31 წლის ვილკინსონი "ტულონში" 2009 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ფილიპ სენ-ანდრეს რაზმს მალე შეეწყო. დღესდღეობით "ვილკო" ჩემპიონატში საუკეთესო მექულეა(169 ).
"თავისი მაგიური ფეხის გამო ის "ტულონისთვის" შეუცვლელი მორაგბეა. შესანიშნავად მართავს თამაშს, ერთნაირად ძლიერია შეტევის ორგანიზებასა და დაცვაში თამაშისას. ვფიქრობ, მასთან ერთად "ტულონს" ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობა შეუძლია" - თქვა "ტულონის" პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა.
"პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა, რომელთან ერთადაც 2003 წელს მსოფლიო თასი მოიპოვა, "ვილკო" სათადარიგოთა შორის გაამწესა. ჯონსონმა ნაკრების მთავარ მგეზავად ლესტერელი ტობი ფლუდი აირჩია.
ცხადია, თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი, ვილკინსონი 2011 წლის მსოფლიო თასზე აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ამის შემდეგ მის სანაკრებო კარიერას საკმაოდ სერიოზულ საფრთხე ემუქრება. ინგლისის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ინგლისის ნაკრებში ის მორაგბეები მიიწვიოს, ვინც ამ ქვეყნის კლუბებში ასპარეზობს.
ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, 2015 წლის მსოფლიო თასისთვის, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს, "პომების" სათანადოდ მომზადებას. ინგლისელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი "ვებ ელისის" თასი სამშობლოდან არავის გაატანონ.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვინაიდან ინგლისური რაგბის მამები გამონაკლისის დაშვებას არავისთვის აპირებენ, ვილკინსონი ეროვნულ გუნდს უნდა გამოეთხოვოს.
თუმცა თავად ვილკინსონი ინგლისის რაგბის კავშირის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულია:
"გაუგებარია, იმისგან, რომ "ტულონში" თამაში მინდა, პრობლემას რატომ ჰქმნიან. ნაკრებში ასპარეზობა ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. თანაც, კლუბის ხელმძღვანელებს არასდროს უთქვამთ ნაკრებში სათამაშოდ არ წახვიდეო, არც მომავალში მეტყვიან და ყოველთვის მზად ვარ ინგლისის ნაკრების კვართი მოვირგო" - თქვა ვილკინსონმა.
"ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა ამას წინათ დაიქადნა, ყველაფერს ვიღონებ, "ვილკო" გუნდში რომ დარჩესო და შეასრულა კიდეც. ახლა რიგში კიდევ რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მათ შორისაა აფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბურჯელალი " გულივერას" გადაბირებას.