საუკეთესო გარემარბები რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
გარემარბების (#11, #14) როლი სარაგბო მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რადგან ამ პოზიციაზე მოასპარეზე მოთამაშეები წარმოადგენენ გუნდის ძირითად შემტევ ძალას და გატანილ ლელოთა უმეტესობა სწორედ მათ ანგარიშზე მოდის.

მათი ხილვა მოსალოდნელია მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, რადგან ტრადიციულად, ისინი მეტოქის თავდაცვითი ხაზის პირველი გამჭრელები არიან და გამოირჩევიან ლიდერის თვისებებით.

თანაგუნდელთა შრომის შედეგად მოპოვებული რიცხობრივი უპირატესობა მარჯვენა თუ მარცხენა ფლანგზე სწორედ გარემარბებმა უნდა დააგვირგვინონ, რადგან პოზიციურად ისინი ყველაზე ახლოს დგანან კიდესთან.

გარემარბი საკმაოდ მკაცრ სპორტულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ათლეტური, სწრაფი,
გააჩნდეს მოედნის კარგი ხედვა, რიგ შემთხვევებში აზროვნებდეს არასტანდარტულად, შეეძლოს რთული სიტუაციიდან ფინტებისა და სისწრაფის ხარჯზე დაუსხლტეს ერთბაშად რამდენიმე მეტოქეს და საჭიროების შემთხვევაში, ფეხჩუბინობითაც გამოირჩეოდეს.

ასევე იხილეთ: საუკეთესო მგეზავები რაგბის ისტორიაში

მსოფლიოს დიდების დარბაზში არაერთი გარემარბია შეყვანილი და წლის საუკეთესო მოთამაშეებადაც არაერთხელ დასახელებულან სხვადასხვა ქვეყნის და თაობის წარმომადგენლები, თუმცა ჩვენ შევეცდებით, გარკვეულ მოსაზრებათა გათვალისწინებით, მათ შორის უმჯობესნი წარმოგიდგინოთ.

ჯონა ლომუ (ახალი ზელანდია)
ჯონა ლომუ გახლდათ იშვიათი ფენომენი, ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი ზეგავლენა იქონია რაგბის განვითარებაზე და "ოვალური სამყაროს" პირველ ვარსკვლავად დამსახურებულად იქცა.

მისი ფიზიკური მონაცემები ყოველთვის გაოცებას იწვევდა. ლომუ ბევრ მეორეხაზელზე მაღალი გახლდათ (196 სმ), ბევრ ბურჯზე მძიმე იყო (120 კგ), თუმცა თითქმის ყველა გარემარბს სჯობდა სისწრაფეში, რადგან "ოლ ბლექსის"ლეგენდარული მოთამაშე 100 მეტრს 10,89 წამში ფარავდა.

რეალურად, ჯონა ლომუ მსოფლიო რაგბის ისტორიაში დღემდე ითვლება ერთადერთ მოთამაშედ, რომლის წინააღმდეგ ყველანაირი ტაქტიკური სქემა უძლური გახლდათ. ლელოზე დაგეშილი გარემარბის შეჩერება ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა.

ასევე იხილეთ: საუკეთესო ცხრა ნომრები რაგბის ისტორიაში

მიუხედავად იმისა, რომ ლომუს მხოლოდ 2 კეპი ჰქონდა მოხვეჭილი ეროვნულ ნაკრებში, იგი მაინც წაიყვანეს 1995 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს თასზე, სადაც ახალზელანდიელთა გარემარბმა გაიბრწყინა.

მან ხუთ მატჩში 7 ლელო გაიტანა. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ჯონა, ფაქტობრივად, მარტო გაუსწორდა ინგლისის ძლიერ ნაკრებს და ერთბაშად 4 ლელოს ავტორი გახდა. დაუვიწყარი გახლდათ ის მომენტი, როდესაც შეტევაში წასულმა ლომუმ გზად ბრიტანელთა ფულბეკი მაიკ ქეთი გადათელა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიძლიერე.

1999 წელს გამართულ მსოფლიოს თასზე ახალზელანდიელთა ლეგენდარულმა #11-მა გააუმჯობესა თავისივე ნაჩვენები რეკორდული შედეგი და ამჯერად 8 ლელო გაუტანა მეტოქეებს, თუმცა ეს საბოლოო ჯამში მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, რათა მას უმთავრესი სანაკრებო ტურნირი მოეგო. ამჯერად "ოლ ბლექსს" წინ საფრანგეთის ნაკრები აღუდგა.

ლომუმ თავისი სახელოვანი სანაკრებო კარიერის განმავლობაში 63 მატჩი ჩაატარა ეროვნული გუნდის რიგებში და 37 ლელო გაიტანა (185 ქულა). მან არაერთხელ მოიგო ბლედისლოუს თასი და სამი ერის გათამაშება. შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული თავდაპირველად მოთამაშის რანგში გახდა, ოდნავ მოგვიანებით კი, უკვე მწვრთნელის ამპლუაში.

ასევე იხილეთ: საუკეთესო მღლეტავები რაგბის ისტორიაში

ჯონას მთელი კარიერის განმავლობაში სტანჯავდა ტრავმები და 2004 წელს იგი იძულებული გახდა, თირკმლის გადანერგვის ოპერაცია გაეკეთებინა. 2011 წელს საერთაშორისო რაგბის ფედერაციამ ლომუ დიდების დარბაზში შეიყვანა.

დევიდ ქემფიზი (ავსტრალია)
ლეგენდარულ ავსტრალიელ გარემარბ დევიდ ქემფიზს მწვანე კონტინენტის წარმომადგენლები მეტსახელად "კამპოს" ეძახდნენ და მიუხედავად მორაგბის რთული ხასიათისა, იგი დღემდე უსაყვარლეს სპორტსმენად რჩება მსოფლიო რაგბის ისტორიაში.

ქემფიზმა ავსტრალიის ნაკრებში 14 წელი ითამაშა (1982-96) და 101 კეპიც მოიხვეჭა. ეროვნულ გუნდში მისი 64 ლელოც დიდი ხნის განმავლობაში სარეკორდო შედეგად ითვლებოდა, თუმცა 2006 წლის 14 მაისს იაპონელმა დაისუკე ოჰატამ შეძლო ქემფიზის მაჩვენებლის გაუმჯობესება - მან "საკურების" რიგებში 65 ლელო გაიტანა.

დევიდის კარიერის პიკი 1991 წელს დადგა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინა ტესტ-მატჩებზე ერთბაშად 9 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო უშუალოდ ტურნირზე ექვსჯერ დაამიწა ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში, რისი წყალობითაც ავსტრალია მსოფლიოს თასის მფლობელი გახდა, ხოლო ქემფიზი ტურნირის საუკეთესო მოთამაშე.

ასევე იხილეთ: საუკეთესო მხტომელები მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

"ვოლაბების" უჭკვიანესი გარემარბი თავზარს სცემდა მეტოქეთა დაცვას და რაც მთავარია, იგი ახალ სტერეოტიპებს ამკვიდრებდა მსოფლიოს რაგბიში.

დევიდი დროს უსწრებდა და ხშირად ისეთ საოცრებებს სჩადიოდა ოვალური ბურთით, რომ თანაგუნდელები მოწინააღმდეგეებთან ერთად გაკვირვებული სახით აკვირდებოდნენ მის ქცევას.

ქემფიზმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "მე მინდა ისეთივე ლეგენდარული მოთამაშე გავხდე, როგორიც უელსისთვის ბარი ჯოუნზია".

1991 წელს ტრიუმფით მოგებული მსოფლიოს თასის შემდეგ ბარი ჯოუნსმა დევიდს რაგბის "პელე" უწოდა.

ჯეისონ რობინსონი (ინგლისი)
ჯეისონ რობინსონს ყოველთვის ყველასგან გამორჩეული სათამაშო სტილი ჰქონდა და თავის კუთვნილ საპატიო ადგილს იკავებს საუკეთესო გარემარბთა შორის. მისი უნივერსალიზმი, უბრალოდ, აღფრთოვანებას იწვევდა, რადგან ჯეისონს ერთნაირად წარმატებული კარიერა ჰქონდა როგორც რაგბი ლიგაში, ასევე რაგბიში.

ასევე იხილეთ: საუკეთესო ბურჯები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

რობინსონი, უბრალოდ, ბრწყინვალე იყო ერთი-ერთზე თამაშში და შეეძლო ნებისმიერი მეტოქე "გაეცურებინა". მისდაგვარად დღემდე ვერავინ ასრულებს ფინტს "შიდა მხარეს" და ვერც ვერავინ ამარაგებს თანაგუნდელებს ისეთი პასებით, როგორსაც "ბილლი ვიზი" ასრულებდა.

სერ კლაივ ვუდვორდის გაწვრთნილ ინგლისის ნაკრებში რობინსონს ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის ფუნქცია ეკავა და ავსტრალიასთან მოგებულ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრიტანელთა მხრიდან ერთადერთი ლელოს ავტორი სწორედ ჯეისონი გახდა.

სანაკრებო დონეზე 173 სმ სიმაღლის და 75 კგ წონის რობინსონმა 56 მატჩში თავი 30 ლელოთი გამოიჩინა. იგი ორჯერ იმყოფებოდა "ბრიტანელ ლომთა"ტურში, სადაც 5 მატჩშიც იმარჯვა და 10 ქულაც მოიპოვა.

2008 წელს რობინსონი ბრიტანეთის წინაშე გაწეული უდიდესი სპორტული დამსახურებისათვის დიდების ორდენით დაჯილდოვდა. ჯეისონი 6 შვილის მამაა და ახალ სარაგბო თაობას უზრდის ინგლისს. მისმა უფროსმა ბიჭმა 18 წლის ასაკში სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა რაგბი ლიგის უძლიერეს ინგლისურ კლუბ "უიგანთან".

მალხაზ ურჯუკაშვილი
საქართველოს ნაკრებში მალხაზ ურჯუკაშვილი ძალიან პატარა ასაკში გამოჩნდა. 1997 წლის 12 ოქტომბერს "ბორჯღალოსნებმა"თბილისში ხორვატიის ნაკრებს უმასპინძლეს. ამ მატჩში მახოს დებიუტი შედგა, მაშინ ის მხოლოდ 17 წლის იყო.

ასევე იხილეთ: საუკეთესო კვაჭები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

ურჯუკაშვილი სამართლიანად მიიჩნევა ქართული რაგბის ბოლო თხუთმეტწლეულის ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ. ახალგაზრდა ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ფრანგ სკაუტებს და მალე ქართველი მორაგბე ფრანგული რაგბის გრანდში, "ტულუზში" აღმოჩნდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ჩვენებური პირდაპირ ელიტარული, პირველი დივიზიონის გუნდში აღმოჩნდა.

ტულუზური თავგადასავალი ურჯუკაშვილისთვის ხანმოკლე აღმოჩნდა. იქიდან მახომ "ნიმში" გადაინაცვლა და დღემე არაერთი კლუბის ღირსება დაუცავს. ესენია: "ტური", "კანი", "ორიაკი", "ფიჟაკი"და "დეკასვილი".

მალხაზ ურჯუკაშვილი ეროვნულ ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მან მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა (2003, 2007, 2011 წლები). ის ბრწყინვალედ თამაშობდა ფეხით, იყო უაღრესად სწრაფი.

სწორედ ამის შედეგია, რომ მახომ ნაკრების შემადგენლობაში გამართულ 69 მატჩში გუნდს 313 ქულა მოუტანა - 18 ლელო, 42 გარდასახვა, 41 საჯარიმო და ერთი არეკნი. მან ბოლო მატჩი "ბორჯღალოსნების" რიგებში 2011 წლის 2 ოქტომბერს, ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში არგენტინის ნაკრებთან გამართა.

გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ra ar mogcons qartvel ragbistebshi? rit naklebi arian sxvebze
g
10 ნოემბერი 2013 16:15
0
არასწორად მოექცნენ მახოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელები! უსამართლოდ!
qartveli!
09 ნოემბერი 2013 00:21
0
აუ ამ სტატიებს ,რომ წერთ მოაშორეთ რა ეს ქართველი მორაგბეები ამ სიას. ალბათ ხვდებით,რომ დიდი განსხვავებაა ამ რაგბისტებსა და ჩვენებურ რაგბისტებს შორის. ქართველი რაგბისტებიდან მხოლოდ მამუკა გორგოძე იმსახურებს მსოფლიო დონის მორაგბეებთან გვერდით დგომას.
giorgi
08 ნოემბერი 2013 22:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული