მარტინ ჯონსონი: შეხედეთ საქართველოს, ისინი უკვე პროფესიონალები არიან

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშებაში მონაწილე გუნდები ახალ ზელანდიაში რიგრიგობით ჩადიან. საქართველოს ნაკრების მეტოქე ჯგუფურ ტურნირში ინგლისის ეროვნული გუნდი უკვე მეორე დღეა ოქლენდში იმყოფება. "პომებმა" განტვირთვის მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ციოდა, იახტებით გაისერნეს. მოგვიანებით კი ინგლისელთა თავკაცმა მარტინ ჯონსონმა პრესკონფერენცია გამართა.

"დიახ, ჩვენ უკვე ახალ ზელანდიაში ვართ, მსოფლიოს მთელი სარაგბო ოჯახი აქ არის. წინ დიდი ბრძოლები გველის. შესანიშნავი დახვედრა მოგვიწყვეს. ძალზედ მოხიბლულები ვართ.

მასპინძლებს, ცხადია, გამარჯვების დიდი შანსი აქვთ, ნურავინ იფიქრებს, რომ სამი ერის გათამაშბაში განცდილი ორი მარცხი მათ ფავორიტთა სიიდან
წაშლის. ისინი შინ თამაშობენ, და მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეული უპირატესობაა, ამასთან საკმაოდ მძიმე ტვირთია. შინ რომ თამაშობ, შენგან ყველა გამარჯვებას ელოდება, ეს არ შეიძლება ფსიქოლოგიურად არ გთრგუნავდეს, მაგრამ მიზანი იმდენად სასურველია, რომ ამად ღირს.

დაივიწყეთ, რაც აქამდე ხდებოდა - ვინ ვისთან წააგო და რატომ? ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ეს მსოფლიოს თასის გათამაშებაა, სადაც აბსოლუტურად ყველას თანაბარი სასტარტო პირობები აქვს. ყველა თამაში ცალკე აღებული, უნიკალურია და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, მეტოქესთან როდის წააგე ან მოიგე.

არ მგონია, რომ რაგბიში განსკუთრებით განსხვავებული სტილით მოთამაშე გუნდები არსებობდნენ. ამიტომ, ვფიქრობ, იმის თქმა, მსოფლიოს თასს რომელი სტილის რაგბის მიმდევარი გუნდი მოიგებს, უაზრობაა. მოიგებს ის, ვინც ყველანაირ ზეწოლას გაუძლებს, ვინც უკეთ იქნება ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მომზადებული.

მსოფლიოს თასზე ასპარეზობა სულ უფრო და უფრო რთული ხდება. გუნდები ვითარდებიან, იზრდებიან, ოსტატობა ემატებათ. აქ სუსტი გუნდები არ არიან. შეხედეთ საქართველოს ნაკრებს, მას უკვე ჰყავს რამდენიმე მაღალი კლასის პროფესიონალი მოთამაშე და შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს წინააღმდეგობა გაუწიოს.

ჩვენ აუცილებლად ჩავალთ ქრაისჩერჩში. რომ არა მიწისძვრა, რომელმაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქალაქი მნიშვნელოვნად დააზარალა, იქ ორი მატჩი უნდა გაგვემართა. ჩვენი სტუმრობით გვინდა, როგორღაც მხარი დავუჭიროთ, ვუთანაგრძნოთ ქრაისჩერჩელებს.

გუნდში ექვსი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს, თუმცა იმედი მაქვს არგენტინის ნაკრებთან 10 სექტემბერის პირველი თამაშისთვის ყველა მათგანი შეძლებს გამოჯანმრთელებას.

ნაკრების კაპიტანმა ლუის მუდიმ ფეხი უელსის ნაკრებთან მატჩში დაიშავა, მისი რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ახალ ზელანდიაში ჩამოვიყვანეთ ცხრა ნომერი ბენ იანგზი, რომელმაც მძიმე ოპერაცია გადაიტანა და მალე თამაშს დაიწყებს. ტომ ვუდი და ნიკი ისთერი ბოლო ტესტ მატჩში ირლანდიის ნაკრებთან არ ვათამაშეთ, რადგან მიკრო ტრავმების გართულებას მოვერიდეთ. ბოლო შეხევდრაში დაშავდენენ ასევე მარკ კუეტო და მაიკ თინდოლი, თუმცა საშიში არაფერია და მსოფლიოს თასის გათამაშებაში სტარტზევე ჩაებმებიან." - თქვა მარტინ ჯონსონმა.

ამასობაში კი, საკმაოდ პესიმისტური განცხადება გააკეთა 2003 წლის მსოფლიოს თასის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, მარტინ ჯონსონის ყოფილმა თანაგუნდელმა ლოურენს დალალიომ. მას მიაჩნია, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს თასის მოსაგებად მზად არ არის.

"გულზე ხელი დავიდოთ, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ალალად ვთქვათ, ინგლისის ნაკრები ახალ ზელანდიაში ფავორიტი არ არის. ის არც პირველი და არც მეორე ნომერი გუნდია.

რას უნდა ველოდოთ ჩვენი ნაკრებისგან ამ მსოფლიოს თასზე? თუ ბიჭები შეძლებენ და ნახევარფინალში გააღწევენ ეს კარგი იქნება. ვფიქრობ, თვითონ მოთამაშეები და ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ აზრს იზიარებს. შესაბამისად, მიღწეულითაც გაიახარებენ.

ცხადია, ამით ბედნიერი ვერ იქნება მარტინ ჯონსონი, მაგრამ ინგლისს დღესდღეობით მეტი არ შეუძლია. რა იქნება ამ მსოფლიოს თასის შემდეგ? გვეყოლება უკეთესი გუნდი?- დიახ, რა თქმა უნდა. მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმზე პირველად ასპარეზობს, მათთვის ახალ ზელანდიაში გამართული ბატალიები უდიდესი გამოცდილება იქნება. რაც სამომავლოდ ბრწყინვალე სამსახურს გაუწევს.

მერწმუნეთ, პირადი გამოცდილებიდან ვიცი. 1999 წელს ძალიან გვინდოდა მსოფლიოს თასის მოგება, მაგრამ ჯერ მზად არ ვიყავით, ოთხი წლის შემდეგ კი ავსტრალიაში გუნდი უკვე მომწიფებული იყო ტრიუმფისთვის. ასეა ახლაც. ეს ნაკრების პირველობისთვის მზად არ არის. 2015 წლის მსოფლიოს თასზე კი, რომელიც ინგლისში გაიმართება პომები უმთავრესი ფავორიტები იქნებიან და დარწმუნებული ვარ ვებ ელისის თასს ინგლისიდან არავის გაატანენ.

ბევრი ლაპარაკობს, ჩემი და მარტინ ჯონსონის ურთიერთობების დაძაბვაზე, რომ თითქოს მარტინი საგრძნობლად გამოიცვალა. ეს სიმართლე არ არის. ჯონსონს გამარჯვებულის სული აქვს, მისი მენტალიტეტი წაგებას ვერაფრით ეგუება. ის მწვრთნელია და, როგორც ყველაფერში, აქაც საუკეთესო უნდა რომ იყოს. შესაბამისად, საკმაოდ მძლავრი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაა მოქცეული და ფრთხილობს, მკვეთრ, გადამჭრელ გადაწყვეტილებებს არ იღებს. ეს არის და ეს. რამდენად მართებულია მისი სამწვრთნელო ფილოსოფია, ახალ ზელანდიაში, მალე გამოჩნდება" - თქვა ლოურენს დალალიომ.

ინგლისური რაგბის ერთ-ერთი თავალსაჩინო წარმომადგენელი, დალალიო, ბოლო ხანს ინგლისის ნაკრების თავკაცს და მის შტაბს ხშირად აკრიტიკებს. ძნელი სათქმელია, რითაა გამოწვეული მისი ასეთი აქტიურობა, თუმცა, გამორიცხული არ არის ლოურენსი "პომების" მესაჭეობას უმიზნებდეს, რათა ოთხი წლის შემდეგ, შინაურ კედლებში, ვებ ელისის თასის შინ დატოვებას შეეცადოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული