საუკეთესო მხტომელები მსოფლიოს რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
მხტომელი თამაშისას შერკინების მეორე ხაზში იკავებს ადგილს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საკუთარი გუნდის წარმატებაში.

მათი გამორჩევა (#4 და #5) გულშემატკივარს არ გაუჭირდება, რადგან, ტრადიციულად, ისინი ყველაზე ტანმაღალი მოთამაშეები არიან.

სწორედ მათ ევალებათ დერეფანში ბურთის მოგება, ხოლო შერკინებისას პირველ ხაზს უდიდეს დახმარებას უწევენ მეტოქეზე მიწოლისას.

მეორეხაზელთა მიერ გაწეული სამსახური ძალიან ხშირად შავ სამუშაოდ ფასდება ხოლმე, რადგან ისინი, ძირითადად, რაკსა და მოლში არიან ჩართულნი და არ ჩანან სალელოვე კომბინაციებისას.

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მხტომელები თითქოს არ ბრწყინავენ მატჩში, თუმცა ვიდეოანალიზის მიერ ყველას
ერთხმად უღიარებია მათ მიერ გაწეული უდიდესი სამუშაო.

წარმოგიდგენთ საუკეთესო მხტომელებს მსოფლიო რაგბის ისტორიიდან:

ფრიკ დუ პრი (სამხრეთი აფრიკა)
ფრედერიკ კრისტოფერ ჰენდრიკ დუ პრი 1935 წელს სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე განუვითარებელ რეგიონში დაიბადა. მისმა მშობლებმა მალევე დატოვეს აფრიკა და საცხოვრებლად საფრანგეთში გადაბარგდნენ, სადაც გაიზარდა და რაგბის ეზიარა პირველად ახალგაზრდა ფრიკი.

საფრანგეთის რაგბის ფედერაციის უდიდესი მონდომების მიუხედავად, დუ პრიმ "ბოკეს" კვართი მოირგო და ლეგენდარული მოთამაშის სახელით შევიდა სამხრეთაფრიკული რაგბის ისტორიაში.

მისი დებიუტი სანაკრებო დონეზე 1961 წელს შედგა "თვიქნემზე" ინგლისელთა წინააღმდეგ და ამ მოვლენის შემდეგ შეუცვლელი ფიგურა გახდა ეროვნული გუნდისათვის.

დუ პრი იმ ფენომენთა რიგს მიეკუთვნებოდა, რომელთაც მოედანზე ყველანაირი სამუშაოს კეთება შეუძლიათ: ფრიკი ერთნაირი წარმატებით თამაშობდა მხტომელად და მღლეტავად, შესანიშნავად ურტყამდა კარში არეკნს და საჯარიმო დარტყმებს, გააჩნდა შესანიშნავი "ბურთის გრძნობა" და მუდამ ლელოზე იყო დაგეშილი.

მან კარიერის პიკს 1968 წელს მიაღწია, როდესაც "ბრიტანელ ლომებთან" გადამწყვეტ მატჩში შესანიშნავი სლალომი მოაწყო საკუთარი ხუთმეტრიანი ზონიდან. მაღალი სისწრაფის ხარჯზე არაერთი მეტოქე ჩამოიშორა და გადამწყვეტი ლელო დადო.

ფრედერიკი "ბოკეს" 10 წელი ერთგულად ემსახურა და მის შემადგენლობაში 38 კეპი მოიხვეჭა. მადლიერმა სამხრეთაფრიკელმა ხალხმა იგი მეოცე საუკუნის საუკეთესო მორაგბედ აღიარა.

მარტინ ჯონსონი (ინგლისი)
მარტინ ჯონსონი 205 სმ სიმაღლის გოლიათი იყო, რომელიც აუარებელ სამუშაოს ასრულებდა სარაგბო მოედანზე. იგი ლიდერად გახლდათ დაბადებული და საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ამას ყოველ თამაშში ამტკიცებდა.

მან "ლესტერ ტაიგერზის" რიგებში ხუთჯერ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული, ხოლო "ჰაინეკენის თასი" ორგზის აღმართა. ინგლისის ნაკრებთან ერთად ჯონსონმა ხუთჯერ გაიმარჯვა ექვსი ერის გათამაშებაში და 2003 წელს ტრიუმფით მოიარა მსოფლიოს თასის გათამაშება.

რაგბის ისტორიაში მარტინი გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც "ბრიტანელ ლომებს" ორ ტურნირზე უკაპიტნა და რვა გამარჯვება მოიპოვა.

აქტიური მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ "დიდი ჯო" რამდენიმე წელი წარუმატებლად წვრთნიდა ინგლისის ნაკრებს, თუმცა ეს ვერანაირად ვერ მიაყენებს მცირე ჩრდილსაც კი მის დამსახურებას საკუთარი ქვეყნის წინაშე.

ჯონ ილზი (ავსტრალია)
ჯონ ილზი ავსტრალიური რაგბის ცოცხალი ლეგენდაა. მას მეტსახელად "მისტერ არავინ" შეარქვეს, რომელიც წარმომდგარია გამონათქვამიდან "არავინაა უნაკლო". დიახ, სწორედ ჯონი გახდათ უნაკლო, თავისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე.

მან ეროვნული ნაკრების რიგებში 86 კეპი მოიხვეჭა, აქედან 56 შემთხვევაში კაპიტნის სამკლავურით გახლდათ მოედანზე. მისი ხელმძღვანელობით "ვოლაბებმა" ორგზის გაიმარჯვეს მსოფლიოს თასზე 1991 და 1999 წლებში.

სანაკრებო დონეზე ჯონის ანგარიშზე 173 ქულაა, აქედან მხოლოდ 10 ქულაა ლელოებით მოგროვილი, დანარჩენი მისი ფეხჩუბინობის შედეგია. ლეგენდარულმა მეორეხაზელმა 99 საჯარიმო და 69 გარდასახვა გაიტანა მეტოქეთა კარის ძელებს შუა და დღემდე რაგბის ისტორიაში არავინ ჩანს მხტომელთა შორის ისეთი, რომელიც თუნდაც მიუახლოვდება დაგროვილი ქულებით ილზის მონაგარს.

ილია ზედგინიძე

თანამედროვე ქართულ რაგბიში ბევრი კარგი მეორეხაზელი გვყავდა. მათ შორის ყველა პარამეტრით გამორჩეული ილია ზედგინიძე გახლდათ.

ის 1977 წელს თბილისში დაიბადა და დიდი ხნის განმავლობაში წყალბურთით იყო გატაცებული. რაგბის თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ის აქ საერთაშორისო სამართალს სწავლობდა.

ილია თავდაპირველად მესამე ხაზში, შემკვრელის პოზიციაზე თამაშობდა (#8). მან საფრანგეთს 1999 წელს მიაშურა და თამაში ფედერალ 1 დივიზიონის "შამბერიში" დაიწყო. მერე კლუბებს ხშირად იცვლიდა.

ზედგინიძე სხვადასხვა დროს "ბეზიეს", "ტულონის", "ორლეანის", "ექსის", "ოშის" და "კარკუირანის" ღირსებას იცავდა. 2003-04 წლების სეზონში კი იტალიურ "როვიგოში" თამაშობდა აქვსენტი გიორგაძესთან და ბესიკ ხამაშურიძესთან ერთად.

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 1998 წელს შედგა ირლანდიასთან მატჩში, რომელიც 1999 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი დაპირისპირება იყო. ილიამ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა (2003, 2007 და 2011 წლებში), აქედან ორში (2003 და 2007 წლებში) "ბორჯღალოსნების" კაპიტანი იყო.

2007 წლის ბოლოს მან მძიმე ტრავმა მიიღო და რაგბიდან წასვლა გადაწყვიტა, თუმცა ერთწლიანი შესვენების შემდეგ ისევ დაბრუნდა და ეროვნულ გუნდში 2011 წლის მსოფლიოს თასზე კარიერის საუკეთესო თამაში აჩვენა. ილია ზედგინიძემ ეროვნულ გუნდში 64 კეპი მოიხვეჭა და 13 ლელო გაიტანა. ის ამჟამად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ასისტენტია.

გიორგი ბარბაქაძე და ბესიკ ჯანგავაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საუკეთესო ბურჯები მსოფლიო რაგბის ისტორიაში

საუკეთესო კვაჭები მსოფლიო რაგბის ისტორიაში
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაფავა რაფავა.
victoria
20:43 09-10-2013
0

სიახლეები პოპულარული