ტურნირზე მოასპარეზე 26 ზიმბაბველი მორაგბედან 13 დოპინგ კონტროლის გავლისას ჩავარდა.
მათ სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს. ამ ამბავმა ბომბის გასკდომისმაგვარი ეფექტი იქონია ზიმბაბვეს რაგბის კავშირში.
ეს ფაქტი ამ ქვეყნის რაგბის ისტორიაში უპრეცედენტო სკანდალად მიიჩნიეს და ახლა ყველა იმის მოლოდინშია, რა სანქციებს გამოუტანს IღB ახალგაზრდული ნაკრების მორაგბეებს.
თუმცა, როგორც ზიმბაბვეს სპორტული მედია იუწყება, ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომელიც ზემოაღნიშნულ მორაგბეებს უკავშირდება.
ბევრი მათგანი ადრეც მხილებული ყოფილა
მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი გუნდი დოპინგზე "იჯდა", ზიმბაბვეს ნაკრებმა სოლტ ლეიკ სიტიში ყველა მატჩი წააგო და ბოლო ადგილი დაიკავა. აფრიკელები ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად ასპარეზობდნენ და "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ისინი დიდი ანგარიშით 43:7 სძლიეს.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფს 2013 წელს ჩილი უმასპინძლებს, მომდევნო წელს კი ტურნირი სამხრეთ ამერიკიდან აზიაში გადაინაცვლებს. აქ ახალგაზრდა მორაგბეებს მასპინძლობას ჰონგ კონგი გაუწევს.
"რაგბის საერთაშორისო საბჭო დაინტერესებულია, რათა სამხრეათ ამერიკასა და აზიაში რაგბის განვითრდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი საინტერესო ტურნირი, როგორიცაა მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფი, სწორედ იმ რეგიონებში ჩავატაროთ, სადაც რაგბი პროგრესს განიცდის, ვითარდება.
მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის პოპულარობა იზრდება, ახლაგზრდა ამომავალი ვარსკვლავები შესანიშნავ სანახაობას გვთავაზობენ.
ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნება სანტიაგოში და პირველი ვიზიტი ჰონგ კონგში დაუვიწყარი ზეიმი იქნება რაგბის მოყვარულთათვის" - თქვა IRB-ის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპასემ.
შეგახსენებთ, რომ ჩილემ ერთხელ უკვე უმასპინძლა მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის გათამაშებას, ჰონგ კონგს კი მაღალი დონის ტურნირები ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. აქ ყოველ წელიწადს ტარდება შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის ერთი ეტაპი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"