კონტეპომის აღიარებითი ჩვენება

AutoSharing Option
მსოფლიოს თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ფავორიტებმა მოსაგები მოიგეს, თუმცა ეს ყველას მხოლოდ პატიოსანი გარჯის ხარჯზე არ მიუღწევია. რამდენიმე მატჩის საბოლოო ანგარიშზე მსაჯებმა, უფრო სწორად კი მათმა შეცდომებმა, უშუალოდ იქონიეს გავლენა.

ყველაზე ახალი, თუ შეიძლება ითქვას, სკანდალი, B ჯგუფის ცენტრალურ მატჩში, არგენტინისა და შოტლანდიის ნაკრებების დაპირისპირებისას მოხდა. თამაშის დასრულებას აღარაფერი აკლდა, "პუმები" მინიმალური სხვაობით იგებდნენ. "სკოტები" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში მიძალებით ცდილობდნენ ჩათვლის მოედანში შეღწევას.

არგენტინელთა დაცვას რომ ვერაფერი დააკლეს, ბურთი უკან დენ პარქსს გაუტანეს არეკნის დასარტყმელად, თუმცა მას
ლამის ფეხზე "დააჯდა" ფელიპე კონტეპომი, რომელმაც, როგორც განმეორებისას გამოჩნდა, თამაშგარე მდგომარეობიდან ითამაშა.

მატჩის არბიტრმა, ინგლისელმა უენ ბარნსმა, იმის მაგივრად, რომ "სკოტების" სასრგებლოდ ჯარიმა დაენიშნა, არგენტინელებს 22-მეტრიანი ზონიდან თავისუფალი დარტყმის საშუალება მისცა. რომ არა ბარნსის ეს შეცდომა, ცხადია, მოედანზე მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდა.

თავად კონტეპომიმ ამ ეპიზოდზე თქვა:
"მისთვის (უეინ ბარნსისთვის) ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება. ის ზურგით იდგა და ვერ მხედავდა".
ვფიქრობთ, ეს კონტეპომის "აღიარებითი ჩვენებაა".

უეინ ბარნსი სკანდალურად ცნობილი არბიტრია, მის "ნამუსზე" ბევრი გამწარებული გუნდია, მათ შორის საქართველოს ნაკრებიც. ინგლისელმა, რომელსაც, რატომღაც IRB-ში კარგი რეპუტაცია აქვს, "ბორჯღალოსნებს" 2006 წლის ოქტომბერში, ბუქარსეტში მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის მატჩში უმსაჯა. იმ მატჩზე თავად გახლდით და დღემდე ძალიან მწარედ მახსენდება.

ასევე ცუდად ახსოვთ ბარნსი ახლზელანდიელებსაც 2007 წლის მსოფლიოს თასზე საფრანგეთის ნაკრებთან მეოთხედფინალში წაგების გამო.

მოდით, ახლა ახალზელანდიელებზეც ვთქვათ, უფრო ზუსტად კი შაბათს იმავე ფრანგებთან გამართულ შეხვედრაზე. თამაშის საწყისი ათი წუთი აშკარად "ლე ბლოსი" იყო. ერთ-ერთ ეპიზოდში, ფრანგთა ქართული წარმოშობის ცხრა ნოიმერმა დიმიტრი იაშვილმა ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე გარემარბ მაქსიმ მედარს გადაუკიდა.

ამან, ლელოდან ორიოდ მეტრში შეძლო მაღალ ნახტომში ბურთის დაჭერა, მაგრამ მეტოქემ ჰაერშივე მოცელა. ცხადია, მსაჯს, ირლანდიელ ალან როლანს, რომელსაც ასევე ხშირად განუსჯია "ბორჯღალოსანთა" შეხვედრები, ჯარიმა უნდა დაეფიქსირებინა და რადგან ეს ბოლო იმედის იყო, საჯარიმო ლელოც ფრანგებისთვის უნდა მიეკუთვნებინა. მაგრამ არბიტს მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლია. რადგან ძირს დანარცხებულ მედარს ბურთი ხელიდან გაუვარდა "ოლ ბელქსის" სასარგებლოდ შერკინება დანიშნა.

მანმადე კი, რამდენიმე წუთით ადრე, მარჯვენა ფრთაზე შეტევა მგეზავმა მორგან პარამ 22-მეტრიან ზონაში ფეხის შეცურებით განავითარა, თუმცა სანამ ბურთს მიჰყვებოდა, მეტოქემ უმოწყალოდ დასცა. უბურთოზე თამაშის გამო არბიტრსაქაც საჯარიმო უნდა დაენიშნა, მაგრამ...

ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ანგარიში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი. მერე რა მოხდა და როგორ მოიგეს მასპინძლებმა, ამის მოყოლას არ შევუდეგბი. იმედია, ზემოთ ნაამბობთან ერთად "ოლ ბლექსის" მორაგბეთა შესანიშნავი ლელოებიც ნახეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული