სტიუარტ ლანკასტერი შეიძლება სამუდამოდ დარჩეს

AutoSharing Option
ინგლისის რაგბის კავშირის გენერალურმა დირექტორმა, სტივენ ბრაუნმა განაცხადა, რომ სტიუარტ ლანკასტერმა შესაძლოა ინგლისის ნაკრების საჭე 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებამდე ანუ ოთხი წლით ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ ლანკასტერი ამჟამად ინგლისის ეროვნული გუნდის დროებითი მწვრთნელია და მან ეს თანამდებობა, წესით, ექვსი ერის გათამაშების შემდეგ უნდა დატოვოს. მანამდე კი ინგლისის რაგბის კავშირმა ნაკრებისთვის შესაფერისი მწვრთნელის კანდიდატურა უნდა მოიძიოს. თუმცა, გამორიცხული არაა ყველაფერი პირიქით მოხდეს.

"სტიუარტ ლანკასტერმა მუშაობა შესანიშნავად დაიწყო. დარწმუნებული ვარ ამ შთამბეჭდავი საქმიანობის ნაყოფს ის მალე მოიმკის. თუ მისი სურვილიც იქნება, ჩვენ
ვიმსჯელებთ და გამორიცხული არ არის ნაკრების მწვრთნელად დავტოვოთ. ნაკრებში კარი არავისთვისაა დაკეტილი. მაგრამ, მთავარია, ისეთი გუნდი შეიქმნას, რომელიც არამარტო მიღწევებით იქნება გამორჩეული, არამედ დისციპლინითაც სამაგალითო იქნება.

ლანკასტერმა ამ მიმართულებით საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გასწია და ამან უკვე გამოიწვია პოზიტიური ძვრები" - თქვა სტივ ბრაუნმა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებმა ახალ ზელანდიაში თავი შეირცხვინა. "პომების" ქომაგებისთვის არამარტო გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი იყო მიუღებელი, არამედ ცალკეული მორაგბეების საქციელიც. ამან, როგორც ინგლისის რაგბის კავშირის კომერციული დირექტორი სოფი გოლდშმიტი ამბობს, ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები შეუქმნა.

"ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა გვეღონა საიმისოდ, რომ შებღალული რეპუტაცია აღგვედგინა. ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოში განსკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან. ყველას აინტერესებს ამ გუნდში მიმდინარე პროცესები, მის მიერ ნაჩვენები შედეგები.

იმ უმსგავსო ფაქტებმა, რაც ახალ ზელანდიაში მოხდა, ჩვენი ბევრი სპონსორი დააფრთხო. ისინი გაკვირვებით იჩეჩდნენ მხრებს. შესაბამისად, სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგვექმნა. ახლა, როცა ლანკასტერმა გარკვეული ცვლილებები განახორციელა, იმედი გვაქვს, რომ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება" - თქვა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული