ვიქტორ მეტფილდი ბრუნდება?

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდი შესაძლოა, რაგბის დაუბრუნდეს.

34 წლის ლეგენდარულმა მორაგბემ, რომელიც 2007 წლის "ოქროს ბოკეს" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, სარაგბო კარიერის დასრულების თაობაზე განცხადება 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების დასრულებისთანავე გააკეთა.

თუმცა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა ჰაინკე მაიერმა მას სთხოვა, ბუცები ლურსმნიდან ჩამოეხსნა და ეროვნულ ნაკრებს დაბრუნებოდა. მაიერს სურს, მეტფილდი ივნისში, ინგლისთან სამმატჩიან სერიაში ათამაშოს.

"ჰეინკე მეიერმა მთხოვა რაგბიში დაბრუნება. ჯერჯერობით ვფიქრობ და გადაწყვეტილებას მივიღებ. იმისთვის, რომ მწვანე მინდორს დავუბრუნდე, ძალიან ბევრმა გარემოებამ უნდა შემიწყოს
ხელი. თამაშს თავს რომ დაანებებ, მერე უკან დაბრუნება ძალიან ძნელია. ამიტომ დადებითი პასუხის გაცემა ამ შემოთავაზებაზე ძალიან გამიჭირდება.

ჰეინკე მაიერის ნაცვლად, ასეთი წინადადებით სხვას რომ მოემართა, ამ თემაზე არც კი ვიფიქრებდი" - თქვა ვიქტორ მეტფილდმა.

"ბოკეს" ყოფილი ლიდერი ამჟამად ტელეკომპანია "შუპერშპორტ"-ში კომენტატორად მუშაობას პრეტორიის "ბლუ ბულზში" მწვრთნელის ასისტენტობას უთავსებს. მან ღიად გამოთქვა სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების თავკაცობის სურვილი.

თუმცა საამისოდ, ცხადია, საკმაოდ დიდი გზა და გარკვეული ეტაპები აქვს გასავლელი სამწვრთნელო ასპარეზზე.

"ვიქტორ მეტფილდს ეროვნულ ნაკრებში თამაში მართლაც შევთავაზე. ის უმაღლესი დონის ოსტატია და არც ასაკი აქვს ისეთი, რომ რაგბიში დაბრუნება ვერ შეძლოს. ამ ეტაპზე გუნდში ერთი პრობლემა მაქვს - მეორე ხაზი. ამიტომ მეტფილდი ძალიან გვჭირდება" - თქვა სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეინკე მაიერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული