"ტულონს" მადა გაეხსნა

AutoSharing Option
დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" მულტიმილიონერ პრეზიდენ მურად ბურჯელალს მადა გაეხსნა. თუ აქამდე ჩვენებურთა გუნდის პატრონი სამხრეთნახევარსფეროელებს "ერჩოდა" და გუნდში კოლექციასავით აგროვებდა, ახლა ვექტორი შეცვალა და მზერა ბრიტანეთს მიაპყრო.

ამაზე გავლენა, ალბათ, "ტულონის" მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ ლაპორტამ იქონია. ის მოლაპარაკებას დღესდღეობით "ბრიტანელი ლომების" შერკინების ბურჯ გეთინ ჯენკინსთან აწარმოებს. აღსანიშნავია, რომ ჟენკინს, რომელიც ამჟამად "კარდიფ ბლუზში" თამაშობს, თავისკენ ფრანგული "პერპინიანი" და ინგლისური "ბასი" ექაჩება.

ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენკინსი უკვე შეხვდა ლაპორტს და წინასწარი სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეულია.
ამასთან საფრანგეთის სამხრეთში მოლაპარაკებაზე მალე გაემგზავრება ინგლისის ნაკრების შერკინების ბურჯი ენდრიუ შერიდანი.

უკვე გადაწყვეტილია, რომ მომავალი სეზონიდან "ტულონში" ითამაშებს "ტულუზისა" და საფრანგეთის ნაკრების შერკინების კვაჭი ვილიამ სერვა. ბურჯელალს თავისი გუნდის რიგებში ბასკი ფაბიენ ბარსელას ხილვაც უნდოდა, მაგრამ "ბიარიცის" შერკინების კვაჭმა უარით გაისტუმრა.

თუ ჯენკინსი "ტულონში" გადაბარგდება, ის "ბრიტანელი ლომების" კიდევ ერთი წარმომადგენელი იქნება. დღეისთვის კი ტულონელთა რიგებში თამაშობენ ჯონი ვილკინსონი, ჯო ელ-აბდი, დინ სკიფილდი და ეფიონ ლუის-რობერტსი. მათ ჯენკინსთან ერთად, შესაძლოა, ინგლისის ნაკრების მორაგბე დელონ არმითიჯიც შეუერთდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"ტულონს" მადა გაეხსნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული