ევროთასების გათამაშება იწყება

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ევროთასების გათამაშება იწყება. ახალ ზელანიდიაში გამართული მსოფლიო თასის გათამაშების დასრულების შემდეგ ვარსკვლავები თავიანთ კლუბებს დაუბრუნდნენ და "ჰეინეკენის თასისა" და "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" იბრძოლებენ. ევროსარბიელზე მართლაც საკმაოდ ბევრი ვარსკვლავი გაიბრწყინებს და მათ შორის ქართველი მორაგბეებიც იქნებიან.

ფრანგული "ტულონის" ძირითად შემადგენლობაში აქამდე მხოლოდ ერთი ქართველი დავით ქუბრიაშვილი თამაშობდა. ამჯერად "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების პირველ ტურში იტალიურ "პადოვასთან" ტულონელთა თავკაცმა, საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტმა ძირითად შემადგენლობაში ერთბაშად ორი ქართველი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე დააყენა.
ჩვენებურთათვის ტულონელთა მთავარ გუნდში ეს სადებიუტო მატჩია.
ახლა კი იმ ვარსკვლავებზე გიამბობთ, რომლებსაც ევროთასების გათამაშებაში ვიხილავთ.

ჯონ აფოა (ახალი ზელანდია, ალსტერი)
ახალზელანდიელი შერკინების ბურჯი წლეულს "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა. აფოა ირლანდიურ კლუბში დათქმულ დროზე ადრე ჩავიდა, რადგან მისმა დუბლიორმა ტრავმა მიიღო და შეცვლა სჭირდებოდა. ის საგანგაშო სიგნალს გულისხმიერად მოეკიდა და უკვე გასულ უქმეებზე "ქონოთის" წინააღმდეგ ითამაშა.

"ალსტერი" ხვალ შინ ფრანგულ "კლერმონს" უმასპინძლებს და ირლანდიელთა მწვრთნელს, ბრაიან მაკლაფლინს იმედი აქვს, რომ აფოა სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს "ვუკანების" ბურჯებს დავით ზირაქაშვილსა და ტომა დომინგოს.

ჯონ აფოა ირლანდიურ კლუბს ვერაფრით დაეხმარება, რადგან მისი მეგობრის, მსოფლიოს თასის კიდევ ერთი გამარჯვებული ჯერომ კაინოს ქორწილში მეჯვარედ არის მიწვეული.

მამუკა გორგოძე (საქართველო, მონპელიე)
სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშის სახელი მოიხვეჭა. მამუკა გორგოძეს ოვალური ბურთით თამაშის დიდოსტატებიც უფრთხიან. მისი მონპელიე "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში შინ მიიღებს ირლანდიურ "ლენსტერს".

ირლანდიელებს დღესაც მწარედ ახსოვთ 2007 წლის მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა. აი რას წერს გორგოძეზე და ჩვენს ნაკრბზე ირლანდიური "ინდეპენდენტი": "2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ, მეორე დილას ირლანდიელი მორაგბეები, ალბათ საშინელმა სიზმარმა გამოაღვიძა. ეჭვს გარეშეა, მათ მამუკა გორგოძე ელანდებოდათ. "მონპელის" ქართველი მესამეხაზელი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მორაგბეა ევროპულ რაგბიში და ის ბევრს საშინელებად გადაექცა. როცა უზარმაზარი მთაკაცი თქვენსკენ მთელი სიჩქარით მოჰქრის, ძნელია მისი სახე დაივიწყო.

ვინც 2011 წლის მსოფლიოს თასს თვალყური ადევნა, კარგად ემახსოვრება როგორ გარღვევებს აკეთებდა ის შოტლანდიის ნაკრებთან მატჩში, როგორი საშიში იყო ინგლისელებისთვის, როგორ გაუტანა ლელო რუმინეთის ეროვნულ გუნდს და რა მამაცურად იბრძოდა არგენტინის წინააღმდეგ.

საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, მაგრამ ვინც მათ წინააღმდეგ თამაშობდა, კარგად იცოდა, რომ გამარჯვებას იოლად ვერ მოიპოვებდა. ქართველებს რომ უკეთესი უკანა ხაზის მოთამაშეები ჰყავდეს, ჩვენ მათ ნაკრებს უფრო ხშორად ვნახავდით და არა ოთხ წელიწადში ერთხელ."

ლუკ ბარჯესი (ავსტრალია ,ტულუზი)
ავსტრალიელი მგეზავი ბოლო წლებში ვილი გენიას ჩრდილის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ბარჯესისთვის რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავის სახელი მოეხვეჭა, 28 წლის ლუკი მსოფლიოს თასის გათამაშების წინ ტრავმებმა დატანჯეს, თუმცა გამოჯანმრთელება მოასწრო და "ვოლაბებთან" ერთად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ფრანგული რაგბის გრანდმა "ტულუზმა" მასთან ერთად წლეულს ისეთი ვარსკვლავები მიიწვია ლუკ მაკალისტერი, ხუთრო სტენკამპი და ნიკოლას ვერგალო რომ არიან. ეს უკანასკნელი სწორედ ბარჯესის კონკურენტია, თუმცა თუ ავსტრალიელს შანსს მისცემენ, ის აუცილებლად გაიბრწყინებს.

სტივენ დონალდი (ახალი ზელანდია, ბასი)
"ჩიფსის" ყოფილი მგეზავი "ოლ ბლექსში" ამ პოზიციაზე მეოთხე ნომერი იყო. მაგრამ სტივენი უსაზღვროდ იღბლიანი ყოფილა. მას შემდეგ რაც ერთმანეთის მიყოლებით დაშავდნენ დენ კარტერი, კოლინ სლედი და აარონ კრადენი, ნაკრების თავკაცმა გრემ ჰენრიმ საშველად მას უხმო. დონალდს გააუმართლა და თვითონაც გაამართლა. ახალზელანდიელებს მსოფლიოს თასი, ფაქტობრივად, მის მიერ ფინალში გატანილმა საჯარიმომ მოუტანა.

27 წლის მგეზავი ინგლისურ "ბასში" გადაბარგდა და თავის კარიერაში ახალი წიგნის წერას იწყებს. "ჰეინეკენის" თასის გათამაშების ჯგუფურ ტურნირში სტივენ დონალდისა და "ბასის" მეტოქეები შოტლანდიური "გლაზგო", თასის ამჟამინდელი მფლობელი ირლანდიური "ლენსტერი" და მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიეა". დონალდს მათ დაძლევაშო ბუჩ ჯეიმზი, ოლი ბარკლი და მეთ ბანაჰანი დაეხმარებათ.

სიტივენი სივივატუ (ახალი ზელანდია, კლერმონი)
"ოლ ბლექსის" ყოფილი გარემარბი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ თავდამსხმელად მიიჩნევა. მიუხედავად ამისა, სიტივენი სივივატუ ახალი ზელანდიის ნაკრებში ვერ მოხვდა. წარმოშობით ფინელმა 2010-2011 წლების სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა "ოლ ბლექსის" თავკაცმა გრემ ჰენრიმ ის ნაკრებს ჩამოაშორა.

სივივატუმ სამხრეთ ნახევარსფერო დატოვა და საფრანგეთს მიაშურა, სადაც დავით ზირაქაშვილის "კლერმონის" ღირსებას დაიცავს.

"ვულკანებისთვის" ეს უდიდესი შენაძენია. კლერმონელებს სივივატუს იმედი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტულონის თამაში გუშინ იყო, სამივე ქართველმა ითამაშა, ჩილაჩავა და მიქაუტაძე ძირითადში იყვენენ, დუდუ ჩილაჩავას მარქაფაში, და მეორე ტაიმში შეცვალა, თუმცა მცირე ტრამვა მიიღო და ისევ ჩილაჩავა გამოვიდა, მიქაუტაძე 60 წუტზე შეცვალეს...
რაც მთავარია ჩილაჩავამ მატჩის პირველი და ტავისი სადებიუტო ლელო დადო ტულონის მთავარ გუნდში, რომელიც მისთვისაც და მიქაუტაძისთვისაც სადებიუტო იყო, წარმატებები ბიჭებს!!!
omar korgazakhia
11:37 11-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული