გრემ ჰენრი ძველ წყენას იხსენებს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც "ოლ ბლექსის" თავკაცი 2007 წლის მსოფლიოს თასის მეოთხედფინალურ მატჩს იხსენებს.

მაშინ მისმა სამწყსომ საფრანგეთის ნაკრებთან წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.

წიგნში, "გრემ ჰენრი - დასკვნითი სიტყვა" ის მარცხში ბრალს მატჩის არბიტრს ინგლისელ უეინ ბარნსს და მის ასისტენტებს ჯონათან კაპლანსა და ტონი სპრედბერის დებს. თემიდის მსახურნი ჰენრიმ მიკერძოებაში დაადანაშაულა.

ახალზელანდიელმა ბობ ფრენსისმა, რომელმაც ბარნსი იმ მატჩის არბიტრად დანიშნა, ჰენრის ბრალდებებს უარყოფს:

"საერთაშო
რისო მატჩებში მსაჯების მიკერძოებაზე საუბარი სამარცხვინოა. გრემ ჰენრს ვურჩევ,
მეტი სიფრთხილით მოეკიდოს საკუთარ ავტორიტეტსა და რეპუტაციას".


თუმცა თავად ლეგენდარული მწვრთნელი უკან დახევას არ აპირებს.

"ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში არაფერს ვამბობდით. ახლა კი მოვიდა დრო, ვთქვათ ის, რასაც მაშინ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ.

"ოლ ბლექსს" მატჩის ბოლო 60 წუთის განმავლობაში საჯარიმოს დარტყმის უფლება არ მიუღია, მაშინ, როცა თამაშის 70 პროცენტის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით და გამუდმებით ვუტევდით. ის, რაც მსაჯებმა მოიმოქმედეს, წარმოუდგენელი იყო.

ფრანგებთან ამ მატჩის წაგებამ ძალიან იმოქმედა თითოეულ ჩვენგანზე. თავის მართლება არ დაგვიწყია, უბრალოდ, ავიღეთ და ვთქვით, რომ ისე კარგად არ გვითამაშია, როგორც საჭირო იყო. მატჩის შემდეგ მორაგბეები გაოცებული თვალებით მიყურებდნენ. ისეთი სიტუაცია იყო, ან უნდა გავქცეულიყავი, ანდა ყველაფერი გადამეტანა და წინ მევლო.

ეს სწორედ ისაა, რასაც თითოეული მორაგბისგან ვითხოვდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში" - თქვა გრემ ჰენრიმ.

ახალი ზელანდიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი სტივ ჰანსენი, რომელიც 2007 და 2011 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებებში გრემ ჰენრის ასისტენტი იყო, ზემოაღნიშნული ამბის შეფასებისას უფრო ფრთხილია.

"მთელმა მსოფლიომ იცის, რომ მსაჯებმა იმ შეხვედრაში შეცდომები დაუშვეს, მაგრამ ჩვენი მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილა. მორაგბეებმა საკმაოდ ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს თამაშისას. მერე ეს ყველაფერი დეტალურად გავაანალიზეთ, ხარვეზების გამოსწორებაზე ვიზრუნეთ, რამაც საშუალება მოგვცა, შარშან მსოფლიოს თასი მოგვეგო.

ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე წარსულშია, მასზე აღარ ვფიქრობ და მხოლოდ წინ ვიხედები, მომავალზე ვფიქრობ" - თქვა მან.

ინგლისელი არბიტრის, უეინ ბარნსის მიმართ ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს, თუმცა რაგბის საერთაშორისო საბჭო მას ჯიუტად ანდობს უმაღლესი რანგის შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ ბარნსი ჩვენი ნაკრებისთვისაც კარგად ნაცნობი მსაჯია.

პირველად ამ ინგლისელმა 2006 წელს, მსოფლიოს თასის შესარჩევ მატჩში წაგვაგებინა ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან. მეორედ კი 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში გვიმსაჯა ირლანდიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული