საუკეთესო მწვრთნელები რაგბის ისტორიაში

AutoSharing Option
მსოფლიოს რაგბის ისტორიას არაერთი ნაკრებისა თუ გუნდის წარმატებული სერიები და რეკორდული მაჩვენებლები ახსოვს.

თუმცა ეს ყველაფერი არ იქნებოდა, თუ ამ გუნდებს სათავეში გამოცდილი სამწვრთნელო შტაბი არ ედგებოდა.

"თამაშს იგებენ მორაგბეები და აგებს მწვრთნელი", - ხშირად გაიგებთ ამ ფრაზას, რომელსაც თვით მწვრთნელებიც ეთანხმებიან. მთავარი მწვრთნელის ფუნქცია ნიშნავს გუნდის ნებისმიერი წევრის ყველა დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას; წარმატების შემთხვევაში კი იძულებული ხარ, მთელი დიდება მოთამაშეებს გადააბარო.

მთავარი მწვრთნელი სარაგბო მოედანზეც და მის მიღმაც აუარებელ სამუშაოს ასრულებს. მან ბოლომდე უნდა გაითავისოს მის
ხელში არსებულ მორაგბეთა დადებითი და უარყოფითი მხარეები და მოძებნოს ისეთი ტაქტიკური სქემა, რომელიც მათ წარმატებას მოუტანს.

მწვრთნელს რიგ შემთხვევებში ფსიქოლოგის ფუნქციის შეთავსებაც ეკისრება, რადგან მის მიერ წარმოთქმული სიტყვა და მოთამაშეთათვის გადაცემული მოტივაცია ძალიან ხშირად გადამწყვეტი ხდება საბოლოო წარმატებისთვის.

წარმოგიდგენთ საუკეთესო მწვრთნელებს მსოფლიოს რაგბის ისტორიიდან.

სერ კლაივ ვუდვორდი
(ინგლისი)
"ლონდონ აირიშსა" და "ბასში" არცთუ ისე წარმატებული მუშაობის შემდეგ კლაივ ვუდვორდი 1997 წელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. მან პირველივე დღიდან რევოლუციური ცვლილებების განხორციელება დაიწყო ყველა იმ ასპექტში, რაც კი "პომების" თამაშს და შემადგენლობის დაკომპლექტებას შეეხებოდა. ვუდვორდმა შეცვალა მოთამაშეთა ფიზიკური მომზადების სტილი, სათამაშო სქემები, თვით მორაგბეთა კვების რაციონიც კი, რათა მათ საბოლოოდ წარმატებისთვის მიეღწიათ, თუმცა დადებით შედეგამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო.

1998 წელს ინგლისელებმა სამხრეთული ტურნეს დროს ორი დამამცირებელი მარცხი იწვნიეს "ოლ ბლექსისგან" (22:64, 10:40), მაგრამ მიუხედავად ამისა, ვუდვორდი ჯიუტად განაგრძობდა მიზანდასახულ წინსვლას. საკმაოდ გაიზარდა წნეხი ბრიტანული პრესისგან მომდევნო წლებში, როდესაც ინგლისი ვერც ექვსი ერის გათამაშებებში აჩვენებდა დადებით შედეგს, თუმცა პროგრესი ადრინდელთან შედარებით მაინც შეინიშნებოდა.

დადგა 2003 წელი, როდესაც ვუდვორდმა მსოფლიოს თასის გათამაშების წინ გუნდი ოპტიმალურ ფორმას მიუახლოვა. ინგლისელებმა თავდაპირველად ექვსი ერის გათამაშება მოიგეს დიდი სლემით. მათ უკანასკნელ, მეხუთე მატჩში დუბლინში პრინციპული მეტოქე ირლანდია დაამარცხეს, რასაც მოჰყვა მსოფლიოს თასზე ტაქტიკურად უაღრესად გამართული რაგბის დემონსტრირება. "პომებმა" ფინალურ მატჩში მასპინძელ ავსტრალიას სძლიეს და პირველად ინგლისური რაგბის ისტორიაში, მსოფლიოს თასი შემართეს.

გაწეული ბრწყინვალე სამუშაოსთვის კლაივ ვუდვორდს ინგლისის სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება უბოძა და 2004 წლიდან იგი სერის ტიტულით მოიხსენიება.

Sportall.Geკიჩ კრისტი
(სამხრეთი აფრიკა)
კიჩ კრისტი სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 1994 წელს დაინიშნა და მას უდიდესი მისია დაეკისრა. აპარტეიდის რეჟიმის დამარცხების შემდეგ კრისტის ორ ბანაკად გახლეჩილი "ბოკეს" მოთამაშეები ერთ მთლიანობად უნდა ექცია და გაეღვიძებინა მათში ერთმანეთის გვერდში დგომის სურვილი.

სამხრეთ აფრიკაში ჩასატარებელ მსოფლიოს თასამდე ერთ წელიწადზე ნაკლები რჩებოდა, "ბოკე" კი კვლავ დიდი ანგარიშებით აგებდა ავსტრალიასთან, ინგლისთან და ახალ ზელანდიასთან.

კიჩ კრისტი ყოველთვის ითვლებოდა პატრიოტად. ამიტომაც მან გადადგა სარისკო ნაბიჯი და "სპრინბოქსის" წვრთნას შეუდგა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკური მომზადება არაფერს წყვეტდა, რადგან საჭირო იყო ახალი ტაქტიკური სქემა, რომელიც საშუალებას მისცემდა მასპინძლებს, ჯერ ჯგუფური ეტაპი გადაელახათ, სადაც მეტოქეები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ავსტრალია, უძლიერესი საფრანგეთი და დასავლეთ სამოა იყვნენ, ხოლო მოგვიანებით დაემარცხებინათ ახალი ზელანდია და მისი ამომავალი ვარსკვლავი ჯონა ლომუ, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა.

კიჩ კრისტის მიერ ჩამოყალიბებულმა სამწვრთნელო შტაბმა ეს შეძლო. მათ უპრობლემოდ გააღწიეს ჯგუფიდან, ხოლო ფინალურ დაპირისპირებაში შეძლეს ჯონა ლომუს თამაშიდან გათიშვა. არჩეულმა ტაქტიკამ აბსოლუტურად გაამართლა და ჯოელ სტრანსკის არეკნით სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს თასი მოიგო.

1996 წელს კრისტის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რის გამოც იგი ჩამოშორდა სამწვრთნელო საქმიანობას, ორი წლის შემდეგ კი გარდაიცვალა. 2011 წელს რაგბის საერთაშორისო საბჭომ იგი დიდების დარბაზში შეიყვანა.

Sportall.Geსერ იან მაკგიჰანი
(შოტლანდია)
იან მაკგიჰანს საკმაოდ წარმატებული მორაგბის კარიერა ჰქონდა, თუმცა 33 წლის ასაკში მძიმე ტრავმა მიიღო და დაასრულა კარიერა, რის შემდეგაც იგი ხუთი წლის განმავლობაში სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. ყოფილ მორაგბეს გულმა მალევე გაუწია საყვარელი სპორტის სახეობისკენ და სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი.

1987 წელს იგი შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, სადაც მან ისე კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები, რომ შემდეგ წელს "ბრიტანელი ლომების" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ევროპელებმა ავსტრალიური ტურნე გამარჯვებით დაასრულეს - 2:1.

1990 წელს მაკგიჰანი შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და "სკოტებმა" დიდი სლემით მოიგეს ხუთი ერის გათამაშება. მომდევნო წელს გამართულ მსოფლიოს თასზე კი "ნარშავებმა" ნახევარფინალურ სტადიას მიაღწიეს.

1993 წელს იანი მეორედ გაუძღვა "ბრიტანელ ლომებს" სამხრეთ ნახევარსფეროსკენ, ამჯერად ახალ ზელანდიაში. თუმცა მის მიერ გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა "ოლ ბლექსთან" სერიაში - 1:2. ოთხი წლის შემდეგ "ბრიტანელმა ლომებმა" სამხრეთ აფრიკის ძლევით კვლავ გამოასწორეს სიტუაცია. იან მაკგიჰანი კი გახდა ერთადერთი მწვრთნელი რაგბის ისტორიაში, რომელმაც "ბრიტანელი ლომების" სამ ლაშქრობას უთავკაცა.

იანის მონაგარი საკლუბო რაგბიშიც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება: 2006-08 წლებში მან "ლონდონ ვოსფსთან" ერთად მოიგო ანგლოსაქსური თასი (2006 წ), ჰაინეკენის თასი (2007 წ) და ინგლისის პრემიერშიპი (2008 წ).

კლაივ ვუდვორდის დარად, იან მაკგიჰანსაც რაინდის ტიტული მიენიჭა და სერის წოდებას ატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული