უელსელთა ბოლო მეტოქე კარდიფში, მილენიუმზე საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელთანაც შარშან ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ნახევარფინალში დამარცხდნენ. მასპინძლებმა ამჯერად რევანშის აღება შეძლეს, 13:6 გაიმარჯვეს და ექვს ერზე პირველობა არავის დაანებეს.
მატჩის გმირად თამამად შეიძლება ვაღიაროთ უელსის ნაკრების ფულბეკი ლეიგ ჰალპფენი, რომელმაც 3 საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (11 ქულა). სამიდან ერთი საჯარიმო ჰალპფენმა 52 მეტრიდან დაარტყა.
უელსელები მთელი მატჩის
"წითელი ურჩხულების" მომავალი სამიზნე ახლა სამხრეთნახევარსფეროელი ბობოლები არიან. მათ ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი ბოლოს 1953 წელს დაამარცხეს. სამხრეთ აფრიკისთვის კი უელსის ნაკრებს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოუგია. ხოლო ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან ბოლო შვიდი შეხვედრიდან ექვსი წააგეს.
"ჩვენი მთავარი მიზანი ახლა სამხრეთ ნახევარსფეროს ელიტური ქვეყნების დამარცხებაა. უელსის ნაკრები, ძირითადად, ახალგაზრდა მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც უახლოესი წლების განმავლობაში უფრო მოუმატებენ და უკეთ თამაშს შეძლებენ." - თქვა უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლენდმა.
ექვსი ერის გათამაშებაში მეორე საფეხურზე ინგლისის ეროვნული ნაკრები გავიდა, რომელსაც დროებითი მთავარი მწვრთნელი სტიუარტ ლანკასტერი ავარჯიშებდა. "პომებმა" ბოლო მატჩში, შინ, "თვიქნემზე" ირლანდიის ნაკრები 30:9 დაამარცხეს.
ინგლისელთა შორის გამორჩეული იყო მგეზავი ოუენ ფარელი, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა (ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა). ყოველივე ამის გამო ლანკასტერის შანსი, ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს, საგრძნობლად გაიზარდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ფავორიტია. მას კონკურენციას უწევენ იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ნიკ მალეტი და სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის ყოფილი დამრიგებელი ჯეკ ვაითი.
"ყველა ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაზე ლაპარაკობს. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ თუ გინდა ინგლისის ნაკრებს დაკარგული რენომე აღუდგინო, საჭიროა კარგად იცნობდე ამ ქვეყნის საკლუბო რაგბს, იქ მოთამაშეთა შესაძლებლობებს, ახალგაზრდა, ნიჭიერ ბიჭებს.
ვფიქრობ, რომ ყველა ამ პირობას ვაკმაყოფილებ, ნაკრებში მუშაობის გამოცდილებაც მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ინგლისის ნაკრებთან ერთად წარმატებებს მივაღწევ" - თქვა სტიუარტ ლანკასტერმა.
ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების "ხის კოვზი" კი შოტლანდიის ნაკრებს ერგო. "სკოტებმა" ყველა მატჩი წააგეს. ბოლო შეხვედრაში მათ სტუმრად, რომში, "სტადიო ოლომპიკოზე" ვერაფერი გააწყვეს იტალიის ეროვნულ გუნდთან - 6:13.
V ტური
იტალია-შოტლანდია 13:6, უელსი-საფრანგეთი 16:9, ინგლისი-ირლანდია 30:9.
სატურნირო მდგომარეობა
1. უელსი - 10 ქულა, 2. ინგლისი - 8, 3. ირლანდია - 5, 4. საფრანგეთი - 5, 5. იტალია - 2, 6. შოტლანდია - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"