პარა თუ იაშვილი

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების მეორე ტურის მატჩებმა ფავორიტები მკვეთრად გამოკვეთა. ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებმა იმის გარდა, რომ ორიდან ორივე მატჩი მოიგეს, თამაშის ხარისხითაც დააგვანახვეს, რომ დიდი სლემის შესრულებას, ანუ ყველა თამაშის მოგებას შეეცდებიან.

მეორე ტური ლონდონში, "თვიქნემზე" "პომებისა" და "სკუადრა აძურას" დაპირისპირებით დაიწყო. ინგლისელებმა მეტოქეს კუდით ქვა ასროლინეს და დაახლოებით ისეთივე დღე აყარეს, როგორიც საქართველოს ნაკრებმა ერთი კვირის წინ უკრაინის ეროვნულ გუნდს.

მასპინძლებმა იტალიელებს რვა ლელო გაუტანეს. აქედან ოთხი ინგლსიელთა ამომავალი ვარსკვლავის, გარემარბ კრის ეშტონის ანგარიშზეა. კვლავ შესანიშნავად ითამაშა მგეზავმა ტობი
ფლუდმა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეორედ მოხვდა. ჯონი ვილკინსონი კი ისევ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მესამე ტურში, სავარაუდოდ, ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული გაირკვევა. ინგლისის ნაკრები საფრანგეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს, რომელიც სტუმრად ირლანდიაში გამარჯვებას - 25:22, ცხრა ნომერ მორგან პარას ფეხჩუბინობას უნდა უმადლოდეს.

"სამყურებს" ფრანგების დამარცხება რელურად შეეძლოთ. მათ ბოლო წუთზე სახიფათო შეტევისას, ზედ ლელოს ხაზთან, ბურთი ხელიდან გაუვარდათ. წარმოშობით ქართველმა ცხრა ნომერმა დიმიტრი იაშვილმა მორგან პარა 53-ე წუთზე შეცვალა და გუნდს ხუთი ქულით შეეწია (თითო საჯარიმო და გარდასახვა).

ყველა დაძაბულ ორთაბრძოლას ელოდა ედინბურგში, "მერიფილდზე" შოტლანდიისა და უელსის ნაკრებების მატჩში, თუმცა ამაოდ. "სკოტებმა" საკუთარ არენაზე ძალიან უსახურად ითამაშეს და სტუმრებს მხოლოდ ექვსი ქულა აართვეს.

კვლავ გაიბრწყინა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ, გარემარბმა შეინ ვილიამსმა, რომელმაც ორი ლელო მიითვალა. გაამართლა უელსელთა მგეზავმა ჯეიმს ჰუკმაც. ის შესანიშნავად უძღვებოდა თამაშს და გუნდს 14 ქულა მოუტანა (ოთხი საჯარიმო და გარდასახვა).


II ტური
ინგლისი-იტალია 59:13
ინგლისი: 8ლ - ეშტონი (4), კუეტო, თინდოლი, კერი, ჰესკელი. 8გ: ფლუდი (5), ვილკინსონი (3). ს: ფლუდი.
იტალია: ლ - ონგარო. 2ს,გ: ბერგამასკო

შოტლანდია-უელსი 6:24
შოტლანდია: 2ს - პარქსი.
უელსი: 2ლ - შ.ვილიამსი (2). 4გ,ს: ჰუკი.

ირლანდია-საფრანგეთი 22:25.
ირლანდია: 3ლ - მაკფედანი, ჰისლიპი, ოლირი. 2გ: სექსტონი, ოგარა. ს: ოგარა.
საფრანგეთი: ლ: მედარი. 5ს - პარა. გ,ს - იაშვილი.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.ინგლისი 2 2 0 0 +53 4
2.საფრანგეთი 2 2 0 0 +16 4
3.უელსი 2 1 0 1 +11 2
4.ირლანდია 2 1 0 1 -1 2
5.შოტლანდია 2 0 0 2 -31 0
6.იტალია 2 0 0 2 -48 0


III ტური, 26 თებერვალი
იტალია-უელსი, ინგლისი-საფრანგეთი, შოტლანდია-ირლანდია

სიმბოლური ნაკრები
15. ლუკ ფიცჯერალდი (ირლანდია), 14. კრის ეშტონი (ინგლისი), 13. ორელიან რუჟერი (საფრანგეთი), 12. ჯიმი რობერტსი, 11. შეინ ვილიამსი (ორივე-უელსი), 10. ტობი ფლუდი (ინგლისი), 9. მორგან პარა (საფრანგეთი).
1. კიან ჰილი (ირლანდია), 2. ვილიამ სერვა (საფრანგეთი), 3. დენ კოლი (ინგლისი), 4. პოლ ოკონელი (ირლანდია), 5. ტომ ფელმერი (ინგლისი), 6. შონ ობრაიენი (ირლანდია), 7. სემ ვერბარტონი (უელსი), 8. იმანოლ არინორდოკი (საფრანგეთი).




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული