რიჩარდ პარქსმა რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ყოფილმა მესამეხაზელმა რიჩარდ პარქსმა, რომელმაც რაგბის თამაში მძიმე ტრავმის გამო ერთი წლის წინათ შეწყვიტა, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. მან ექვს თვეში, 11 დღესა და 53 წუთში მსოფლიოს ყველა კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი და ორივე პოლუსი დალაშქრა.

პარქსის ბოლო ექსპედიცია გუშინ დასრულდა. მან დილი 8 საათსა და 53 წუთზე ფეხი იალბუზის მწვერვალს დაადგა. ჯერ კიდევ მწვერვალზე მყოფმა თქვა, რომ ის რაც მოხდა, ჯერ კიდევ არ აქვს ბოლომდე გაცნობიერებული.

"პატარა შოკი ვარ. როცა შინ დავბრუნები და ნორმალურ გარემოში, თბილ კერიასთან დავჯდები, მაშინ
დავფიქრდები რა მოხდა. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ. რაც დავისახე ყველაფერი შევძელი. არადა რამდენი წინააღმდეგობის დაძლევამ მომიწია. მით უფრო სასიხარულოა და ბედნიერია ეს წამები.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა სპონსორს და ჩემს მშობლებს, რომლებმაც უზარმაზარი ძალისხმევა გასწიეს საიმისოდ, რომ ეს რეკორდი დამემყარებინა. დავრწმუნდი, რომ ადამიანი თუ მოინდომებს და არ დაიზარებს, ყველაფრის მიოღწევა შეუძლია. ეს ფანტასტიკაა", - თქვა რიჩარდ პარქსმა.

შეგახსენებთ, რომ პარქსმა მოგაზაურობა შარშან 10 დეკემბერს დაიწყო. პირველად ის სამხრეთ პოლუსისკენ გაემართა. მერე კი ერთმანეთის მიყოლებით დალაშქრა მწვერვალები დელანი, ვინსონი, აკონკაგუა, კილიმანჯარო, კარსტენზის პირამიდა, ევერესტი, ჩრდილოეთ პოლუსი და ბოლოს იალბუზი.

აღსანიშნავია, რომ რიჩარდ პარქსმა ყოველივე ამაში მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიმუშავა, რომელსაც უელსელი რეკორდსმენი ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული