"პომების" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა, სტიურატ ლანკასტერმა გუნდის გაფართოებული, 32-კაციანი სია განაცხადა, რომლებიც მომავალი ორშაბათიდან საწვრთნელ შეკრებაზე მოემზადებიან.
განაცხადში მოხვდა ის 22 მორაგბე, ვინც უელსთან ითამაშა. ლანკასტერმა ისევ უხმო "სტად ფრანსეს" მორეხაზელ ტომ პალმერს. ტრავმა მოიშუშეს შერკინების კვაჭმა ლი მეარსმა და ცხრა ნომერმა ჩარლი ჰოჯსონმა.
"პომების" თავკაცი მგეზავად ისევ ოუენ ფარელს ანიჭებს უპირატესობას. ამ ახალგაზრდა მორაგბემ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.
განსაკუთრებული ქება
"ოუენმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მას რეალურად შეუძლია გუნდის თამაშის წარმართვა და დარწმუნებული ვარ, ჯონი ვილკინსონს სრულფასოვნად მალე შეცვლის. ბურთს შესანიშნავად აკონტროლებს, ფეხითაც ბრწყინვალედ თამაშობს. ეს ის მორაგბეა, რომელსაც გუნდისთვის წარმატების მოტანა შეუძლია. ვამაყობ მისით.
ინგლისის ნაკრებში ახლა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მორაგბეა, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, ასაკი არაფერ შუაშია. ყველა, გამოცდილი თუ გამოუცდელი, მთელის პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.
ყოველ ჯერზე, როცა ინგლისის ნაკრების კვრათს ვიცვამ, ყველაფერს ვაკეთებ წარმატების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ უელსთან წავაგეთ, ჩვენი ბიჭებით მაინც ამაყი ვარ" - თქვა მანუ ტუილაგიმ.
ინგლისის ნაკრები
შერკინება: მორის ბოთა. კლუმ კლარკი, ალექს კორბიშერო, დენ კოლი, ტომ კროფტი, პაულ დორან ჯოუნზი, ფილ დოუსონი, დილან ჰართლი, კორტნი ლავი, ჯო მარლერი, ლე მეარსი. ბენ მორგანი, ტომ პალმერი, ჯეფ პერლინგი, კრის რობშო, მეთ სტივენსი, თომას ვალდრომი, რობ ვებერი.
უკანა ხაზი: კრის ეშტონი, ბრედ ბარიტი, მაიკ ბრაუნი, ლი დიკსონი, ოუენ ფარელი, ტობი ფლუდი, ბენ ფოდენი, ჩარლი ჰოჯსონი, ჯო სიმპსონი, ჩარლი შარპლსი, დევიდ სტრიტლი, მანუ ტუილაგი, ჯორდან ტერნერ-ჰოლი, ბენ იანგზი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"