონი), ლი ბირნი (კლერმონი), კრეიგ მიტჩელი (ექსეტერი), და ენდი პაუელი (სეილ შარქსი).

ტრავმის გამო "გეთლენდის რაზმში" ვერ მოხვდნენ ალუნ ვინ-ჯოუნზი, ლუკ ჩარტერისი, ჯოშ ტურუნბული, რონ მაკასკერი და ლოიდ ბერნსი. ეს საკმაოდ დიდი დანაკლისია, თუმცა ახალზელანდიელს სხვა ნიჭიერი უელსელი მორაგბეების დიდი იმედი აქვს.

გეთლენდის რჩეულთა შორის არ არის 34 წლის ვეტერანი სტივენ ჯოუნზი, რომელსაც აქამდე ეროვნულ გუნდში უელსისთვის სარეკორდო 104 კეპი მოუხვეჭია. სტივს არც ნოემბერში უთამაშია ავსტრალიის ნაკრებთან ტესტ მატჩში, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი სანაკრებო კარიერა დამთავრდა.

უელსელთა ყველაზე დიდი დანაკლისი კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი შეინ ვილიამსია, რომელმაც ნაკრებიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან ნოემბრის ბოლოს მიიღო. უკანასკნელი ინფორმაციით, ის წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ რაგბის თამაშსაც თავს ანებებს და სამწვრთნელო ასპარეზზე გადაინაცვლებს.

უელსის ნაკრები
შერკინება:
კრეიგ მიტჩელი (ექსეტერი), ადამ ჯოუნზი, რაიან ბევინგტონი, პაულ ჯეიმზი, ჰიუ ბენეტი, იან ევანსი, რაიან ჟოუნზი, ჯასტინ ტიპურიჩი (ყველა-ოსფრიზი), გეტლინ ჯენკინსი, ბრედლი დევისი, სემ ვერბარტონი (სამივე-კარდიფი), რის ჰილი, როდი ჯოუნზი, მათიუ რისი, კენ ოუენსი, ლუ რიდი (ოთხივე-ჰლანეჰლი), დენ ლაიდიატი, ტობი ფალეტაუ (ორივე-ნიუპორტი), ენდი პოუელი (სეილ შარქსი).
უკანა ხაზი: მაიკ ფილიპსი (ბაიონი), ლოიდ ვილიამსი, ჯიმი რობერტსი, გევინ ჰენსონი, ლეიგ ჰალპფენი, ალექს ქათბერტი, ჰარი რობინსონი (ყველა-კარდიფი), რის ვები, ეშლი ბეკი (ორივე-ოსფრიზი), რის პრისტლენდი, ჯონათან დევისი, სკოტ ვილიამსი, ლიამ ვილიამსი (ოთხივე-ჰლანეჰლი), ლი ბირნი (კლერმონი), ჯეიმზ ჰუკი (პერპინიანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული