მსოფლიოს რაგბის მმართველი ორგანო შეწუხებულია იმ ფაქტით, რომ რაგბი სულ უფრო კარგავს თავის ვაჟკაცურ სულს და ფეხბურთს ემსგავსება, როგორც ვიზუალურად ისე შინაგანი კულტურით. კერძოდ კი, IRB-ს არ მოსწონს მაისურების საყელოები და მიაჩნია, რომ ასე ფეხბურთელები იცვამენ. ასევე აკრიტიკებს მორაგბეთა საქციელს, წინააღმდეგია სხვადასხვა ფერის ბუცებით თამაშის, ლელოს გიჟურად აღნიშვნისა და ხელოვნური გარუჯვის.
IRB-მ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც არის შეიმუშაოს მკაცრი კანონები, რითაც შესაძლებელი იქნება რაგბის იმიჯის გადარჩენა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განსახილველი საკითხი სწორედ ჩაფხუტების თემა იქნება.
"რატომღაც რაგბის სამყაროში შლემის მიმართ არამართებული დამოკიდებულება აქვთ. ზოგიერთი მორაგბე და ქომაგიც ფიქრობს, რომ ჩაფხუტი ეფექტური საშუალებაა მძიმე ტრავმისგან დასაცავად. ეს ასე არ არის. მას შეუძლია უმნიშვნელო ჭრილობისაგან და დალილავებისაგან დაგიცვას, მაგრამ ვერაფერს გახდება ისეთი დარტყმის წინააღმდეგ, რომელსაც ტვინის შერყევის გამოწვევა შეუძლია. ამიტომ, ვფიქრობთ, ის სრულიად ზედმეტია", - თქვა IRB-ს ანალიტიკოსმა რობერტ კლივმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"