კაცი, რომლისაც ნელსონ მანდელას ყველაზე მეტად ეშინოდა

AutoSharing Option
დოსიე
ჯონა ტალი ლომუ
დაიბადა: 12.05.75
სიმაღლე: 196 სმ
წონა: 120 კგ
პოზიცია: გარემარბი
კლუბები: ბლუზი, ჩიფსი, ჰარიკენზი, მანუკაუ, ველინგტონი, ნორს ჰარბორი, კარდიფ ბლუზი, მარსელი.
მოიხვეჭა: 63 კეპი
დააგროვა: 185 ქულა (37 ლელო)
მსოფლიოს ჩემპიონი: შვიდკაცა რაგბი
რეკორდი: 15 ლელო მსოფლიოს თასებზე


მსოფლიოს რაგბის ვარსკვლავი ჯონა ტალი ლომუ 1975 წელს ახალი ზელანდიის ყველაზე დიდ ქალაქ ოკლენდში დაიბადა. ის პირველი მორაგბეა, რომელიც რეალურად გახდა მსოფლიოს მასშტაბის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი გამოჩენით რაგბის თამაშმა სახე იცვალა, უფრო ათლეტური
და სწრაფი გახდა.

Sportall.Ge

მისი სანაკრებო კარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო, როცა 1993 წელს ახალი ზელანდიის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს. ერთი წლის შემდეგ კი ჯონა ლომუ ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე გახდა, ვინც "ოლ ბლექსის" კვართი მოირგო. ის მაშინ 19 წლისა და 45 დღის გახლდათ. ახალი ზელანდიის ნაკრები ორჯერ ეთამაშა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს და ორჯერვე დამარცხდა. ლომუ დიდად გამოირჩეოდა...

მიუხედავად იმისა, რომ ჯონას აქტივში სულ რაღაც 2 კეპი იყო, ის მაინც მიიწვიეს "ოლ ბლექსში", 1995 წელს სამხრეთ აფრიკაში გასამართავ მსოფლიოს თასზე. ლომუმ მსოფლიოს სარაგბო საზოგადოება შოკში ჩააგდო. ასეთი რამ იქამდე არავის არსად ენახა - ხუთ მატჩში 7(!) ლელო გაიტანა, აქედან 4 - ინგლისის ნაკრებთან ნახევარფინალურ მატჩში.

ჯონა ლომუმ პირველი მატჩი მსოფლიოს თასზე ირლანდიის ნაკრებთან გამართა და 2 ლელო გაიტანა. მერე, უელსთან, ის რატომღაც შეცვალეს და მოედანი ლელოს გარეშე დატოვა. იაპონიასთან ჯგუფური ტურნირის ბოლო მატჩში ჯონა საერთოდ სკამზე დასვეს.

სამაგიეროდ, ლომუმ სათანადოდ გაიბრწყინა მომდევნო ორ შეხვედრაში. მეოთხედფინალში "ოლ ბლექსმა" შოტლანდიის ნაკრებს სძლია და მსოფლიოს რაგბის ამომავალმა ვარსკვლავმა ერთი ლელო მიითვალა. ინგლისის ნაკრებთან გამართული ნახევარფინალური მატჩი კი ჯონას ბენეფისად იქცა - როგორც ვთქვით, ამ შეხვედრაში 4 ლელო დადო. თუმცა რაგბის ქომაგებს უფრო მეტად ის მომენტი ახსოვთ, ერთ-ერთი ლელოს გატანისას როგორ გადათელა ინგლისელთა "ფულბეკი" მაიკ ქეთი.

ამ მომენტის ამსახველი ფოტო დიდხანს ტრიალებდა იმდროინდელ პრესაში და ახლაც ერთ-ერთი პოპულარული ეპიზოდია მსოფლიოს რაგბის ცხოვრებიდან.

Sportall.Ge

ამ შეხვედრის შემდეგ უილ კარლინგმა თქვა: "ის ნამდვილი მონსტრია. რაც უფრო სწრაფად გარბის, მით უფრო საშიშია. როგორი წარმოსადგენია შენს ცხვირწინ აღმართული 120-კილოგრამიანი მასა, რომელიც ელვის სისწრაფით მიჰქრის. თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე გადაგთელავს".

მიუხედავად დიდი მასისა, ლომუ მეტოქის ჩათვლის მოედანში, მეტწილად, მაღალი სისწრაფის ხარჯზე აღწევდა. თავად განსაჯეთ - ის 100 მეტრს 10,89 წამში ფარავდა. შედარებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი საბჭოთა ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინი, რომელიც ფეხბურთელობამდე მძლეოსნობით იყო გატაცებული, იმავე დისტანციას 11 წამში გარბოდა.

ინგლისთან გამარჯვების შემდეგ, ჯონა ლომუ 1995 წლის მსოფლიოს თასის ეპიკური ფინალის მონაწილე გახდა. თამაშის დაწყების წინ ორივე გუნდს სამხრეთ აფრიკის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა მიესალმა. ყველა მოთამაშეს სათითაოდ ჩამოართვა ხელი და როცა ლომუს მიუახლოვდა, უთხრა: "ყმაწვილო, ყველაზე მეტად შენი მეშინია".

ჯონა მართლაც ყველასთვის საშიში მორაგბე იყო. თუმცა სამხრეთაფრიკელებმა იმ მატჩში მისი განეიტრალება შეძლეს. ლომუს მხოლოდ ერთხელ მიეცა ლელოს გატანის შანსი, მაგრამ ბოლო მომენტში "ბოკეს" ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ იუსტ ვან დერ ვესტჰოიზენმა შეაჩერა. სამხრეთაფრიკელებმა მატჩი დამატებით დროში მოიგეს და ჯონა "ვებ ელისის თასის" გარეშე დარჩა.

მოგვიანებით, 2003 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში ჯონამ აღიარა, რომ უკვე 1995 წელს ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა. თირკმელების ტკივილის გამო, მსოფლიოს თასის მსვლელობისას, მატჩებს შორის, საწოლს იყო ხოლმე მიჯაჭვული. ახალი ზელანდიის ნაკრების მაშინდელმა ექიმმა ჯონ მეიხიუმ გადაწყვიტა, ეს ამბავი საიდუმლოდ შეენახა და ჯონას ავადმყოფობის შესახებ მისი კარიერის განმავლობაში ფართო მასებისთვის ცნობილი არაფერი იყო.

Sportall.Ge

1996 წელს პირველად გაიმართა "სამი ერის" გათამაშება, რომელიც პროფესიული რაგბის ეპოქის დაწყებას ნიშნავდა. ცნობილმა მედია-მაგნატმა რუპერეტ მერდოკმა გადაწყვიტა, რაგბიში ინვესტიციის ჩადება და "სამი ერიც" სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა.

ასე გაჩნდა პირველი დიდი ფული ოვალურ სამყაროში. იმ წელიწადს "ოლ ბლექსმა" შესანიშნავად ითამაშა და ტურნირი მოიგო კიდეც. წლის ბოლოს კი ჯონას საბოლოოდ დაუსვეს საშინელი დიაგნოზი და 1997 წლის "სამი ერის" გათამაშებაში აღარ უთამაშია.

საერთაშოისო არენაზე ის 1999 წელს დაბრუნდა. რამდენიმე ტესტ-მატჩში ბრწყინვალედაც ითამაშა და რა გასაკვირია, რომ იმავე წელიწადს დიდ ბრიტანეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ახალი ზელანდიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. მსოფლიოს რაგბის ამ უდიდეს ფორუმზე ლომუმ 8 ლელო გაიტანა, თუმცა მისმა გუნდმა ნახევარფინალში საფრანგეთის შესანიშნავ ნაკრებთან 31:43 წააგო და ფინალის მიღმა დარჩა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სულ უფრო უარესდებოდა. მომდევნო 3 წელიწადი მან უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე გაძლო. ეროვნულ ნაკრებშიც რეგულარულად თამაშობდა. 2001 წელს კი, ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად, შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, სადაც ერთ-ერთ შეხვედრაში ფეხი მოიტეხა. ეროვნულ გუნდში ლომუმ ბოლო შეხვედრა 2002 წელს, უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

Sportall.Ge

ამის შემდეგ ჯონა მწვანე მინდორზე დიდხანს არ გამოჩენილა. მას თირკმელი გადაუნერგეს. როცა მომჯობინდა და სათამაშოდ მზად იყო, ევროპას მოაშურა. ჯერ უელსურ "კარდიფში" ჩაირიცხა, მერე კი ძალები საფრანგეთში, ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "მარსელში" სცადა, სადაც საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ გია ლაბაძესთან ერთად თამაშობდა.

საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ რაგბიში მისი დაბრუნება ვერ შედგა - ისევ ჯანმრთელობამ უმტყუნა და ამჟამად სიდნეის ჰოსპიტალში მკურნალობს. მიუხედავად ამისა, სარაგბო თემი მას არ ივიწყებს და ახლახან, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის, შვიდკაცა რაგბის პოპულარიზაციაში წვლილის შეტანა სთხოვეს. ის მომდევნო თვეში, ველინგტონში გასამართავი შვიდკაცას მსოფლიოს სერიის მორიგ ეტაპზე ოლიმპიური თამაშების ელჩის როლში მოგვევლინება.


"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ამ ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე. ველინგტონი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქია და ჩემთვის იქ გამართული შეჯიბრება ყველაზე შთამბეჭდავია მთელ მსოფლიოში", - თქვა ლეგენდარულმა მორაგბემ.

Sportall.Ge

ჯონა ლომუ ახლა 38 წლისაა და წესით, ახლაც დიდების მწვერვალზე უნდა იყოს. თუმცა, იმ მოკლე ხანში, რაც სარაგბო მოედნებზე მეტოქეებს შიშის ზარს სცემდა, მაინც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიოს რაგბის ისტორიაში. 2011 წელს ის IღB-ის "დიდების დარბაზში" შეიყვანეს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო WEEK"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი სტატიაა პროფესიანალურად დაწერილი და კარგი წასაკითხი
გიო
14:58 16-02-2014
0

სიახლეები პოპულარული