საფრანგეთის ნაკრები პირველად ეწვია დიდ ბრიტანეთს და ინგლისის ეროვნულ გუნდთან რიჩმონდში დიდი ანგარიშით წააგო - 13:41. ფრანგებისთვის ეს მატჩი შინ ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებებთან გამართული შეხვედრების შემდეგ მესამე ტესტი იყო. მატჩში, რომელსაც "ატლეტიკ გრაუნდზე" 6 ათასი მაყურებელი დაესწრო, თავი გამოიჩინა გარემარბმა დანიელ ლამბერტმა. მან სტუმრებს ხუთი ლელო გაუტანა.
1946 წელი
დაბომბვის შედეგად დაზიანებულ კარდიფის "არმს პარკის" სტადიონზე 30 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო უელსის ეროვნული გუნდისა და ახალი ზელანდიის არმიის ნაკრების შეხვედრას. "კივებმა" თამაში 11:3 მოიგეს. ანგარიში უელსელებმა
1952 წელი
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ევროპული ტურნეს ბოლო მატჩში, "თვიქნემზე" ინგლისის ეროვნულ გუნდს სძლია 8:3 და დიდი სლემი შეასრულა. "ბოკეს" იმ ხანად ლეგენდარული ცხრა ნომერი დენი კრევინი წვრთნიდა. სამხრეთაფრიკული რაგბი აღმავლობას განიცდიდა. ევროპაში გამომგზავრებამდე "ბოკემ" ზედიზედ ოთხჯერ მოუგო შინ ახალი ზელანდიის ნაკრებს.
"ბებერ კონტინენტზე" კი, კრევინის ბიჭებმა ჯერ შოტლანდიის ნაკრები გაანადგურეს "მერიფილდზე" - 44:0, მერე ბესი ფან ვიკის ორი ლელოს წყალობით ირლანდიას სძლიეს "ლენსდაუნ როუდზე" - 17:5, უელსის ეროვნულ გუნდთან კი მხოლოდ სამქულიან უპირატესობას დასჯერდნენ - 6:3.
1985 წელი
ამ დღეს ლეგენდარულ ინგლისელ მორაგბეს, რობ ენდრიუს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა. "პომებმა" "თვიქნემზე" რუმინეთის ნაკრებს უმასპინძლეს და 22:15 მოუგეს. ენდრიუმ მატჩში 18 ქულა მიითვალა. მან ინგლისის ნაკრებში 71 კეპი მოიხვეჭა და ხუთჯერ ითამაშა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში. რობ ენდრიუმ მსოფლიოს თასის სამ გათამაშებაში იასპარეზა. ის 1991 წლის მსოფლიოს თასის ფინალისტია. მერე საკმაოდ წარმატებით წვრთნიდა ინგლისურ "ნიუკასლს".
ამჟამად კი ინგლისის რაგბის კავშირში ელიტური რაგბის დირექტორია.
1997 წელი
"კარდიფ ბლუზის" მოთამაშე ჯონათან ჰემფრიზი პირველი მორაგბეა, რომელსაც "ჰეინეკენის" თასის" გათამაშების ერთ შეხვედრაში არბიტრმა ყვითელი ბარათი ორჯერ უჩვენა. კარდიფელები მაშინ ნახევარფინალში ფრანგულ "ბრივთან" დამარცხდნენ -13:26 .
2009 წელი
ლონდონის "ვოსფსის" მთავარი მწვრთნელი იან მაკგიჰენი კატეგორიულად არ დაეთანხმა ინგლსის ნაკრებში მოთამაშეთა გამოძახების ახალ სისტემას. ის ამტკიცებდა, რომ მორაგბეებს დასვენებისთვის მეტი დრო სჭირდებათ. მაგალითად კი, სრულიად გასავათებული და ძალაგამიცლილი "ვოსფსის" გარემარბი პოლ საკი მოიყვანა.
.