ახალი ზელანდია 3, ლივერმონი 1

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალურ მატჩში, "ოლ ბლექსისა" და "ლე ბლოს" მომავალი დაპირისპირება, ცხადია, დიდ ინტერესს იწვევს. ერთი შეხედვით, ფავორიტი ამ წყვილში მასპინძელთა გუნდია, თუმცა თამამი განცხადებებისგან ყველა თავს იკავებს და ფრანგთა გუნდისგან სასწაულს ელოდებიან. მაგრამ თუ სტატისტიკას თვალს გადავავლებთ, ფრაგებისთვის ვერაფერ სახეიროს ვიპოვით.

მას შემდეგ, რაც "ლე ბლოს" სათავეში მარკ ლივერმონი ჩაუდგა, ეს გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდენ. აქედან ფრანგებმა მხოლოდ ერთი, პირველი შეხვედრა მოიგეს, ბოლო სამი კი "ოლ ბლექსის" დიდი უპირატესობით წარიმართა.

ახალი ზელანდია-საფრანგეთი 22:27
(2009 წლის
13 ივნისი. დანიდინი)
ექვსი ერის გათამაშებაში გამარჯვების შემდეგ მარკ ლივერმონის სამწყსომ კიდევ ერთი გმირობა ჩაიდინა და თავის ისტორიაში "ოლ ბლექსს" ახალ ზელანდიაში მეოთხედ მოუგო. ახალზელანდიელები იმუქრებოდნენ 2007 წლის მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხის გამო (18:20) რევანშს ავიღებთო, მაგრამ "ლე ბლოს" უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდნენ. ფრანგებმა სამი ლელოს გატანა მოახერხეს. თავი ფრანსუა ტრინ-დუკმა, მაქისმ მედარმა და ვილიამ სერვატმა გამოიჩინეს.

ფრანგები ყველა კომპონენტში სჯობდნენ მასპინძლებს, რომლებსაც ლიდერები დენ კარტერი და რიჩი მაქოა აკლდათ.

ახალი ზელანდია-საფრანგეთი 14:10
(2009 წლის 20 ივნისი, ველინგტონი)
დანიდინში მოგებული მატჩის შემდეგ ლივერმონი და კომპანია ოცნებობდა პიერ ბერბიზიეს დროინდელი მიღწევის გამეორებას. მისი ხელმძღვანელობით "ლე ბლომ" 1994 წელს ორჯერ დაამარცხა "ოლ ბლექსი" მისსავე მოედანზე. თუმცა ოცნება, ოცნებადვე დარჩა.

წვიმისა და ცივი ქარის პირობებში საფრანგეთის ნაკრებმა მატჩის ბოლო, დასკვნითი ათწუთიანი მონაკვეთი ჩააგდო და მასპინძლებს შეხვედრა ოთხი ქულის სხვაობით დაუთმო.

საფრანგეთი-ახალი ზელანდია 12:39
(2009 წლის 28 ნოემბერი, მარსელი)
ახალი ზელანდიის ნაკრების შემადგენლობაში რიჩი მაქოას, დენ კარტერისა და სიტივენი სივივატუს ყოფნამ ამ გუნდის თამაში საგრძნობლად შეცვალა. ეს სულაც არ იყო ის "ოლ ბლექსი", რომელიც იმავე წლის ივნისის ტესტებზე ვნახეთ. ფრანგები გაოცებული იყვნენ მეტოქის მორაგბეების სისწრაფით, თუმცა დასაწყისი მათთვის წარმატებული იყო.

ფრანგმა მორკინალებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა, ფაბიან ბარსელა და სილვენ მარკონე გატანილ ლელოებს ზეიმობდნენ, თუმცა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. ახალზელანდიელებმა უკანა ხაზი სრული სიმძლავრით აამოქმდეს და მასპინძლებს ხუთი ლელო გაუტანეს. არადა ფრანგებიც არ იყვნენ ცუდ ფორმაში, ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ ორი კვირით ადრე, ტულუზში მსოფლიო თასის მფლობელ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მოუგეს - 20:13. ასე რომ, ლივერმონს და მის მებრძოლებს კარგად დაფიქრება მართებთ.

ახალი ზელანდია-საფრანგეთი 37:17
(2011 წლის 24 სექტემბერი, ოქლენდი)
მსოფლიოს თასის წლევანდელი გათამაშების ჯგუფურ ტურნირში საფრანგეთის ნაკრებს, ფაქტიურად, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამიტომ ანგარიში "ოლ ბლექსის" სასარგებლოდ თავიდანვე სწრაფად იზრდებოდა. "ლე ბლო"-ს სამარცხვინო ანგარიშით წაგების საფრთხე დაემუქრა.

მეორე ნახევარში ფრანგები უკეთ ათამაშდნენ და ორი ლელოს გატანა მოახერხეს. ამას მოჰყვა კანადისა და იაპონიის ნაკრებთან დიდი ანგარიშით გამარჯვება. მერე კი იყო ამ ტურნირის ყველაზე დიდი სენსაცია, მარცხი ტონგას ნაკრებთან. "შერხცვენილი სახელი" საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა მეოთხედფინალში "პომების" დაძლევით აღიდგინა.
რა იქნება კვირას?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული