საუკეთესო ბურჯები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
თანამედროვე რაგბიში შერკინების ბურჯი გუნდის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. ამ პოზიციაზე მოასპარეზე მოთამაშეები (#1, #3) შეტევასა და დაცვაში მუდამ წინა პლანზე იმყოფებიან და პირველებს უწევთ ბრძოლაში ჩაბმა.

სტანდარტული სიტუაციისას პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იზრდება: შერკინებისას მათი უშუალო მოვალეობაა მოწინააღმდეგის ბურჯების მიწოლაში დაჩაგვრა და საკუთარი გუნდისათვის უპირატესობის მოპოვება.

პირველ ხაზში ასპარეზობა, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად, მაღალ რისკსაც შეიცავს, რადგან ამ პოზიციის მოთამაშეებს ყველაზე ხშირად აწუხებთ კისრისა და ხერხემლის ტრავმები. თამაშის დროს შეცვლილ ბურჯს მატჩის დასრულებამდე არ აქვს მოდუნების საშუალება, რადგან მოედანზე მყოფ პირველხაზელთა ტრავმის
შემთხვევაში სწორედ მას მოუწევს დაბრუნება სათამაშოდ, რადგან, უბრალოდ, წარმოუდგენელია პირველ ხაზში სხვა პოზიციის მქონე მორაგბის დადგომა.

მიუხედავად ყველა ამ ფაქტორისა, ბურჯის პოზიცია მაინც ნაკლებად დაფასებულია, თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიო რაგბის ისტორიაში წლის საუკეთესო მორაგბეებად თითზე ჩამოსათვლელი პირველხაზელები არიან დასახელებულნი. წარმოგიდგენთ საუკეთესო ბურჯებს მსოფლიო რაგბის ისტორიიდან.

სერ ვილსონ ვინერი (ახალი ზელანდია)
ახალზელანდიური რაგბის ისტორიაში ვილსონ ვინერი "დიდი კაპიტნის" სახელით არის მოხსენიებული, რადგან იგი სარეკორდო, 7 წლის განმავლობაში (1958-64 წლები) კაპიტნის სამკლავურით მიუძღოდა "ოლ ბლექსს" გამარჯვებებისაკენ.

მან ეროვნული გუნდის მაისურა პირველად 1957 წელს მოირგო და ისე დამაჯერებლად მოქმედებდა მოედანზე, რომ ერთი წლის შემდეგ ერთხმად აირჩიეს ნაკრების კაპიტნად. 23 წლის ვილსონი წარმატებით გაუძღვა ახალზელანდიელებს ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, ავსტრალიასთან სათამაშოდ.

სანაკრებო კარიერის განმავლობაში ლეგენდარულმა ბურჯმა 45 კეპი მოიხვეჭა, აქედან 37 კაპიტნის რანგში. მის ანგარიშზე შვიდი ლელო და ერთი გარდასახვა იყო.

1998 წელს ვილსონს რაინდის ტიტული მიანიჭეს სპორტის განვითარებაში გაწეული უდიდესი წვლილისათვის, ხოლო 2007 წელს ვინერი გახდა პირველი ახალზელანდიელი, რომელიც რაგბის საერთაშორისო საბჭომ დიდების დარბაზში შეიყვანა.

არმან ვაკერენი (საფრანგეთი)
საფრანგეთისა და განსაკუთრებით, კლუბ "ბეზიეს" სტაჟიან გულშემატკივრებში წარუშლელი კვალი დატოვა სკანდალური ცხოვრებით ცნობილმა ბურჯმა არმან ვაკერენმა, რომელიც 1970-84 წლებში ბრწყინავდა.

უფლისგან ნაბოძები ზებუნებრივი ძალის ხარჯზე, იგი იოლად უსწორდებოდა მეტოქეებს და უდიდესი წვლილი მიუძღვის ფრანგული რაგბის იმდროინდელ წარმატებაში.

არმანმა საკუთარი საკლუბო კარიერა ერთ გუნდს, "ბეზიეს" მიუძღვნა და მის შემადგენლობაში ათჯერ იზეიმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული (1971, 1972, 1974, 1975, 1977, 1978, 1980, 1981, 1983, 1984 წლებში), რაც დღემდე რეკორდად რჩება.

აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ვაკერენის ცხოვრება თანდათანობით უინტერესო გახდა, რადგან მისი მთავარი გამოწვევა მწვანე მინდორზე ოვალური ბურთით ხელში მეტოქეთა დამარცხება იყო. 1993 წლის 12 თებერვალს, საკუთარ პაბში, რუსული რულეტკის თამაშის დროს მას ბედმა უმუხთლა და ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

ჯეისონ ლეონარდი (ინგლისი)
ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მომგებმა ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ კლაივ ვუდვორდმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "ჯეისონ ლეონარდის გარეშე მე წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩემი გუნდის წარმატება".

ეს სიმართლე იყო, რადგან მთელი თავისი სარაგბო კარიერის განმავლობაში ლეონარდი ყოველთვის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა თანაგუნდელებისთვის.

მან პირველი სანაკრებო კეპი 1990 წლის 28 ივლისს მოიხვეჭა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში.

ჯეისონი იმ დროისათვის მხოლოდ 21 წლის გახლდათ და ინგლისის ნაკრების ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ოდესმე უთამაშია პირველ ხაზში.

მსოფლიო რაგბიში იგი დიდი ხნის განმავლობაში რეკორდსმენად რჩებოდა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (114), სანამ 2005 წელს ავსტრალიის ლეგენდარულმა ცხრა ნომერმა ჯორჯ გრეგანმა არ გადაასწრო მის მაჩვენებელს, თუმცა "ვარდების" შემადგენლობაში ეს მიღწევა დღემდე ხელშეუხებლად მოჩანს.

მას სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა "ბრიტანელ ლომთა" ტურნეში და ოთხჯერ მსოფლიო თასის გათამაშებაში იასპარეზა. სანაკრებო დონეზე "ლეოს" აბსოლუტურად ყველაფერი აქვს მოგებული: ექვსი ერი, ბრიტანელ ლომთა ტური და მსოფლიოს თასი.

2007 წელს საერთაშორისო რაგბის ფედერაციამ ჯეისონ ლეონარდი დიდების დარბაზში შეიყვანა.

ლევან ცაბაძე
ქართველი შერკინების ბურჯები მსოფლიოში საუკეთესოებად ითვლებიან და მათზე, განსაკუთრებით, ყველაზე მდიდარ ფრანგულ სარაგბო ჩემპიონატში დიდი მოთხოვნაა. ქართული რაგბის საფირმო ნიშანი სწორედ ჩვენი ბურჯებია. ამას კი სათავე ყოფილმა "ბორჯღალოსანმა" ლევან (ლეონსიო) ცაბაძემ დაუდო.

"ლეონსიო" 1973 წლის 8 იანვარს რუსთავში დაიბადა. ვიოლინოზე სამუსიკო სკოლაში სიარულის ნაცვლად საჭიდაო დარბაზს მიაშურა და სპორტის ამ სახეობას დიდხანს მისდევდა. მერე, უკვე მოწიფულ ასაკში, რაგბის თამაში დაიწყო და ქართული და მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ საუკეთესო ბურჯად იქცა.

ლევან ცაბაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საფრანგეთს მიაშურა და თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით, ქართველ ბურჯებს დაუგდო სახელი. მისი პირველი ფრანგული გუნდი ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "შატორენარი" იყო, რომელშიც 1997 წელს ჩაირიცხა.

მისი ნიჭი უმალვე შენიშნეს და მომდევნო სეზონში უკვე ელიტური, პირველი დივიზიონის "ნარბონის" ღირსებას იცავდა. მომდევნო სამი წელიწადი კი საფრანგეთის ამჟამინდელი ჩემპიონის, "კასტრის" რიგებში გაატარა. ფრანგული კარიერა კი ნაადრევად, 2004 წელს "კლერმონში" ტრავმის გამო დაასრულა.

ლეონსიოს დებიუტი საქართველოს ნაკრებში 1994 წელს ყაზახეთთან მატჩში შედგა. მას შემდეგ ლეგენდარულმა ქართველმა ბურჯმა "ბორჯღალოსნების" რიგებში 33-ჯერ ითამაშა და ათი ლელო გაიტანა.

მისი ბოლო თამაში 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირება იყო. ის შეხვედრა "ბორჯღალოსნებმა" 17:13 მოიგეს და მსოფლიო თასის საგზური პირველად მოიპოვეს. ტრავმისა და სხვა სუბიექტური მიზეზების გამო ლევან ცაბაძეს 2003 წლის მსოფლიოს თასზე არ უასპარეზია.

დავით ზირაქაშვილი
ლევან ცაბაძისგან ესტაფეტა შერკინების ქართველმა ბურჯმა, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელმა ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზირაქაშვილმა გადაიბარა. მისი კარიერის დასაწყისი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ცაბაძისას.

ზირაქაშვილი "ლეონსიოსავით" რუსთავში დაიბადა 1983 წელს და დიდი ხნის განმავლობაში ჭიდაობით იყო დაკავებული. რაგბის თამაში მანაც გვიან დაიწყო. მერე, 2002 წელს საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ობენაში" ჩაირიცხა, სადაც ორი სეზონი დაჰყო.

2004 წლიდან დავით ზირაქაშვილი დღემდე "კლერმონის" ღირსებას იცავს, გუნდის, რომელშიც ცაბაძემ კარიერა დაასრულა. "ლეონსიოსგან" განსხვავებით, ზირაქაშვილმა საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ადგილობრივებისთვის ის დიდი ავტორიტეტია, რადგან "ვულკანებში", როგორც "კლერმონს" ქომაგები ეძახიან, მხოლოდ რამდენიმეა ისეთი მორაგბე, ვინც ამდენი წლის განმავლობაში მასსავით უერთგულა.

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წელს, სამხრეთ ამერიკაში გამართულ ტურნეში შედგა და მას შემდეგ ჩვენი ნაკრების პირველი ხაზი წარმოუდგენელია დავით ზირაქაშვილის გარეშე. მან მსოფლიოს თასის ორ გათამაშებაში (2007, 2011 წლები) იასპარეზა. ეროვნულ გუნდში 47 კეპი მოიხვეჭა და შვიდი ლელო გაიტანა.

2010 წელს დავით ზირაქაშვილი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული