ჯონი ტიტანიკივით ჩაიძირა

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში ინგლისის ნაკრების გამოსვლას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, რაც გასაკვირი სულაც არ არის.

"პომები" მოედანზეც და მის მიღმაც ამაზზრზენად გამოიყურებოდნენ. ინგლისის ნაკრების მორაგბეები ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე სკანდალში გაებნენ, რასაც გუნდის თამაშზე უკვალოდ არ უნდა ჩაევლო. ასეც მოხდა. მარტინ ჯონსონის სამწყსომ მეოთხდფინალში საფრანგეთის ნაკრებთან წააგო და სამშობლოში შერცხვენილი დაბრუნდა.

ყოველივე ამის შემდეგ გაზეთ "სანის" სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი სტივ ჰოვარდი ჯონი ვილკინსონის მზის ჩასვენებაზე წერს. გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან.

"ჯონი ვილკინსონი ფეხბურთელ დევიდ ბექჰემთან ერთად ამ
თაობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და ცნობილი ვარსკვლავი იყო. "ვილკომ" ეროვნულ ნაკრებსა და "ბრიტანელ ლომებში" ჯამში 97 კეპი მოიხვეჭა. 2003 წელს კი "პომებს" მსოფლიოს თასი მოაგებინა. სულ კარიერაში ნაკრებს 1246 ქულა შესძინა, რაც დენ კარტერის საუკეთესო მაჩვენებელზე ოთხი ქულით ნაკლებია.

თუმცა, ყველაფერი ოდესღაც იწყება და როდესმე მთავრდება.ვფიქრობთ ვილკინსონის სანაკრებო კარიერაც დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისელთა გუნდს 19:12 მოუგო, "ტიტანიკი" კი 1912 წელს ჩაიძირა. გასულ უქმეებზე ცუდად მართული ინგლისური "გემი" ამ ქვეყნის რაგბისთვის ერთ ბნელ საღამოს ფრანგულ აისბერგს შეასკდა და ჩაიძირა.

ინგლისის ნაკრებმა მომდევნო 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადება ახლავე, დღეიდანვე უნდა დაიწყოს. საამისოდ პირველ რიგში გუნდიდან უნდა დაითხოვონ ჯონი ვილკინსონი, მაიკ თინდოლი, სტივ ტომსონი, ლუის მუდი, საიმონ შოუ, მარკ კუეტო და ნიკ ისთერი. ისინი ოთხი წლის შემდეგ ნაკებისთვის ძალიან ბებრები იქნებიან.

უფრო მეტიც, დრო ენდრიუ შერიდანის, ლუის დიკონის, ტომ პალმერის, შონთაი ჰეპისა და მეთ სტივენსის წინააღმდეგ მუშაობს.

ჯონი ვილკინსონისთვის, რომელიც 2003 წლის მსოფიოს თასის გმირი იყო, ახალ ზელანდიაში გამართული ტურნირი საშინელი სიზმარივით დარჩება. თანაგუნდელებისგან განსხვავებით ის წესიერი კაცი და ნამდვილი სპორტსმენია, თუმცა მხოლოდ მისი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ინგლისის ნაკრებს საქვეყნოდ სირცხვილი არ ეჭამა.

საკმარისი არ იყო და, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჯონი ის აღარ არის რაც იყო. "ვილკო" ტიტანიკივით ჩაიძირა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული