ყოველივე აქედან გამომდინარე, მოუთმენლად ელოდა ყველა, როგორ შემადგენლობას შეარჩევდა ნაკრების მწვრთნელი გრემ ჰენრი. მის მიერ დასახელებული 30 მორაგბედან 16 მორკინალია და 14 უკანახაზელი. "ოლ ბლექსს" ჩვეულებრივსამებრ მესამეხაზელი რიჩი მაკქოუ უკაპიტნებს, რომლისთვისაც მსოფლიოს თასის ეს გათამაშება მესამე იქნება. ასევე მესამედ ითამაშებენ მსოფლიოს თასზე დენ კარტერი, კევინ მეალამუ, მ
"უწინარესად, მინდა მივულოცო იმ მოთამაშეებს, ვისაც პატივი ხვდა წილად საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვას მსოფლიოს თასის გათამაშებაში. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის შინაურ კედლებში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოსთვის იბრძოლონ.
ამასთან ერთად, მინდა, მადლობა გადავუხადო და პატივისცემა გამოვხატო იმ მოთამაშეების მიმართ, რომლებიც მოსამზადებელ პერიოდში ჩვენთან ერთად იყვნენ, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ, მაგრამ გუნდის საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდენენ. ისინი ყველა ღირსეული ადამიანები და მორაგბეები არიან.
ნაკრების იმ მოთამაშეებს, რომლებიც ახლახან შევარჩიეთ, კონკრეტული დავალების შესრულება ყველაზე უკეთ შეუძლიათ. ვფიქრობთ, რომ გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული. "ოლ ბლექსში" ცხრა ისეთი მორაგბეა, თითოეულს ეროვნულ გუნდში 50 კეპი რომ აქვს მოხვეჭილი. ამასთან ერთად გვყავს შვიდი ისეთი მოთამაშე, რომლებსაც ათი-ათი კეპიც არ დაუგროვებიათ. მაგრამ გუნდში ახალგაზრდული მონდომებითა და ენთუზიაზმით გამოირჩევიან.
ქომაგებისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. კარგად გვესმის, რომ მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდება ასპარეზობის დაწყებას და ჩვენი გამარჯვებების მოლოდინში ხელებს იფშვნეტენ." - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ.
ახალი ზელანდიის ნაკრების მიღმა დარჩენენ ისეთი მაღალი დონის მოთამაშეები ხოსე გეარი, სიტივენი სივივატუ, ბენ სმიტი, ლიამ მესამი, უაიტ კროკეტი და ჯერარდ ჰოეთა რომ არიან. ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშიც არ იყო გარემარბი ჯო როკოთოკო.
ახალი ზელანდიის ნაკრები ამჟამად ავსტრალიაში, ბრისბენში იმყოფება და ამ ქვეყნის ნაკრებთან სამი ერის გათამაშების ბოლო მატჩისთვის ემზადება. იქიდან დაბრუნებული "ოლ ბლექსის" მოთამაშეები მოკლევადიან შვებულებაში წავლენ, ოჯახებს მოინახულებენ. მერე კი ოქლენდში შეიკრიბებიან და ყველა იმ ქალაქს მოივლიან, სადაც მსოფლიოს თასის გათამაშების მატჩები გაიმართა.
"ოლ ბლექსი" გახსნით მატჩში 9 სექტემბერს ტონგას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ახალი ზელანდია
შერკინება: კორი ფლინი, ენდრიუ ჰორი, კევინ მეალამუ, ჯონ აფოა, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი. ტონი ვუდკოქი, ენტონი ბორიჩი, ბრედ თორნი, სამუელ ვაითლოქი, ალი ვილიამსი, ჟერომ კაინო, რიჩი მაკქოუ, კირან რიდი, ადამ თომსონი, ვიქტორ ვიტო.
უკანა ხაზი: ჯიმი ქოუანი, ენდი ელისი, პირი ვიპუ, დენ კარტერი, კოლინ სლედი, რიჩარდ კაჰუი, მაა ნონუ, კონრად სმითი, სონი ბილ ვილიამსი, იზრაელ დაგი, ზაკ გილფორდი, კორი ჯეინი, მალილი მულიაინა, ისაია ტოეავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"