ვინ ზევით, ვინ ქვევით

AutoSharing Option
გასული კვირა დახუნძლული იყო რაგბის სიახლეებით. უქმეებზე კი ევროთასების გათამაშების მორიგი ტური გაიმართა. საინტერესოა, ვინ გამოიჩინა და ვინ შეირცხვინა თავი.

წარმატებულები

რონან ოგარა (მანსტერი): "ბებერი რონი" არასდროს იყო პოპულარული ირლანდიის საზღვრებს გარეთ. ძირითადად ალბათ იმიტომ, რომ მას ჩვევად ექცა მეტოქეს გამარჯვება ბოლო წამებზე გამოსტაცოს ხელიდან. "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ოგარამ ჯერ ინგლისური "ნორსჰემპთონი", შემდეგ კი ფრანგული "კასტრი" დაამწუხრა მატჩის ბოლო წუთზე გატანილი დიდოსტატური არეკნით. ის მშიშარა არასდროს ყოფილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ოსტატობასთან ერთად, რკინის ნერვებიც ჰქონია.

ლენსტერი (ირლანდია): "ჰეინეკენის თასის" გათამაშების
პირველ ტურში "მონპელიესთან" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, "ლენსტერმა" მეორე ტურში შოტლანდიურ "გლაზგოს" თამაში საწყის 25 წუთში დაუმთავრა. ირლანდიელებმა დროის ამ მონაკვეთში ოთხი ლელო გაიტანეს და ერთი პრემიალური ქულაც დაიბევეს. მოკლედ, უფრთხილდით ბიჭებს დუბლინიდან.

ჰლანეჰლი, ედინბურგი, ლესტერი, ტულუზი, ჰარლიქუინზი - ესენი ის გუნდები არიან, რომლებმაც ევროთასებზე ორიდან ორივე მატჩი მოიგეს და შესაბამისად საკუთარ ჯგუფებში გალიდერდნენ. განსაკუთრებით, ხაზგასმით, აღსანიშნავია შოტლანდიური "ედინბურგის" წარმატება, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ირლანდიელი მაიკ ბრედლი თავკაცობს.

"ბიარიცის"  შერკინება: ბასკურმა გუნდმა წლევანდელ სეზონში შინ პირველად გაიმარჯვა. "ბიარიცმა" არც მეტი, არც ნაკლები, ინგლისის ჩემპიონი "სარასენზი" დაამარცხა. ამას ბასკებმა, ძირითადად, შერკინებაში მოპოვებული უდიდესი უპირატესობის წყალობით მიაღწიეს. 36 წლის სილვენ მარკონემ ყველას დაუმტკიცა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია მძიმე ჭაპანის ზიდვა, როცა ამის საჭიროება ვითარებამ მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო არ უთამაშია, ბასკების ერთ-ერთ ლიდერს, ქართული წარმოშობის ცხრა ნომერ დიმიტრი იაშვილს.

შერცხვენილები

ემლინ ჩელენჯ კაპი: 49:3... 59:6... 68:0... ეს მხოლოდ ნაწილია იმ დიდი ანგარიშით დასრულებული მატჩებისა, რომლებიც გასულ უქმეებზე "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში გაიმართა.

ცხადია, ამ ტურნირის ჩატარებას, რომელიც "ჰეინეკენის თასის" გათამაშების შემდეგ პრესტიჟით მეორე საკლუბო შეჯიბრებაა, აზრი აქვს. რადგან მასში შეიძლება დაოსტატდნენ მეორე ეშელონის ქვეყნების გუნდები. მაგრამ, შესაძლოა, უკეთესი იქნებოდა, თუ ის სხვა, ყველასათვის უფრო მისაღები ფორმატით ჩატარდებოდა.

მაგალითად, გასულ უქმეებზე პარმაში, ადგილობრივი "კროკიატისა" და ინგლისური "ვორსტერის" მატჩს სულ 300 ქომაგი ესწრებოდა. არადა ინგლისურ კლუბს იტალიაში გატარებული უქმეები საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ცხადია, კარგია კონკურენცია, მაგრამ მაშინ, როცა გიგანტი "სტად ფრანსე" შინ "ბუქარესტს" ანადგურებს, ყველანაირი ინტერესი იკარგება.
იქნებ ტურნირის სამსაფეხურიანი სტრუქტურა წინ გადადგმული ნაბიჯი გამოდგეს?

ჟაკ დელმასი: ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელია. ჟაკ დელმა 2008 წელს "ბიარიციდან" გაანთავისუფლეს. 2010 წელს კი "სტად ფრანსეში" სულ რაღაც ექვსი თვე იმუშავა. ახლახან კი ოთხთვიანი მოღვაწეობის შემდეგ კატალონიური "პერპინიანიდან" გაუშვეს. შეგახსენებთ, რომ ეს სამი კლუბი ბოლო წლებში საფრანგეთში ყველაზე წარმატებულები არიან. წარმოუდგენელია, იმ თითქმის იდეალურ სტრუქტურაში, რომელიც ამ კლუბებს აქვს აწყობილი, საქმეს თავი როგორ ვერ უნდა გაართვა.
როგორც ამბობენ, ინლისში ნაკრების მწვრთნელს ეძებენ.

ნიულენდს სთედიუმი: "ბიარიცი" და "სარასენზი" მოუთმენლად ელოდნენ იმ დღეს, როცა "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში ერთმანეთს უნდა დაპირისპირებოდნენ. თუმცა მათ იმედი გაუცრუვდათ. შეხვედრა კეიპთაუნში ფართო, ნათელი, ულტრათანამედროვე "რენდ კეიპთაუნ სთედიუმის" ნაცვლად, ტყეპარკში მდებარე ძველ, ნესტიან, ჩამოძონძილ "რაგბის სახლზე" გაიმართა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული