სარაგბო რეკლამა: როგორი ფიზიკური მზადყოფნაა საჭირო თანამედროვე სპორტსმენისთვის

AutoSharing Option
უელსის ტელეარხებზე კიდევ ერთი სარაგბო რეკლამა გამოჩნდა. "წითელი ურჩხულების" ფულბეკი ლეიგ ჰალპფენი ზღვის ქვიშიან სანაპიროზე ცხენთან ერთად დარბის.

უელსის რაგბის კავშირმა სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელიც ექვსი ერის წლევანდელი გათამაშების გამარჯვებულის, უელსის ეროვნული გუნდის ნოემბრის ტესტებს უკავშირდება.

უელსელები შინ ოთხ შეხვედრას გამართავენ არგენტინის, სამოას, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან. ამ კლიპს წინ უსწრებდა კიდევ ერთი სარეკლამო რგოლი, რომელშიც უელსის ნაკრების გარემარბი ჯორჯ ნორსი უღრან ტყეში უზარმაზარ ხეებს მარტო ჭრის.

აღსანიშნავია, რომ მზადდება კიდევ ორი კლიპი რის პრისტლენდის და დენ ლიდიატის მონაწილეობით.
ჰალპფენის სარეკლამო რგოლის არსი კი ასეთია: ის ცხენის მხარდამხარ გარბის ზღვის სანაპიროზე, რითაც განასახიერებს, თუ როგორი ფიზიკური მზადყოფნაა საჭირო თანამედროვე სპორტსმენისთვის.

"ჩვენ ევროპის საუკეთესო გუნდი ვართ და ამიტომ ნოემბერში ოთხივე სტუმარი გაორმაგებული ენერგიით ეცდება, დაგვამარცხოს. ეს სარეკლამო კამპანია კი საიმისოდ წამოვიწყეთ, რომ ყველას დავანახოთ, რა მძიმე შრომა უწევთ მოთამაშეებს, რათა იმ სიმაღლეებს მიაღწიონ, რომელზეც ამჟამად იმყოფებიან და ახლაც, კიდევ უფრო რომ განვვითარდეთ, არანაკლები მოცულობის გარჯა გვმართებს.

უელსის ნაკრები ნოემბრის ტესტების წინ, ტრადიციულად, პოლონეთში გაემგზავრება საწვრთნელ შეკრებაზე. დარწმუნებული ვარ, არგენტინის, სამოას, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის ნაკრებებთან კარდიფში, "მილენიუმზე" შესანიშნავი ბრძოლები გაიმართება. უნდა ვცადოთ და ოთხივე მატჩი მოვიგოთ.

იმედი გვაქვს, რომ ეს სარეკლამო კამპანია ქომაგებს კიდევ უფრო მეტად განაწყობს, რათა საყვარელ გუნდს ოთხივე შეხვედრაში გულმხურვალედ დაუჭირონ მხარი; მოსცილდნენ ტელევიზორებს, მოვიდნენ სტადიონზე და "წითელი ურჩხულების" ზეობა საკუთარი თვალით იხილონ"
, - თქვა უელსის რაგბის კავშირის კომერციულმა დირექტორმა კრეიგ მაქსველმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული