"ლე ბლო" ბევრჯერ გაგვაოცებს

AutoSharing Option
ახალ ზელანდიაში დასრულებული მსოფლიო თასის გათამაშება ჯერ კიდევ დიდხანს იქნება სარაგბო სპეციალისტების განსჯის საგანი.

გასაანალიზებელი ჯერ კიდევ ბევრია. წინასწარი ინფორმაციით მსოფლიო თასის ეს გათამაშება ფინანსურად წამგებიანი გამოდგა. ამიტომ, ცხადია, საინტერესოა რა გზით განაგრძობს განვითარებას მსოფლიოს რაგბი.

ამჯერად,  მსოფლიო თასის ფინალისტის, საფრანგეთის ნაკრების შესახებ ვიმსჯელოთ. ეს ქვეყანა სარაგბო თვალსაზრისით ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და ახლობელიცაა, რადგან ქართველ ლეგიონერთა აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ საფრანგეთის ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში ასპარეზობს.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლის თასზე არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა. ჯგუფურ ტურნირში '"ლე ბლომ" ორი თამაში წააგო. თუ ახალ
ზელანდიასთან მარცხი გასაგები და მისაღებია, ტონგასთან წარუმატებლობას არავინ ელოდა. თუმცა, მერე პლეი ოფში ასპარეზობისას გამოჩნდა, რომ ფრანგებს შესანიშნავი რაზმი ჰყავთ და ფინალში თამაში სამართლიანად დაიმსახურეს.

უცნაურია, მაგრამ საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ "ლე ბლოს" მწვრთნელის მარკ ლივერმონის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მსოფლიო თასის წინ მიიღო. მისი შემცვლელიც მალევე დაასახელეს, დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" თავკაცი ფილიპ სენტ-ანდრე. ის ახალ ზელანდიაში იმყოფბოდა და მომავალ შეგირდებს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ თაობათა შორის წყვეტა ფრანგულ რაგბიში არასდროს ხდება. ფრანგთა ამჟამინდელ ნაკრებში ბევრი ისეთი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელთა უკვე საკამოდ მდიდარ გამოცდილებას მომავალი მწვრთნელი თამამად უნდა დაეყრდნოს. მაქსიმ მედარი, მორგან პარა, ფრანსუა ტრინ-დუკი, ლუი პიკამოლი, ფაბიენ ბარსელა, ფულენსე უოდრაოგო, მაქსიმ მერმოსი და ტომა დომინგო - ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში თავიანთი მხრებით უნდა ზიდონ ნაკრების ლიდერების მძიმე ტვირთი.

საფრანგეთი მდიდარია ნიჭიერი მორაგბეებით. ამ ქვეყნის სამხრეთში რაგბი ესმით და უყვართ არანაკლებ, ვიდრე ახალ ზელანდიაში. რაგბი აქ უდავოდ სპორტის ნომერ პირველი სახეობაა. რაგბის "ლე ბლოსეული" სტილი ყოველთვის გამორჩეული იყო, ის სხვას არასდროს ჰგავდა.

რაგბის პროფესიულ ერაში, ფრანგთა თამაში რომანტიკულთან ერთად პრაგმატულიც გახდა, იხვეწება და, შესაბამისად, "ლე ბლო" მომავალშიც ბევრჯერ გაგვაოცებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული