მსოფლიოს რაგბის ამომავალი ვარსკვლავები

AutoSharing Option
მათი თამაშის ხილვისას შეიძლება წარმოიდგინო, როგორი იქნება რაგბი უახლოეს მომავალში. ახალი თაობა ნელ-ნელა იკავებს ადგილს ძლიერთა ამა ქვეყნისათა შორის. ახალგაზრდა მორაგბეები უხვად ვნახეთ, როგორც სამი ერის, ისე ექვსი ერისა თუ სხვადასხვა საკლუბო ტურნირების მატჩებში. მაყურებლები და რაგბის სპეციალისტები გაკვირვებით კითხულობდნენ - ვინ არის ის?

გთავაზობთ, მსოფლიოს ახლაგაზრდული სიმბოლური ნაკრების პლანეტრაგბისეულ ვერსიას.

15. ტიმ ნანაი-ვილიამსი (ახალი ზელანდია)
ამ ფულბეკმა უდიდესი შემტევი პოტენციალით დაგვამახსოვრა თავი ზე 14-ის გათამაშებაში. ის ძლიერ ფეხებზე დგას და საკმაოდ სწრაფია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ოლ ბლექსის" ფულბეკ
მალილი მულიანიას შესანიშნავი მემკვიდრე ეზრდება.

14. როდ დევისი (ავსტრალია)
ის მეტოქეებისთვის ერთი დიდი თავსატეხია. ზე 14-ის გათამაშებაში, ბრისბენის "რედსთან" თამაშისას მთავარი პრობლემა ყველასთვის მოუხელთებელი დევისის შეჩერება იყო. ყოფილმა სპრინტერმა სათამაშო ტექნიკა დახვეწა, რისთვისაც დასაჩუქრდა კიდეც. რობი დინსმა ის "ვოლაბების" შემადგენლობაში იხმო და ევროპულ ტურნეში იახლა.

13. სონი ბილ ვილიამსი (ახალი ზელანდია)
მასზე ბოლო ჟამს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. რა შეიძლება კიდევ დავამატოთ? ფრანგული "ტულონიდან" ახალ ზელანდიაში დაბრუნების შემდეგ, მან "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშა ITM-ის თასის გათამაშებაში. მერე, ნოემბრის ტესტებზე ეროვნულ ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა. ბრწყინვალედ გამოამჟღვანა თავისი შესაძლებლობები შოტლანდიასთან მატჩში. ერთი სიტყვით "ოლ ბლექსის" თავკაცი გრემ ჰენრი შუამარბის პოზიციაზე აღარ დარდობს.

12. ბილი ტველვეტრიზი (ინგლისი)
რიჩარდ კოკერლის გუნდი და ტრავმები განუყოფელნი არიან. თუმცა "ლესტერ ტაიგერზის" წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეები თითქმის სრულფასოვნად ცვლიან ძირითად მორაგბეებს. მათ შანსი ეძლევათ განვითარდნენ და ისინიც მას კარგად იყენებენ. ამის თვალსაჩინო დადასტურებაა შუამარბი ბილი ტველვეტრიზი.

11. ლუაზი მვოვო (სამხრეთ აფრიკა)
"ქარის თასის" წლევანდელ გათამაშებაში ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. მვოვომ 12 ლელო გაიტანა და რა გასაკვირია, გასაჭირში მყოფმა "ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა ნოემბრის ტესტებისას ევროპულ ტურნეში რომ იახლა. მვოვომ თავი იქაც გამოიჩინა. მას ინგლისის ნაკრებთან გატანილი ლელო არასდროს დაავიწყდება.

10. პატრიკ ლამბიე (სამხრეთ აფრიკა)
ის მვოვოს თანაკლუბელია. "ქარის თასის" ფინალში "ნატალ შარქსის" გამარჯვებაში ლამბიემ ლომის წილი შეიტანა. მან მატჩში 25 ქულას მოუყარა თავი და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

9. ბენ იანგზი (ინგლისი)

კარგად გვახსოვს, რომ ერთი წლის წინათ, ის "ლესტერ ტაიგერზის" მხოლოდ იმედისმომცემი "ბოკვერი" იყო. ერთ წელიწადში იანგზი ნამდვილ ვეფხვად გადაიქცა. ეროვნული ნაკრების ძირითადი მოთამაშე გახდა. ამაში, ცხდია, მას ხელი შეუწყო ჰარი ელისისა და ჟულიენ დიუპიუის ტრავმებმა. იანგზმა შანსი გამოიყენა და შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. არ გჯერათ? ჰკითხეთ ავსტრალიელებს.

8. ვილემ ალბერტსი (სამხრეთ აფრიკა)
ის "ნატალ შარქსის" მესამე მოთამაშეა, ვინც ამ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. იოჰანესბურგის "ლაიონზიდან" დურბანში გადაბარგება მის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯი გამოდგა. დე ფილიერსმა ის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვია და ნეომბრის ტესტებისას სათადარიგოთა სკამიდან შესანიშნავად ერთვებოდა თამაშში.

7. ენდი სოლა (ინგლისი)
დიახ, ის "სარასენზის" შემადგენლობაში მთელის სეზონის განმავლობაში გამორჩეული იყო. თუ ტრავმებმა არ შეაწუხა და განვითარება განაგრძო, სოლასთვს ინგლისის ნაკრების კარიც მალე გაიღება.

6. შონ ობრაიენი (ირლანდია)
ის წლეულს ირლანდიაში გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. "ლენსტერში" შეუჩერებელმა ობრაიენმა ეროვნულ ნაკრებში სრულად ვერ შეძლო თავისი პოტენციალის გამოვლენა. მის თამაშს რაღაც მარილი აკლდა, თუმცა ეს ისაა, რისი გამოსწორებაც რეალურად შეიძლება.

5. სემ ვაითლოქი (ახალი ზელანდია)
ის ფაქტი, რომ 22 წლის ასაკში მან "ოლ ბლექსის" ხუთნომრიანი კვართი მოირგო, თავისათვად ბევრის მეტყველია. ვაითლოქმა "კრუსეიდერზის" შემადგენლობაში ღია თამაშის ბრწყინვალე ცოდნა გამოავლინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას შეუძლია ბრედ თორნთან ერთად უძლიერესი დუეტი შექმნას.

4. ბრედლი დევისი (უელსი)
ის უელსის ნაკრებში კლდესავით იდგა. დევისს ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 2010 წელი მისთვის ტრაგიკულად დაიწყო. მან შეძლო დედის გარდაცვალების შემდეგ ემოციების დაძლევა და ეროვნულ გუნდში მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვა ადგილი.

3. ჯეიმზ სლიპერი (ავსტრალია)

ის უეცრად, საიდანღაც გაჩნდა. 21 წლის სლიპერს "ვოლაბების" თავკაცი რობი დინსი თამამად ენდო და ნაკრებში მიიწვია. ჯეიმზს თანაბრად ძლიერად შეუძლია შერკინებაში როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ბურჯის ფუნქციის შესრულება. სლიპერი ცდილობს იერარქიაში ბენ რობინსონს დაეწიოს.

2. ჰიკე ელიოტი (ახალი ზელანდია)
მას "ჩიფსის" შემადგენლობაში შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. თავისი თამაშით უმალ მიიპყრო "ოლ ბლექსის" ხელმძღვანელთა ყურადღება და გამორიცხული არაა, 2011 წლის მსოფლიოს თასზე ენდრიუ ჰორისა და კევინ მეალამუს დუბლიორად მოგვევლინოს.

1. კონი ოსტჰოიზენი (სამხრეთ აფრიკა)
ის ჯერ 21 წლისაა, თუმცა კოლეჯის მოსწავლემ უკვე მოასწრო "ბოკესთან" ერთად ევროპულ ტურნეში ყოფნა. მართალია, ნოემბრის ტესტებისას მას თამაში არ მოუწია, მაგრამ ეგ არაფერია. ოსტჰოიზენს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.



.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული