ოსტატი და შეგირდი: კლაივ ვუდვორდი და ჯონი ვილკინსონი

AutoSharing Option
ჯონათან პიტერ ვილკინსონი - ასე ჟღერს ერთი ინგლისელი, უჩვეულოდ თავმდაბალი მორაგბის სრული სახელი და გვარი, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო რაგბის ყველა დროის საუკეთესო მგეზავია.

ინგლისის ნაკრებმა სწორედ "ვილკოს" წინამძღოლობით შეძლო თავის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატების მიღწევა. 2003 წელს ავსტრალიაში გამართული მსოფლიო თასის ფინალში "პომების" მგეზავმა უკანასკნელ წუთზე ჩვეული ოსტატობით დაჰკრა არეკნი. შედეგად, ინგლისის ნაკრები პირველი ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც "ვებ ელისის"თასი აღმართა.

ვილკინსონი მსოფლიო რაგბის ისტორიაში მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და არა მარტო - როგორც მოთამაშე. მისი პიროვნული
თვისებები, შინაგანი კულტურა და ინტელექტი ყველასთვის სამაგალითოა. ის ერთადერთი სპორტსმენია მსოფლიოში, რომელმაც სამი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა და, ბოლო ინფორმაციით, ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

სიდნეიში გამართული იმ ლეგენდარული მატჩის შემდეგ ათ წელიწადზე ოდნავ მეტი გავიდა. "პომების" მაშინდელი თავკაცი სერ კლაივ ვუდვორდი თავის შეგირდს შეხვდა და მათ შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა, რომელიც Dailymail-მა გამოაქვეყნა.

ვუდვორდი: - ჯონი, ათი წელიწადი გავიდა იმ ფინალური მატჩის შემდეგ. თუმცა ჩვენი გზა ამ ტრიუმფისკენ 6 წლით ადრე დაიწყო. შენ არ იცი, რომ 1997 წელს, როცა ბიშემის სააბატოს გუნდში თამაშობდი, ინგლისის სასკოლო ჩემპიონატის ფინალის სანახავად სპეციალურად ჩამოვედი. მაშინ ინგლისის ნაკრებში ახალი დანიშნული ვიყავი. შენ იმ მატჩში შესანიშნავად ითამაშე.

Sportall.Ge

ვილკინსონი: - მართლა? ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ მატჩს ინგლისის ნაკრების ახალი მწვრთნელი დაესწრებოდა.

ვუდვორდი: - ამის შესახებ არავინ იცოდა. მთავარი ისაა, რომ ექვსი თვის შემდეგ, როცა უკვე 18 წლის იყავი, ნაკრებში მიგიწვიე. ექვსი წლის შემდეგ კი შენ მიერ გატანილი არეკნით მსოფლიოს თასი მოვიგეთ.

ვილკინსონი: - თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან უზარმაზარი შრომაა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს გვერდით კარიერის ყველა ეტაპზე ზუსტად ის ადამიანები იდგნენ, რომლებიც თავიანთი რჩევებით სწორ მიმართულებას მაძლევდნენ.

ვუდვორდი: - ძალიან მაინტერესებს, რა გრძნობა დაგეუფლა, როცა ინგლისის ეროვნული ნაკრების გასახდელში პირველად შედგი ფეხი?

ვილკინსონი: - ეს არასდროს დამავიწყდება. გასახდელში რომ შევედი, პირველი, რაც დავინახე, გუნდის კაპიტნის, მარტინ ჯონსონის მოღუშული სახე იყო და ვიფიქრე, რომ ნაკრების მოთამაშეები ვერ მიტანდნენ. მაგრამ მერე, ექვსი წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს თასი მოვიგეთ, "ჯონოს" (მარტინ ჯონსონის მეტსახელი - ავტ) სახეზე ზუსტად ისეთივე განწყობა შევნიშნე, როცა ის პირველად ვნახე. მახსოვს, გუნდის შემადგენლობაში 1998 წელს ხუთი ერის გათამაშებაში შემიყვანე. უელსთან პირველ მატჩში ბიჭებმა ბრწყინვალედ ითამაშეს და მეგონა, რომ მათ მე არაფერში ვჭირდებოდი. გუნდმა შესანიშნავად ითამაშა მომდევნო მატჩშიც, ირლანდიასთან, და იგივე შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ... უეცრად დამიძახეს - ჯონი, დაბრუნდით სათადარიგო სკამთან, თქვენ საჭირო ხართ! ძალიან გამიხარდა, რომ თამაშის საშუალება ასე მალე მომეცა. ქურთუკი გულის ფანცქალით გავიხადე და გვერდით ხაზთან 5 წუთი ვიდექი. ეს ყველაზე მტანჯველი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში.

ვუდვორდი: - მახსოვს, მაგ თამაშამდე ერთი კვირით ადრე გუნდის კრებაზე უკან იჯექი და ხმას არ იღებდი. საკმაოდ უკმეხად მოგმართე. ნაკრებს მგეზავი სჭირდება და არა მარბიელი. იმის ნაცვლად, რომ თამაში წაგეყვანა, შენ ხშირად თვითონ მიდიოდი გარღვევაზე. მე კი ამას არ ვითხოვდი. გუნდში ძალიან დიდი ჯგუფი იყო მაღალი დონის მოთამაშეებისა, რომლებიც თავის საქმეს შესანიშნავად ართმევდნენ თავს, შენ კი რაღაც ახალის გამოგონება გინდოდა.

ვილკინსონი: - დიახ, ასე ყო. მე არ მქონდა ჩემი მოსაზრებების ჩამოყალიბებული სისტემა. პირველი, რაც შენს მუშაობაში დავინახე, იყო პრინციპი: ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ავსტრალიაში მიღწეული გამარჯვების მიზეზი სწორედ ამ კულტურის შექმნა იყო. ნაკრებში ყველაფერი კეთდებოდა საიმისოდ, რათა ყველა ტექნიკური ხერხი და ტაქტიკური მონახაზი ინსტინქტების დონეზე განვითარებულიყო. ეს შევძელით და შედეგმაც არ დააყოვნა.

Sportall.Ge

ვუდვორდი: - ჩემი გეგმა მაშინ ასეთი იყო - ყველა მორაგბე თავის პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა ყოფილიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდებოდა ინგლისის ნაკრები დიდი გუნდი. სწორედ ამიტომ შემოვიღე მწვრთნელების პოსტი თითქმის ყველა პოზიციისთვის, ყველა ელემენტის დახვეწისთვის. და ამან შედეგი გამოიღო.

ვილკინსონი: - აბსოლუტურად გეთანხმები. ყველაზე დიდი მიღწევა კი მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის ურთიერთობის ოქროს შუალედის პოვნა იყო.

ვუდვორდი: - არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ ინგლისის ყველა ფორმაციის ნაკრებს ყოველთვის 2003 წლისას ვადარებ. მაშინ გასაოცარი მგეზავი და შუამარბები გვყავდა. შენ მაიკ ქეთთან და ვილ გრინვუდთან ერთად თამაშობდი, რომლებიც მატჩისას შესანიშნავად აზროვნებდნენ და სულ ლაპარაკობდნენ, რაც თამაშის წარმართვას გიადვილებდა.

ვილკინსონი: - ნამდვილად, ქეთი და გრინვუდი კარგი მოლაპარაკეები არიან. ახლა აქ რომ იყვნენ, სიტყვას ვერსად ჩავაკვეხებდით. ყოველთვის ვბრაზობდი, როცა პრესა და ტელევიზია მაქებდნენ. თავი თაღლითი მეგონა. სულ ვფიქრობდი - თქვენ რა, მაშაყირებთ?! მე გენიოსი არ ვარ, უბრალოდ, მესმის, რომ თამაშისას ვიღაც ბურთის გადაცემას მთხოვს და მეც ვაწვდი. საუკეთესო მატჩს მაშინ ვატარებდი, როცა მთელი 80 წუთის განმავლობაში ვინმე "ყურში მეჯდა" და მკარნახობდა, რა მექნა.

ვუდვორდი: - კარგად მახსოვს ფინალის დღე. ძალიან ადრე, დილის ექვსის ნახევარზე გამეღვიძა. რა უნდა მექნა? სასტუმროდან გამოვედი და პლაჟისკენ გავემართე. კიდევ კარგი, ჩვენს ქომაგებს ჯერ კიდევ ეძინათ.

ვილკინსონი: - შემიძლია ყველაფერი დეტალებში გავიხსენო. მახსოვს გზა სასტუმროდან სტადიონამდე. გადაჭედილი ტრიბუნების ღრიალის ხმა ახლაც ჩამესმის ყურში. იქაურობის სურნელიც კი მახსოვს. თამაში ექვსი წუთის დაწყებული იყო, ლოტე თუქირიმ ლელო რომ გაგვიტანა. მაყურებელთა უმრავლესობა ჩვენს წინააღმდეგ იყო და ორ ქულაზე მეტით დაწინაურებას ვერ ვახერხებდით.

ვუდვორდი: - შესვენებაზე გასახდელში სიმშვიდე იყო. "ჯონო" სიტყვას წარმოთქვამდა. ვიცოდი, რომ ყველაფერს სწორად იტყოდა. ერთადერთი, რაც მოვიმოქმედე, ის იყო, რომ მოედნისკენ მიმავალს წამოგეწიე და გითხარი - ამ თამაშის მოგება თუ გინდა, ბურთი მეტოქის მოედნისკენ ურტყი. ავსტრალიელები თავიანთ ნახევარზე უნდა გამოვკეტოთ. სხვაგვარად არაფერი გამოვა.

Sportall.Ge

ვილკინსონი: - თამაში მთავრდებოდა. არბიტრმა ორი წუთი დაამატა და მეტოქის მოედნის ნახევარზე ბურთს ვაკონტროლებდით. არავის უთქვამს, რა უნდა გვექნა. ყველამ ინსტინქტურად ერთი მიზნისთვის დავიწყეთ მოქმედება. ძალიან ვღელავდი. მანამდე ხომ რამდენიმე არეკნი გამიცუდდა და ახლაც რომ ვერ გამეტანა, მარცხის მთელი სიმძიმე მე დამაწვებოდა მხრებზე. მაგრამ... საბედნიეროდ, ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც 6 წლის განმავლობაში გვასწავლიდი. არ შემიძლია, ემოციის გარეშე გავიხსენო ის წუთები. როცა ვიხსენებ ფინალური მატჩის ბოლო წუთების მოვლენებს, ყველაფერს ხელახლა განვიცდი ხოლმე.

ვუდვორდი: - ზეიმი დიდხანს გაგრძელდა. გასახდელის კარი ღია დავტოვეთ. შემოსვლა ყველას შეეძლო. ავსტრალიელები მარცხის გამო ძალიან დაითრგუნენ, მაგრამ კაცურად მოგვილოცეს, ძალიან კეთილშობილურად მოიქცნენ. ცალკე ისტორიაა გზა ავსტრალიიდან ინგლისამდე. თვითმფრინავში ქომაგები დაგვემგზავრნენ და ღრეობა ცაში გაგრძელდა. გახსოვს ის დღე, ლონდონში რომ ჩავფრინდით? "ჰითროუს" აეროპორტში აურაცხელი ქომაგი დაგვხვდა. ერთმანეთს რომ ვემშვიდობებოდით, გკითხე - სად აპირებ წასვლას-მეთქი? მიპასუხე - ტაქსი უნდა ავიყვანო, რათა ნიუკასლში გავემგზავროო. იმ დროს "იაგუარი" იყო ჩემი სპონსორი და მანქანა მემსახურებოდა. მძღოლს ვუთხარი - სახლამდე თვითონ მივალ, შენ ჯონი წაიყვანე ნიუკასლში-მეთქი. იქ რომ ჩახვედი, ადგილობრივ სუპერმარკეტში შესულხარ, რითიც დიდი არეულობა გამოგიწვევია.

ვილკინსონი: - ახლა რომ ვუკვირდები, ყველაფერი თავიდან რომ განმეორდეს, ისევ იდენტურად მოვიქცეოდი. ფინალის იმ საღამომ თითქოს ყველაფერი შეცვალა. ცხოვრება უბრალო აღარ იყო. მე პოპულარობის ავადმყოფური შიში მაქვს. ასეთ დროს თავს კარგად არ ვგრძნობ. თითქოს, ჩემს შინაგან სამყაროში მთელი კაცობრიობა იჭრება. ეს ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნის.

ვუდვორდი: - შენს ოფიციალურ ვებგვერდზე გაკვრით ახსენებ, რომ მსოფლიოს თასის მფლობელი ხარ. ეს შეგნებულად გაქვს გაკეთებული?

ვილკინსონი: - დიდხანს ზეიმი არ მიყვარს. ყველაფერი ვიღონე, რათა ეს წარმატება წარსულში დარჩენილიყო და წინსვლა განმეგრძო. მიღწეულზე გაჩერება არაფრით შეიძლებოდა. მსოფლიოს თასის ფინალის შემდეგ "ნიუკასლის" შემადგენლობაში "ნორსჰემპტონს" ვეთამაშე. თითქოს შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ დავშავდი და შემდეგი ათი თვე მკურნალობას მოვუნდი. ამან ძალიან დამაბნია და ცხოვრება ამირია.

ვუდვორდი: - დაიბენი? არადა, შენი ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ წარუმატებლობას იოლად უმკლავდები და მუდმივად პოულობ ძალას იმისთვის, რომ წაქცეული მალევე დადგე ფეხზე.

ვილკინსონი: - სანამ ინგლისის ნაკრებში დავბრუნდებოდი, 14-ჯერ დავშავდი. მთლიანად გამიცდა 2004, 2005 და 2006 წლების სეზონი. 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაში შედგა ჩემი დაბრუნება. ამის მერე კიდევ ორი წელიწადი არ მითამაშია. საშინელი დეპრესია მქონდა.

ვუდვორდი: - ბოლოს ნაკრებში 2011 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშე. გარედან ისე ჩანდა, რომ შესანიშნავი გუნდი გვყავდა, მაღალი დონის მოთამაშეებით დაკომპლექტებული. რა მოხდა, რატომ ვერ შეძლო ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პოტენციალის გამოვლენა?

ვილკინსონი: - ნებისმიერ გუნდში აუცილებელია, ურთიერთგაგება სუფევდეს. 2003 წელს ეს ასეც იყო. შესანიშნავი, მეგობრული გუნდი გვყავდა, რომელიც ერთი მიზნისკენ საბრძოლველად იყო შემართული. ამას ვერაფრით ვიტყვი 2011 წლის ინგლისის ნაკრებზე. გუნდში ისეთ მორაგბეებთან ერთად მომიწია ასპარეზობამ, რომელთაც ჩემი თამაში ნანახი არც კი ჰქონდათ, რადგან ტრავმის გამო ბევრი გამიცდა. ბიჭებმა არ იცოდნენ, ერთმანეთთან როგორ ელაპარაკათ. ჩემზე კი ამბობდნენ - ნამდვილია, ეს ბიჭი 2003 წელს თამაშობდა, ჩვენ მას პატივს ვცემთ, მაგრამ მას არასდროს შევხვედრივართო. ცხადია, მათ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, სჯეროდათ თუ არა ჩემი.

ვუდვორდი: - შენ ყოველთვის დოგმატური და მკაცრი იყავი. ეს შენი სიძლიერე იყო...

ვილკინსონი: - მაგრამ ახალ ზელანდიაში ამან ვერ მიშველა. ჩემი თანაგუნდელები ამბობდნენ, რომ მათ ხასიათს ვუფუჭებ. მინდოდა, მაგალითი მიმეცა მათთვის. დილის შვიდ საათზე ვდგებოდი და კარში დარტყმაზე ვარჯიშს ვიწყებდი, მაგრამ ამანაც არ გაჭრა. აღარ ვიცოდი, რა მომეფიქრებინა. ნაკრებში არაჯანსაღი ატმოსფერო სუფევდა. რამდენჯერმე სკანდალშიც გავეხვიეთ და ყველაფერი ლოგიკურად, ანუ ცუდად დასრულდა.

ვუდვორდი: - ბოლო შეკითხვა. რომელია ყველაზე ფასეული გაკვეთილი, რაც კარიერის განმავლობაში მიიღე?

ვილკინსონი: - გაკვეთილი, ცხადია, ბევრი მივიღე, მაგრამ ყველაზე მთავარია, როცა დაეცემი, არ დანებდე და ყველანაირად ეცადო ფეხზე დადგე, სვლა განაგრძო. წარმატება მხოლოდ ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული